კომენტარი

საია შსს–ს კანონპროექტში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეებს ხედავს

16 იანვარი, 2015 • 1080
საია შსს–ს კანონპროექტში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეებს ხედავს

მუხლი 2391. მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით” 

 

ანა ნაცვლიშვილი: პირველ რიგში გეტყვით, რომ საკითხი ნამდვილად აქტუალურია, რაც ამ კანონპროექტით არის დასმული, და ჩვენ, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ხშირად ვხედავთ იმავე მედიის საშუალებით გავრცელებულ კომენტარებს, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ ჩაჯდეს შუღლის გაღვივების დეფინიციაში, მაგრამ აშკარად არის დისკრიმინაცული რასობრივი, რელიგიური, კუთხური თუ ეთნიკური ნიშნით. ეს არის ქართულ საზოგადოებაში პრობლემა და ვფიქრობ, რომ კანონმდებლობა თვალს ვერ დახუჭავს ამ პრობლემის მიმართ, იმიტომ, რომ ასეთ გამონათქვამებს და ასეთ განცხადებებს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოსაზრება მუხლის ფორმულირებასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ზოგადია იმ გაგებით, რომ ქმნის პრაქტიკაში მისი არასწორად გამოყენების საფრთხეს.

 

საქართველოს კანონმდებლობით, კონკრეტულად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით, განმარტებულია რას ნიშნავს მოწოდება. მოწოდება: ეს არის “განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს, ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას” და უფრო მეტიც, აზრისა და მოწოდების თავისუფლება არის ამ კანონის მეოთხე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ “მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს”.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით უკვე ნათქვამია, რა შემთხვევაშია მოწოდება დასჯადი და, როგორც ხედავთ, აუცილებელია, რომ არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე. ხოლო შემოთავაზებულ რედაქციაში ეს ნაწილი არ არის. ანუ, არ არის სავალდებულო, რომ დადგეს საფრთხე, უბრალოდ მოწოდება უკვე არის კრიმინალიზებული, რაც შეუთავსებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტთან, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებთან. თავისთავად მოწოდება, რომელიც არ ქმნის მსგავსი ტიპის საფრთხეს, ეს არის, რაც უნდა მიუღებელი იყოს ის ცაკლეული ჯგუფებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, ეს არის სიტყვის თავისუფლებით დაცული სფერო და მხოლოდ მაშინ შეიძლება ის მოექცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროში, თუკი მას ახლავს, როგორც უკვე გითხარით, პირდაპირი, არსებითი და აშკარა საფრთხე, რომ ასეთი ქმედება განხორციელდება, რომელიც რეალურად გამოიწვევს შუღლის გაღვივებას.


ამიტომ ასეთი ჩანაწერის დამატების გარეშე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მუხლი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს ქმნის და ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და გარკვეული სიკეთის დაცვა, ამან შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს და პირიქით მოხდეს. ამიტომ, რომ არ დაირღვეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არის ამ ქვეყნის კონსტიტუცუით გარანტირებული ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისთვის, აუცილებელია, რომ გაჩნდეს კანონში მითითება პირდაპირი, აშკარად და არსებითი საფრთხის შესახებ.

 

თუ ეს ფორმულირება დარჩება, ეს აშკარად არღვევს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. რაც აქ არის აკრძალული, ცუდი ქმედებაა, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის პირობებში ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მედიაეთიკის განსჯის საგანი და არ უნდა იყოს სისხლის სამართლის საგანი. მხოლოდ მაშინ შეიძლება მოექცეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში, თუ ასეთ გამოხატვას თან ახლავს პირდაპირი, არსებითი და აშკარა საფრთხე, რომ შუღლი მართლაც იქნება გაღვივებული.

 

“მუხლი 3121. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება ან/და მონაწილეობა ან ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, პირთა შეგროვება ან /და უნანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება”

 

ანა ნაცვლიშვილი: ამ მუხლის ბოლო ნაწილი ეხება მასალის და სიმბოლიკის გავრცელებას და აი, ამ ნაწილსაც შევაფასებდი სიტყვის თავისუფლების უფლების ჭრილში, იგივე ლოგიკა მოქმედებს. მხოლოდ მასალის გამოყენება არ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დასჯადი ქმედება, იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან კარგი ანალიტიკური, ეთიკური და ყველა ნორმის დაცვით ჟურნალისტმა გააკეთოს ღრმა ანალიზი, რომელიც, ვთქვათ, მიეძღვნება რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ფორმირებას და უბრალოდ მას დასჭირდეს სიმბოლიკის გამოყენება, ან რაღაც მასთან დაკავშირებული მასალის გამოყენება არა იმიტომ, რომ გააკეთოს ამ  ფორმირების პიარი, ან სოლიდარობა გამოხატოს, არამედ იმიტომ, რომ თუნდაც საფუძვლიანად დაანახოს საზოგადოებას ამ ორგანიზაციის საშიშროება და მოკლედ, შეააფასოს ამ ორგანიზაციის მიზნები და ქმედებები და მათი კანონთან შესაბამისობა.

