კომენტარი

ლაშა ბაქრაძე: კარგი იქნება, თუ 26 მაისს კოკარდების ტარების ტრადიცია დამკვიდრდება

21 მაისი, 2015 • • 2548
ლაშა ბაქრაძე: კარგი იქნება, თუ 26 მაისს კოკარდების ტარების ტრადიცია დამკვიდრდება

ბატონო ლაშა, როგორ გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კოკარდების ტარების ინიციატივა? 

 

ორი წლის წინ, 2013 წელს გამოვთქვი აზრი, რომ რაღაცნაირად საზოგადოებაც უნდა აღნიშნავდეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი ტრადიცია არ გვაქვს სამოქალაქო დღესასწაულების აღნიშვნის. ამიტომ, ვფიქრობ, თუ საზოგადოება აჩვენებს, რომ ეს დღე მისთვის მნიშვნელოვანია, შეუძლია კოკარდი ატაროს. ვფიქრობ, მთელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამაზე ყურადღების გამახვილება.  მიხარია, რომ ამ იდეას უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება და მეტი მოწონება აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდება. 

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ყველა მცდელობა რაღაც ახლის შემოტანისა, არის ხელისუფლების ან მთავრობის მიერ შემოტანილი და დადგენილი. მაგალითად, შევარდნაძის ეპოქის გადმონაშთი “თბილისობაც”. ვერავინ ბედავს, რომ ეს დღე სხვანაირად აღნიშნოს, რაღაც ახალი გაკეთდეს. ძალიან კარგი იქნება, თუ ქვემოდან იქნება ნაკარნახევი ტრადიციები და არა ხელისუფლების და სამთავრობო გადაწყვეტილებებით ვატაროთ ეს კოკარდები. ეს უნდა იყოს საზოგადოების კეთილი ნება.

 

ასეთი კოკარდების შეძენა, როგორც ვიცით, ლიტერატურის მუზეუმშიც არის შესაძლებელი, ხომ?

 

ჩვენ სამაგალითო ნიმუშები გავაკეთეთ. ხვალიდან თბილისში, ფილარმონიაში წიგნის ფესტივალი იხსნება და იქაც ვგეგმავთ მათ გამოტანას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს მხოლოდ ლიტერატურის მუზეუმში შეუძლიათ მათი ყიდვა. ძალიან მარტივია კოკარდების გაკეთება დამოუკიდებლადაც, სამი სხვადასხვა ზომისა და ფერის ფურცლით. 

 

კონკრეტულად როდის უნდა ვატაროთ ასეთი კოკარდი?

 

ვფიქრობ, 26 მაისს, 25 თებერვალსაც და სხვა სამოქალაქო დღესასწაულების დროსაც. თუ გვინდა სახელმწიოფოებრივი შეგნება, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დეტალებსაც მივაქიცოთ ყურადღება. 

 

რომელ ევროპულ ქვეყნებშია კოკარდების ტარების ტრადიცია ეროვნული დღესასწაულების დროს?

 

ევროპის ქვეყნებში უამრავი სხვადასხვა ასეთი ტრადიციაა. კოკარდი დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთშიც ფართოდ გავრცელებულია და ყვავილის გაკეთება მეორე მსოფლიო ომის დასრულებას უკავშირდება ამ ქვეყნებში. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ჩვენთანაც არსებობდა სამთავრობო ინიციატივა – ყაყაჩოს გაკეთება.

 

ეს კოკარდები ძველი ქართული დროშის ფერებშია – შინდისფერი, თეთრი და შავი. ბევრს არ მოსწონდა ეს დროშა, თუმცა, მიმაჩნია, რომ მისი შენარჩუნება და პატივისცემა მაინც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ამ დროშის ფერებთან ერთად, კოკარდზე ორი ლენტია, რომელიც დღევანდელი დროშის ფერებს ასახავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი