კომენტარი

დაკარგავს თუ არა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას?

30 მაისი, 2015 •
დაკარგავს თუ არა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას?

მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს. გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუკი საჭიროდ ჩათვლის, სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს.

 

გიორგი გოცირიძის განმარტებით, ეს პროცედურა შემდეგნაირად წარიმართება: სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების საკითხის შესწავლა უნდა დაიწყოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ. კერძოდ, სააგენტომ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურებიდან შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად დადასტურდება, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, სერვისების განვითარების სააგენტო დაწერს დასკვნას და საქმის მასალებს პრეზიდენტს გაუგზავნის.


როგორც გოცირიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროსგან საქმის მასალებს მიიღებს, პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. პრეზიდენტს ამ ბრძანებულების გამოსაცემად 3–თვიანი ვადა აქვს.

 

“პრეზიდენტს აქვს ალტერნატივა, მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა, თუკი ჩათვლის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან,”- ამბობს გიორგი გოცირიძე. 

 

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

 

გიორგი გოცირიძე ასევე განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვერ იქნება. იგი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის 35–ე მუხლის პირველ პუნქტზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, “საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი.”

 

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა ამ საქმეების მიმდინარეობაზე გავლენას სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის დაკარგვა, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ამას გავლენა არ ექნება. 

 

“არც დადებით, არც უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს სააკაშვილის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ანუ, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება. ერთადერთი, შეიძლება ძებნის მონაცემი შეიცვალოს, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე,”– განაცხადა გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი