ჯერ “იდენტობის” დაწერილი ნიუსი „ღიად გეი ბენდი საქართველოში ჩამოდის“ – გახდა გაკიცხვის ობიექტი. თანაც იმ ადამიანებისგან, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაზე იდგნენ. ისინი ჯერ აღშფოთდნენ, ბევრი ლაყე მაგალითი მოიყვანეს, თუ რატომ არ ვარგოდა ნიუსი და რატომ არ შეიძლებოდა ამბების ასე წერა, შემდეგ კი ურყევი არგუმენტით „გოიმურია“ გაამყარეს და ყველა სხვა დანარჩენი „გოიმობა არ დამწამონ“ ადამიანისთვის თემა დახურეს.
სტატია რამდენჯერმე წავიკითხე, ვცდილობდი მეპოვნა ერთი წინადადება მაინც, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევდა, თუმცა ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე. ან რა უნდა მეპოვნა, ან რა იყო გასაკვირი იმაში, რომ ლგბტ თემის საიტი წერდა ბენდის წევრების ჰომოსექსუალობაზე. თუმცა პასუხი ჩემს გაკვირვებაზე მაშინ მივიღე, როცა თინა ხიდაშელის დრესკოდზე, თმის ვარცხნილობასა და ზომებზე რჩევა-დარიგებები მოვისმინე. მოვისმინე არა იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაცხადებულად ქალთმოძულეები არიან და ქალის უფლებებს არ ცნობენ, არამედ მათგან, ვინც თავს ფემინისტად მოიაზრებს.
25 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქზე რამდენიმე ფოტო დაიდო, სადაც მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში ჯარისკაცებს ხვდებოდა. რა ჩანდა ფოტოზე: ჯარისკაცებთან ერთად მდგომი თინა ხიდაშელი , რომელსაც ნაცრისფერი პიჯაკი და შარვალი ეცვა, შავ დაბალძირიან ფეხსაცმელზე.
თინა ხიდაშელის გვერდი მალევე გაივსო ასეთი შინაარსის კომენტარებით: „კაცი დაილია ამ ქვეყანაში?“, „ფუ, რას გავს“, „სარკეში ჩაიხედე“, „მინიმუმ შესაუბამო ფიგურა გაქვთ, რატომ აგდებინებთ თავს მასხრად ხალხს? „შეხედეთ ამ ფოტოს – მართლა რა სასაცილოდ გამოიყურება, რა გემოვნებაც ჩაცმაში აქვს, ისე წაიყვანს ქვეყანას“.
ცხადია. ამ კომენტარებში მოულოდნელი არაფერი იყო. თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნის დღიდან არ წყდებოდა გაბრაზებული ქალების და კაცების აგრესია მის მიმართ, რადგან ქალმა, ე.წ. კაცის თანამდებობა დაიკავა. ეჭვი მაქვს, არ ექნებოდათ მსგავსი რეაქცია, თინა ხიდაშელი გარემოს დაცვის ანდაც განათლების მინისტრად რომ დაენიშნათ, რადგან, ასე თუ ისე, განათლება და გარემოს დაცვა შესაძლებელია ქალის საქმედ ჩაითვალოს. ჯართან კი – აბა, ქალს რა ხელი აქვს? იგივე მაგინებლები სიხარულით დაუპირისპირებენ სავალდებულო კვოტირების ინიციატივას, ქალების ჯარში გაწვევის თემას, თითქოს კაცისვე დაწესებული არ იყოს სავალდებულო ჯარი, მაგრამ ეს თემა სხვაგან წაგვიყვანს, ისედაც გადავუხვიე.
უფრო მათზე მინდოდა მეთქვა, ვინც უერთდება აქციას ჰომოფობიის წინააღმდეგ, ვინც გმობს ქალზე ძალადობას, ვინც თანასწორობის იდეას უჭერს მხარს და ვისაც თანამოაზრედ მოიაზრებ, თუკი რამე გაგიჭირდება.
არც ასეთი მარტივი ყოფილა თანამოაზრეების დათვლა. მაშინ, როდესაც საქმე თინა ხიდაშელის ვიზუალურ მხარეს შეეხო, ყველას დაავიწყდა რას ნიშნავს განსხვავებულობის მიმღებლობა, რადგან თურმე მისი შარვალი დიდი იყო, მისი პიჯაკი ერთი ზომით პატარა, მისი ფეხსაცმელი – თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი. მისი ფიგურის მქონე ქალს ურჩევდნენ, რომ ჯობდა მეტი დრო დაეხარჯა ჩაცმა-დახურვაზე, უკეთ მოერგო სამოსი და დაეცვა „საერთაშორისო სტანდარტებით“ მიღებული დრესკოდი.
ცხადია. საჯარო პირის გარეგნული იერსახის თუ ჩაცმულობის კრიტიკა ან დაცინვა არც ახალი და არც ქართული მოვლენაა. გასაკვირი მხოლოდ ის იყო, თუ რას წერდნენ ამაზე ადამიანები, რომლებთან ერთად ცოტა ხნის წინ ქუჩაში ვიდექი და ხელში მეჭირა ბანერი „მეტი ქალი პარლამენტში“: მოდით შევთანხმდეთ, რომ თინა ხიდაშელს 1) გოიმურად აცვია 2) მიუხედავად ზომისა, შეუძლია ტანსაცმელი კოხტად მოირგოს 3) მეტი დრო დახარჯოს საკუთარ გარეგნობაზე და არც არავინ გააკრიტიკებს.
16 წლის ასაკში, როცა უნივერსიტეტის პირველ კურსზე ჩემი მოქსოვილი უცნაური ჟაკეტით მივედი, ზურგი დამწვა ჩემი თანაჯგუფელების დამცინავმა მზერამ. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა საკუთარი განსხვავებულობა ყელში ამომივიდა, ვიყიდე ყველა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ჩემი ვიწრო საზოგადოების გემოვნებას ზედმიწევნით აკმაყოფილებდა. მას შემდეგ არაერთი წელი დავხარჯე სხვის ტანსაცმელში ცხოვრებით. ახლაც მახსოვს, როდის გავთავისუფლდი პირველად და როგორ ამოვისუნქე, როცა ჩავიცვი მწვანე ფეხსაცმელები ყვავილებიან წინდებზე.
ამიტომაც არასოდეს ვითხოვ სხვისგან, საზოგადოების ესთეტიკურ მოთხოვნებს დაემოერჩილოს, თუნდაც ის საჯარო პირი იყოს. და რა არის ეს მოთხოვნები, თუარა მასკულინური კულტურის მიერ შობილი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქალი.
რა არის განსხვავებულობა, თუკი ამ ტერმინს არა კონკრეტული ჯგუფების მიმართ გამოვიყენებთ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოვიტანთ. განსხვავებულობა შეიძლება იყოს ათასი რამ, მათ შორის წონაც, ზომაც, თმის ფერიც, ჩაცმის სტილი ან სულაც სტილის არქონა, კატების სიძულვილი, ვეგანობა, ან საგზაო წესების ზედმიწევნით დაცვა – საქართველოში. განსხვავებულობაა ყველაფერი, რაც საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ ნორმებს ეწინააღმდეგება. ასეთივეა თინა ხიდაშელი, ის არ არის კოპწია, ის არ არის დახვეწილი, ის არ იცვამს ლამაზად, ის არც „ქალურია“ და არც „კაცური“, არც იმაზე განსხვავებულად აცვია, ვიდრე მანამდე, სანამ მინისტრი გახდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც საჯარო პირი იყო, არავის ახსენდებოდა დრესკოდი და საერთაშორისო სტანდარტები. და თუკი ჩვენ ისეთი მარტივი განსხვავებულობის მიღება არ შეგვიძლია, როგორიცაა ადამიანის გარეგნული იარსახე და მისი ჩაცმის სტილი, და თუკი ეს უფრო მეტად გვაღელვებს, ვიდრე ამავე ქალის მიმართ გამოყენებული აგრესიული სიძულვილის ენა, მაშინ როგორ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენგან მართლაც განსხვავებულები სოციუმები?
როგორც ჩანს, ჩვენ უბრალოდ დავიზეპირეთ სოლიდარობა, დავიზეპირეთ განსხვავებულობის მიღება. შეგვიძლია ვიმეგობროთ ჰომოსექსუალებთან, რომლებიც ჩვენსავით ერთობიან და ჩვენსავით იცვამენ, თუმცა ცხვირი ავუბზუოთ ისეთს, რომელიც ჩვენ სოციალურ ფენაზე ერთი საფეხურით ქვემოთაა. შეგვიძლია მივიღოთ ფრანგი ან ამერიკელი შავკანიანი, თუმცა არად ჩავაგდოთ საქართველოში ჩამოსული კენიელი, რომელიც ჩუსტებით ადის სამარშრუტო ტაქსში.
დიახ, ჩვენ დავიზეპირეთ მიმღებლობა. ეს პოსტიც დაიწერა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ დაზეპირებული.
ავტორის შესახებ თუთა ჩხეიძე არის სამართლიანი არჩევნების პიარის და კომუნიკაციის მენეჯერი, ქალთა მოძრაობის წევრი და ლგბტ უფლებების დამცველი. 2010-2012 წლებში ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი. |