კომენტარი

რატომ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას?

1 ივნისი, 2015 •
რატომ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას?

გაისმა ასეთი ფრაზაც – “ენჯეოების დიქტატი” (?!)

თუმცა ჩვენ მიმართ ზიზღი და ირაციონალური შიში მარტო იმ გადაცემაში გამოთქმული ზოგი მოსაზრებით როდი შემოიფარგლება, სხვაგანაც წამიკითხავს და მომისმენია, თუმცა ეგ იქით იყოს.

 

იმ გადაცემაში დავრწმუნდი, რომ ყველაზე რთულია, იკამათო მარტივ ჭეშმარიტებებზე (არადა ყველაზე ხშირად სწორედ ამაზე ვკამათობთ ხოლმე).

 

ჭეშმარიტება კი მართლაც მარტივია:

– შეუძლია თუ არა ხელისუფლებას იმუშაოს უფრო ეფექტურად, უფრო გონივრულად, უფრო კეთილსინდისიერად?

–  შეუძლია!

 

გარკვეულ სფეროებში რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ესეც ფაქტია, და არ უნდა გვქონდეს ამის არაღიარების კომპლექსი.

 

მაგრამ ახლა ვთქვათ, სად არ გვაქვს პროგრესი და რა “გვიჯდება” ჩვენ – მოქალაქეებს ხელისუფლების არაეფექტური ან არაგონივრული ან არაკეთილსინდისიერი მუშაობა?

 – სალომე ჯორბენაძეს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა;

–  სალომეს შვილს – ეს დედის სიცოცხლედ და პატიმარ მამად დაუჯდა, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, არავინ იცის;

– მოქალაქეს, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს და ეს ფაქტი არავინ გამოიძია – თავისუფლების ფასად დაუჯდა;

– კიდევ სხვა მოქალაქეს – საკუთარ სხეულზე და სულზე მიყენებული იარების ფასად დაუჯდა, იმ იარების, სამართლის ენაზე წამება რომ ჰქვია და იმპერატიულად რომ მოითხოვს, დამნაშავის დასჯას და მსხვერპლის რეაბილიტაციას;

– ასობით თუ ათასობით ბავშვს არა, ეს მუდმივ უკმარისობისა და არქონის მდგომარეობაში გატარებულ ბავშვობად უჯდება; დაბალხარისხიან განათლებად, შესაბამისად – დაბალანაზღაურებად სამსახურად და ცხოვრების მუდმივ სიღარიბეში და მენტალურ ტრავმებში გატარების პერსპექტივად უჯდება, რაც მერე ისევ საზოგადოებას უბრუნდება მძიმე ტვირთად;

– ათობით პატიმარს ეს თავისუფლების აღკვეთად და ოჯახთან განშორებით გატარებულ წლებად უჯდება, რადგან მათი განაჩენების (რომელთა კანონიერებასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები) გადახედვის მექანიზმი ჯერაც არ შექმნილა;

– უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელს ეს მუდმივ შიშსა და საკუთარი “მე” -ს მალვაში, და/ან ფიზიკური საფრთხის ქვეშ გატარებულ სიცოცხლედ უჯდება;

– პოლიციელს, რომელიც არ აღჭურვეს სათანადო უნარ-ჩვევებით, ან ინფორმაციით, კრიმინალთან ბრძოლის დროს გამოჩენილი სიმამაცე – სიცოცხლის ფასად დაუჯდა;

– მწვანე საფარის ხარჯზე ნებადართული მშენებლობები ჩვენ – არც მეტი, არც ნაკლები – სასუნთქ ჰაერად გვიჯდება;

– ათობით დასაქმებულ ადამიანს მუშაობა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ათასგვარ დამცირებად, ხოლო ამაზე ხმის ამოღება – ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროს დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს;

– ხაიშის თემს ეს შეიძლება გადაშენებად დაუჯდეს!

2014 წლის აგვისტოში, როდესაც მწვავე მოწამვლითი დიაგნოზით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოვხვდი და იქ გატარებული ორი დღის განმავლობაში მხოლოდ იმას ვნატრობდი, არსებული ანტისანიტარიისა და გაუსაძლისი სიცხის (და კოღოების შემოტევის) შედეგად რაიმე ახალი დაავადება არ შემყროდა, ძალიან ნათლად და ცხადად დავინახე, რომ ბიუჯეტის ყოველი თეთრი, რომელიც იხარჯება (ძველად თუ ახლა) არა საზოგადოების საჭიროებებზე, არამედ ამა ქვეყნის ძლიერთა სუბიექტური შეხედულებებისამებრ, ჩემი და ჩემნაირების – არც მეტი, არც ნაკლები – სიცოცხლეს უქმნიდა პირდაპირ საფრთხეს იმიტომ, რომ ეს ფული აკლდებოდა, მაგალითად, ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ისეთ დონეზე აყვანას, რომელიც მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს კი არ შეუქმნის, არამედ გარანტად დაუდგება.

 

რატომ უნდა განვახორციელოთ პროკურატურის რეფორმა არა ისე, როგორც ეს მთავრობის მიერ მოწონებულ კონცეფციაშია, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების, საერთაშორისო გამოცდილებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით?

  – იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ქვეყანა, სადაც კანონი იკანონებს;

– იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს დაუსჯელობის სინდრომი;

– იმიტომ, რომ მანამ, სანამ პრაქტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობა თეორიულ შანსს მაინც ტოვებს, რომ მთავარ პროკურორზე, მის გადაწყვეტილებებზე, და შესაბამისად – მთელ სისტემაზე, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ან რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა გავლენა მოახდინოს, ყველა, ვინც პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილოა, ობიექტურად ან სუბიექტურად, მაგრამ ისაუბრებს პოლიტიკის გავლენაზე მართლმსაჯულების პროცესში და ეს საქართველოს შიდა თუ საერთაშორისო იმიჯისათვის შეუქცევად დარტყმად გვიჯდება ჩვენ ყველას.

 

და ა.შ. და ა.შ.

 

ვიცი, რომ საქმის კეთება ძალიან რთულია, ათჯერ უფრო რთული, ვიდრე ამაზე საუბარი; ამიტომ მე, ერთი მოქალაქე, ხმასაც არ ამოვიღებდი იმ შემთხვევებზე, სადაც ვხედავ, რომ ხელისუფლება აკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს – კეთილსინდისიერად! მაგრამ იქ, სადაც ვხედავ, რომ კეთილსინდისიერების ადგილს იკავებს სიზარმაცე, სიხარბე, არაპროფესიონალიზმი, ქედმაღლობა, უგულისყურობა . . . არ უნდა გავჩუმდე, არ უნდა გავჩუმდე, რადგან ძალიან დიდია ფასი, რომელიც ან მე, ან თქვენ უნდა გადავიხადოთ ამ სიჩუმისთვის.

 

კიდევ არის კითხვები, რატომ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას?

 

P.S. ეს წერილი არ ეხება მხოლოდ მოქმედ ან ყოფილ, ან მომავალ ხელისუფლებას და არ არის ნებადართული მისი გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი