კომენტარი

TOA – დღე 2 – დემონები და ღმერთები

5 ივლისი, 2015 •
TOA – დღე 2 – დემონები და ღმერთები

მთელი ეს დრო კი წაიღო ჩემთვის, როგორც ტექსტის ავტორისთვის, ერთ სერიოზულ პრობლემაზე ფიქრმა: როგორ დავწერო რევიუ ისე, რომ სიტყვები, რომელიც წუხანდელი ღამის გახსენებისას თავში მიტრიალებს, სხვა, არაბანალური და არაპათეტიკური ჟღერადობის მქონე სიტყვებით ჩავანაცვლო? მაგალითად, არ დავწერო, რომ წუხანდელი ფესტივალი, თავისი ორი მთავარი ჰედლაინერით Soap & Skin-ით და Archive-თი, იყო გამაოგნებლად მაგარი, საოცარი, გნებავთ, გენიალური. როგორ ვთქვა არაპათეტიკურად, რომ ფესტივალზე მიღებულ სიამოვნებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ და რომ ფესტივალის მეორე დღის დასრულებიდან ნახევარი საათი უბრალოდ გათიშული დავეგდე მინდორზე?


ამიტომ, მოდით, სხვა მხატვრულ ხერხებს გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ წუხანდელი ფესტივალის ღამე – დემონებისა და ღმერთების ღამე იყო. ასე აჯობებს!


ოფენ ეარის პირველი დღე იმედგაცრუებულმა დავტოვე. არაფერი განსაკუთრებული: იგივე სცენა, იგივე განათება, იგივე ბენდები, იგივე უხარისხო საუნდი და.ა.შ. ამაზე ვრცლად უკვე ვისაუბრე გუშინდელ რევიუში. თუმცა გუშინვე ვთქვი, რომ ორგანიზატორების გამოცდილებისა და ლაინაფის წყალობით, იმედს ვიტოვებდი, ფესტივალი დღიდან-დღემდე გაუმჯობესდებოდა. არ ვიცი, პირველი დღის იმედგაცრუების ფონზე თუ რატომ, მაგრამ მეორე დღემ, ისევ ბანალურად რომ ვთქვათ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 


საფესტივალო ქალაქში გვიან საღამოს ავედი. წინა დღის რევიუს წერის გამო, სამწუხაროდ, ჩემი აზრით სოციალურად ყველაზე ადეკვატური და მნიშვნელოვანი ქართველი არტისტი – ეკო დეისაძე გამოვტოვე, მინდორზე შესულს მთავარ სცენაზე უკვე სხვა ბენდი დამხვდა: The Black Marrows – ცუდი ბენდი, რომელიც ძალიან დამღლიდა, ინსტრუმენტების ქაოტური ჟღრიალი მალე რომ არ დასრულებულიყო. შემდეგ იყო Gravity – საინტერესო პროექტი, რომელიც სხვა თუ არაფერი, ლუდზე ჩიფსებად მაინც გამოდგებოდა და ამის შემდეგ იყო ის, რაც იყო: უპრეტენზიო და მოკრძალებული, ცოტა მორცხვიც კი – Soap&Skin, რომელიც სცენაზე თეთრი კაბით, უვნებელი პეპელასავით ამოფრიალდა და ფორტეპიანოსთან დაჯდა. ვინც ანიას და ამ პროექტის შემოქმედებას არ იცნობდა, იფიქრებდა, რომანტიკული პოპ-პრინცესის ბალადებს დაუკრავსო, მაგრამ ხმის ამოღებისთანავე ჩვენს ყურებში ცხადზე- ცხადად გაისმა, რომ სცენაზე ფერიასავით ამოფარფატებული გოგოს სხეულში თითქოს რაღაც ძლიერი, საშიში მითიური პერსონაჟის სული ჩასახლებულიყო. 


კონცერტის მსვლელობისას ფორტეპიანო უფრო და უფრო მძიმდებოდა, მძიმდებოდა ხმაც. მძიმდებოდა და ძლიერდებოდა ზუსტად ისე, როგორც ჭექა-ქუხილის წინ იცის ხოლმე ცამ მოღუშვა და ქუჩებიდან და ფანჯრებიდან მომზირალი წერტილისხელა ადამიანების შეშინება. აღმოსავლურ მოტივებზე აწყობილი Mawal Jamar-ის დაწყებისთანავე ჩვენ წინაშე უკვე ნამდვილი მითოლოგიური პერსონაჟი იდგა, სიკვდილისა და სტიქიის ქალღმერთი – ერთდროულად ლამაზი და საშიში, მსუბუქი და დამანგრეველი, როგორც ყველაზე დაუმორჩილებელი დემონი. ასე გაგრძელდა კონცერტის დასრულებამდე, სცენაზე ამტყდარი ჭექა-ქუხილი ნელ-ნელა ჩადგა და პეპელასავითვე გაფარფატდა, პუბლიკა დაწყნარდა და მშვიდად დავუწყეთ ლოდინი დღის მთავარ ბენდს Archive.


არ ვიცი, იმიტომ, რომ საქართველოში ამ ტიპის ივენთები იშვიათად ტარდება თუ იმიტომ, რომ მართლა საოცარი ბენდია, ან იმიტომ, რომ ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ფაქტია, ახლა მომიწევს აღვწერო საუკეთესო ლაივ-კონცერტი, რასაც ოდესმე Tbilisi Open Air-ზე  დავსწრებივარ – Archive!


ფესტივალის ლაინაფის შემდგენმა, რომელიც, როგორც ჩანს, ორივე ბენდის მსმენელია, საუკეთესოდ გათვალა, რომ მითოლოგიური და დემონური Soap&Skin-ის შემდეგ, ვინ-ვინ და ყველაზე ემოციურად ამ ღამეს ფსიქოდელიურ სიზმარში წარმოდგენილი არსებები დაასრულებდნენ და ასეც იყო. ტრიპ-ჰოპის, პროგრესივ-როკისა და ფსიქოდელიის იშვიათად ზომიერმა და ეფექტურმა ნაზავმა, ასევე ზომიერი და ეფექტური ვიზუალით, ჯგუფ Archive-ს სახით, ფესტივალის მინდორზე შეკრებილ ათიათასობით მსმენელს ჩენი მუსიკალური ცხოვრების, პრინციპში, საუკეთესო დღე გვაჩუქა. ძველი და ახალი ალბომის სიმღერები ისე ებმოდა ერთმანეთს, 10-15 წუთიანი სიმღერები იმდენად დინამიკურად მიყვებოდა ერთმანეთს, რომ ერთადერთი ფრაზა, რაც კონცერტის მსვლელობისას მე, გინების (თუმცა, არა ბილწისტყვაობის) საშინლად მოძულე ადამიანს პირიდან აღმომხდა, იყო ფრაზა, რომელიც თავადაც არ ვიცი, საიდან მოვიდა: „დედასშევეცი, რა მაგარია!“ 


თითქმის ორსაათიანი გამოსვლა Archive-მა პირადად ჩემი ფავორიტით, Lights-ით დაასრულა. სხვას მართლა ვერაფერს მოვყვები და ავღწერ გარდა იმისა, რომ წუხანდელი ღამე ახლაც სიზმარივით მახსოვს, სადაც დემონები და ღმერთები, მითოსი და რეალობა სცენაზე ერთმანეთს ეჯახებოდა, აზანზარებდა ხმის აპარატურას, რომელზეც შესანიშნავი საუნდი იდგა და გვაზანზარებდა ჩვენც – ფსიქოდელიურ სიზმარში ჩაყვინთულ, წერტილისხელა არსებებს. ეს ზანზარი მაშინაც კი ფეხებსა და სხეულისა და გონების კუნთებში მომყვებოდა, როდესაც ემოციებისგან სრულიად დაცლილი, ნახევარი საათის განმავლობაში ლამის გაუნძრევლად ვეგდე მინდორში. 


ფესტივალის მეორე დღის დასრულების შემდეგ რამდენიმე მეგობარს გავესაუბრე, ვკითხე შთაბეჭდილებები, გადავამოწმე, ხომ არ ვაჭარბებ-მეთქი და აღმოჩნდა, რომ არა. ერთადერთი ფრაზა, რასაც Soap & Skin-ისა და Archive-სგან გაბრუებული ადამიანები ვიმეორებდით, გახლდათ, აი, ეს: „საუკეთესო, რაც აქამდე თბილისში მინახავს და მომისმენია“.


ჰო, სწორედ ეს ფრაზა აღწერს Tbilisi Open Air-ის წუხანდელ, მეორე ღამეს, ბანალურად, მაგრამ ყველაზე ზუსტად და მარტივად. 


Soap&Skin / Tbilisi Open Air 2015 / ავტორი დათო სიმონია
Soap&Skin / Tbilisi Open Air 2015 / ავტორი დათო სიმონია

Archive / Tbilisi Open Air 2015 / ავტორი Wer Michèlle
Archive / Tbilisi Open Air 2015 / ავტორი Wer Michèlle


გიორგი კიკონიშვილი / Wer Michèlle


მასალების გადაბეჭდვის წესი