 

ეს იქნება დასჯადი, თუ ეს ფორმულირება დარჩა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია იმიტომ, რომ ესეც დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით და აქაც მეტი კონკრეტიკა არის საჭირო. აქაც შესაძლებელია, ძალიან მარტივად გაკეთდეს მითითება ამ პირდაპირ, აშკარად და არსებით საფრთხეზე.

3232 მუხლის:

ა) პირველი  ნაწილის შემდეგ დაემატოს შემეგი შინაარსის 11 ნაწილი:

“11. უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით”

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 9 წლამდე.”;

 

ანა ნაცვლიშვილი: პირველადი შთაბეჭდილება რაც მრჩება ამ მუხლთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეფასდეს, ამ მიზნით მიდის ადამაინი ამ ქვეყანაში თუ სხვა მიზნით. ქვეყანა, რომელიც შეიძლება მოაზრებულ იქნას, როგორც ერთ–ერთი რისკჯგუფი, სადაც ამგვარ საქმეანობაში ჩართვა შეიძლება ხდებოდეს ადამიანების, სხვა მიზნითაც შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოს მოქალაქისთვის და ძალიან რთული არის დაადგინო, რა მიზნით მიდის ეს ადამიანი. შეიძლება მას წინასწარ შეავსებინო აკნკეტა და კითხო, ამ მიზნით ხომ არ მიდიხარ, მაგრამ რომელი გონიერი ადამიანი ჩაწერს, რომ ამ მიზნით მიდის.

 

თვითონ შეფასება როგორ მოხდება ამ მიზნის, ეს არის ჩემთვის გაურკვეველი და ამ ბუნდოვანებიდან გამომდინარე გარკვეულ რისკებსაც ვხედავ, რომ შეიძლება ძალიანაც არასწორად მოხდეს ამ მუხლზე დაყრდნობით საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ვერ ვხედავ, კონკრეტულად როგორ მოხდება გამოვლენა ამ მიზნის ისე, რომ არც რეალობას ავცდეთ და არც ადამიანის უფლებები დავარღვიოთ. ამ მუხლის ამ ფორმულირებასაც ვერ დავუჭერ მხარს.

“მუხლი 3271. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისთვის გადაბირება”

 

ანა ნაცვლიშვილი: აქ გადაბირების დეფინიცია იქნებოდა საინტერესო ჩემთვის. ტერორიზმი საკმაოდ სპეციფიკური დანაშაულია და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის გადაბირება ალბათ კარგ დეფინიციას საჭიროებს, რომელიც, ერთი მხრივ, არ დაარღვევს უფლებებს და არ გააჩენს თვითნებური მოქმედების რისკს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მეორე მხრივ ადეკვატურად შეძლებს შეაფასოს, როდესაც ადამიანი ან ორგანიზაცია ეწევა ასეთ საქმიანობას.

 

 ტერორიზმი არის ძალიან სერიოზული დანაშაული, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ძალაინ სტრატეგიულ, გააზრებულ და კომპლექსურ მოქმედებებს. ბუნებრივია, ტერორისტიული საქმიანობა არის დასჯადი და უნდა იყოს დასჯადი და გადაბირებაც – ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, რომ ასეთი ქმედება იყოს დასჯადი, მაგრამ გააჩნია, გადაბირებად რა ჩაითვლება, რა ჩაიწერება გადაბირების დეფინიციად.

 

“მუხლი 3301. საჯაროდ მოწოდება ტერორიზმისაკენ ან საჯაროდ ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა”

 

ანა ნაცვლიშვილი: აქაც, თუ დავუბრუნდებით, მაგალითად, საქართველოს კანონს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც ის მეოთხე მუხლი, რომლის ციტირებაც გავაკეთე, სადაც განსაზღვრულია, რა არის მოწოდება, ამ  დეფინიციასთან წინააღმდეგიბაში მოდის შემოთავაზებული კანონპროექტი, იმიტომ, რომ ისევ და ისევ აქ არ არის აშკარა პირდაპირ და არსებით საფრთხეზე მითითება. ამ თვალსაზრისით უკვე მოქმედ კანონთან წინააღმდეგობაშია ეს მუხლი, ამიტომ მუხლის ფორმულირება დასახვეწია. თვითონ არსი, რომ მოწოდება ტერორიზმისაკენ უნდა იყოს დასჯადი, ამას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ არა ნებისმიერი ტიპის მოწოდება, არამედ რომელიც ჯდება მოწოდებს იმ დეფინიციაში, რომელსაც უკვე იცნობს საქართველოს კანონმდებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი