თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ პატრიარქის ეს ინიციატივა არაა ქრისტიანული თეოლოგიიდან ამოზრდილი. მისი თქმით, ეს იმ ისტორიული პლასტის გაცოცხლების მცდელობაა, რომელსაც თითქმის ყველა კულტურა თუ რელიგია იცნობს და ცხოველების მსხევრპლშეწირვას გულისხმობს:
“ამგვარ პრაქტიკას იცნობს ძველი აღთქმაც, თუმცა მისი ტექსტები განასხვავებს სამადლობელ და სისხლიან მსხევრლშეწირვას. იმავე ძველ აღთქმაში ხშირად გვხდება ამ პრაქტიკის გადაფასების შემცველი ადგილები. ახალი აღთქმის ერთ ერთი უმთავრესი გზავნილია, რომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ქრისტეს განკაცების შემდეგ აზრდაკარგულია ( 1 კორინთელთა 10,14. ებრაელთა 13,15-16.), რადგან იესო ქრისტეს განკაცებით, მისი ჯვარცმით და აღდგომით ვართ გამოხსნილნი. ვინაიდან ძველი აღთქმა აღესრულდა, ცხოველთა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა დასრულდა. სწორედ ამიტომ, ქრისტიანული მსახურების, ევქარისტიის ცენტრში მაცხოვრის სისხლი და ხორცი დგას. ღმერთს ჩვენი გულების სიწმინდე, სულის სისპეტაკე, სიმდაბლე და სხვა სიქველეები უნდა შევწიროთ და არა ყოვლადდასაწველი სისხლიანი ზვარაკი (ფსალმუნი 50). პატრიარქს სავარაუდოდ სწორება აქვს არა ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე, არამედ სურს საბჭოთა დროს ლეგიტიმური რელიგიურობის წახალისება”,- ამბობს გამრეკელაშვილი.
გუშინდელი ქადაგების შემდეგ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ ილია მეორის მიერ დაანონსებული ცხოველების დაკვლა ერთგვარი სოციალური აქციაა და არა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. მან ასევე განმარტა, რომ ახალი აღთქმის მიხედვით, მსხვერპლშეწირვა ქრისტიანულად მიუღებელი მოვლენაა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ამის გაკეთება არ უგულისხმია.
მიუხედავად განმარტებისა, მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ინიციატივის საკრალური ხასიათიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, იგი არ არის საქველმოქმედო აქცია. ილია მეორემ ინიციატივა სწორედ აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირა.
“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების დამუხრუჭება წარსულში არსებული ფოლკლორული რელიგიურობის დახმარებით. თავად პატრიარქის შეხედულებებიც მეტწილად სწორედ ამგვარ ფოლკლორულ რელიგიურობას ეფუძნება, რომელიც განსაკუთრებით საქართველოს მთიან რეგიონებშია პოპულარული, სადაც იგი აღიზარდა. ამ ინიციატივის საკრალური ხასიათისა და მასშტაბიდან გამომდინარე, იგი აშკარადაა არასაქველმოქმედო აქტივობა, თუმცა მრევლის მცირე ნაწილს ალბათ ხორცის გარკვეული ულუფა შეხვდება. ასევე გაუგებარია, არის თუ არა ეს ამერიკული მადლიერების დღის ქართული ვარიანტის შექმნის მცდელობა, რადგან ეს აქცია, არც მეტი და არც ნაკლები, აღდგომას დაუკავშირდა”,- ამბობს გამრეკელაშვილი.
მისივე შეფასებით, ინიციატივა აუფასურებს და ფაქტიურად ანადგურებს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის აღქმას, რომელიც სიკვდილის სიკვდილით დათრგუნვის, მასზე სიცოცხლის გამარჯვების, სულიერი განახლების, სიხარულის, შვების დღესასწაულია.
“დაუშვებელია ის ასოცირდებოდეს რიტუალურ სისხლისღვრასთან და, მით უმეტეს, ღორმუცელობასათან”,-ამბობს გამრეკელაშვილი.