კომენტარი

მიჯიგრე რა, ძმაო, მაპატიე კაცურად

7 იანვარი, 2015 • 1924
მიჯიგრე რა, ძმაო, მაპატიე კაცურად

 გამონაკლისები რომ არსებობენ ყველა დროსა და სივრცეში, რომლებიც ვერასდროს ვერაფერს ისწავლიან, ეს კაცობრიობის დიდი დარდია და ამის შეცვლას მხოლოდ გამჩენი თუ შეძლებს. უკვე მრავალი საუკუნეა ზრდასრული ადამიანები იმაზეც შევთანხმდით, რომ თუ ბავშვი რამეს დააშავებს, ჰუმანურობის გათვალისწინებით შეიძლება რაიმე ფორმით დაისაჯოს. საუბარი არ არის ძალადობასა და სისასტიკეზე, საუბარია იმაზე, თუ როგორ დაეხმარო მას, გაარჩიოს თავის თავში ცუდი და კარგი და ცუდი მოთოკოს, ხოლო კარგი წინა პლანზე წამოწიოს.

 

ეს მოცემულობა შეგვიძლია თამამად გადავიტანოთ სახელმწიფო მოწყობის სიტემაზეც. ცივილიზებული სახელმწიფო, მით უმეტეს, რაც უფრო მაღალგანვითარებულია ის, მით უფრო მომთხოვნია და მკაცრი თავისი თავისა და მოქალაქეების მიმართაც – ოღონდ არა სასტიკი. ასეა იმ სამყაროში, რომლისკენაც ვისწრაფვით, რომელიც მოგვწონს. თუმცა მოგვწონს, ცოტა არ იყოს, ილუზორულად.

 

მოგვწონს ევროპული თავისუფლება, სტაბილურობის განცდა, რომელიც მოქალაქეებს აქვთ, მოგვწონს სისუფთავე და ბევრი-ბევრი ბენეფიტი, რომელიც ევროპელობას გააჩნია. ამავე დროს კი, სამწუხაროდ, ვიცით ძალიან ცოტა იმ პასუხისგებლობაზე, რომელსაც ცივილიზებული aka ევროპული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აკისრებს. უბრალოდ, როგორც ჩანს, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ევროპელობის  ამ „ბნელ“ მხარეზე. 

 

ბავშვის პედაგოგიური მიზნებით დასჯას რომ დავუბრუნდეთ… მაგალითად, შენმა შვილმა რაიმე დააშავა. ვთქვათ, თქვა სერიოზული ტყუილი, მიაყენა ვინმეს ზიანი, ან მეგობარს რაღაც უსამართლოდ დააბრალა. თუკი ამის გაკეთება დიდობაში ჩვევად ჩამოუყალიბდება, დარწმუნებული იყავი, რომ შენი შვილი კაი გაიძვერა და არამზადა გაიზრდება. მოკლედ, სიტუაცია შემდეგია: მან ჩაიდინა უსაქციელობა და თან თვალებში გიყურებს, ეს პატარა ეშმაკუნა შენს რეაქციას ელოდება, ელოდება- გაუვა თუ არა.

 

ამავე დროს, ვთქვათ, ეს ამბავი მოხდა რაიმე განსაკუთრებულ დღეს, ავიღოთ ახალი წელი, ბედობა, ან მისი დაბადების დღე. რას მოიმოქმედებ შენ? გაქვს ორი გზა: დასაჯო მოზარდი იმიტომ, რომ მეორედ მსგავსი რამ არ გააკეთოს და მეორე გზაა – აპატიო მას იმიტომ, რომ დღეს შობაა, ახალი წელი ან სულაც ღიმილის საერთაშორისო დღე. თუ შენ ჩათვლი, რომ არ უნდა გაატარო საყვარელი და ცუღლუტი შვილის უმსგავსო საქციელი და ამასთან ნორმალურად აუხსნი, მაგრამ, ვთქვათ, დასჯის სახით ტკბილეულის ან საჩუქრის გარეშე დატოვებ – შეიძლება ერთი-ორჯერ კიდევ გაიმეოროს იგივე, მაგრამ ჩვევაში აღარ გადაუვა, რადგან დაინახავს – მე დავაშავე, არასწორად მოვიქეცი  და მნიშვნელობა არა აქვს რა დღეა, ტყუილი ახალ წელსაც ტყუილია, ლაჩრობა ჩემს დაბადების დღეზეც ლაჩრობაა, ასევე უზრდელობა, თვალთმაქცობა და ამპარტავნება არ იცვლის სახელს, არც ბედობაზე და არც ჰანუკაზე. ანუ, ის მიხვდება, რომ დღის საზეიმო ატმოსფერო მომხდარის აზრს აშკარად ვერ ცვლის.

 

მაგრამ თუ კი იმ „ლამაზი“ დღის ანტურაჟი მანიპულაციის საგნად და მისი ცუდი საქციელის საპატიებელ მიზეზად აქციე, შენი შვილი ერთადერთ ლოგიკურ დასკვნას გამოიტანს -„ყოველთვის შეიძლება რაიმე გამოსაძრომის მოძებნა, თუ მე დღეს მეპატია, რა მაგარია ეს დღესასწაული, სხვა დროსაც იქნება ასეთი დღეები და მშვენივრად გამოვიყენებ.“ მისი პატარა, მაგრამ სხარტი და ეშმაკუნა ტვინი ამ ჯაჭვს დაუყოვნებლივ „ჩაიჭერს“. შემდეგ კი მისგან გაიზრდება დიდი გოგო ან დიდი ბიჭი, რომელიც თავისი უსაქციელობის გამართლებას ყოველთვის მოძებნის. უბრალოდ მისი ტვინი ასე მიეჩვევა აზროვნებას და ვერ აღიქვამს, რომ ეს არასწორია; ჭკვიანმა დიდებმა თავიდანვე დააპროგრამეს რომ მისი ცუდი ქცევის გამართლება ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, მას ხომ იმდენი რამე აპატიეს, „შეარჩინეს“, რა მოთვლის. მით უმეტეს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბავშვის გაზრდის შემდეგი მეთოდია პოპულარული – „გაიზრდება და დაჭკვიანდება“, „ავად არის და ცოდოა“, „არ ესმის, ჯერ პატარაა“, „ნახე, რა საყვარლად ურტყამს იმ დებილ ძაღლს/კატას“, „უნდა და რა ქნას“ და ა.შ..

 

ასეთი „გაპრავება“ მილიონ ორასი ათასი შეიძლება მოვძებნოთ, რომელიც წარმოუდგენლად ხშირად იფრქვევა მზრუნველი ოჯახის წევრების მხრიდან. ჰოდა, ერთ დღესაც „პატალა“, „ჩაკვალელი ბალღი“, რომელსაც ასეთი უსიპუსიებით ფსიქიკა დაუმახინჯეს, სჩადის რაღაც კოშმარულს, ზედმეტი მზრუნველობით დანგრეულ მის ფსიქიკაში კი ირთვება პატარა „ბირთვული ღილაკი“ და გვესმის ტექსტი – „საშინლად მომშალა ნერვებზე და მოვკალი“, „წყობიდან გამომიყვანა და დავარტყი“, „რა მექნა, ძაღლმა დამიყეფა და მის ლეკვზე ვიყარე ჯავრი, დიდი ამბავი ახლა, ლეკვია რა“; „მიღალატა და არ უნდა მეცემა?“ „საჭმლის ფული არ მქონდა და მოვიპარე, მშიოდა…“

 

ადამიანი დარწმუნებულია, რომ მართალი იყო, ის გარემოებებმა აიძულეს ასე მოქცეულიყო, გამოსავალი არ ჰქონდა და თავის გასამართლებელი ასპროცენტიანი „ალიბი“ აქვს…

 

ახლა კი ამ ყველაფრის პროეცირება მოვახდინოთ სახელმწიფოს და მოქალაქის ურთიერთობაზე. სცენარი ასეთია: თქვენ დაარღვიეთ კანონი, დიდი თუ პატარა, არა აქვს მნიშვნელობა და სახელმწიფომ უნდა გაგებინოთ პასუხი. მაგრამ ისე მოხდა, რომ თქვენ ეს კანონი დაარღვიეთ დღესასწაულზე… (წელიწადში 365 დღეა, საქართველოში კი თითქმის ამდენივე დღესასწაული მოდის).

 

ამავე დროს, თქვენ მოგწონთ ევროპა, ცივილიზაცია, მოგწონთ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფალი გადაადგილდება ველოსიპედით, კარგი მანქანებიც მოგწონთ, რა თქმა უნდა, მოგწონთ, როდესაც ქუჩები მოწესრიგებულია, ყველაფერი სტაბილურია, სახელმწიფო გიცავთ, ზრუნავს თქვენზე, იღებთ კარგ გასამრჯელოს… იდილიაა ირგვლივ, ნუ ერთი ორი მობრეივიკო მანიაკი გიშხამავთ წარმოდგენას „ზეციურ Europa-ზე“… თქვენ მენტალურად იქ ხართ, ვთქვათ, ნისლიანი ალბიონის მიწაზე მყარად გიდგათ წარმოსახვითი ფეხი. ახლა ასევე წარმოიდგინეთ, რომ დაარღვიეთ საგზაო წესები და კანონის აღმსრულებელს, რომელმაც თქვენ დარღვევის გამო უნდა დაგსაჯოთ, ეუბნებით – Broo, today is the great day, its Christmass! How can you fine me on this day?! Don’t loose human face! ან იგივე ფრანგულად, იტალიურად, პოლონურად… წარმოიდგინეთ? მე ვერა, რადგან კანონის დამცველის  გაოგნებული სახე და მერე თქვენს ხელზე შემოჭერილი ხელბორკილების ჭრიალი ჩამესმა ყურში.

 

ერთი წუთით ევროპელობას  შევეშვათ, ჩავთვალოთ, რომ სულაც არ არის  ევროპული ცხოვრების სტილი თქვენთვის ავტორიტეტული, ესეც თქვენი უფლებაა. ვთქვათ, ხართ სტატისტიკური მოქალაქე, გყავთ მანქანა და არ გაქვთ მართვის მოწმობა, რადგან ცოტა ხნის წინ ის ნასვამობის გამო ჩამოგერთვათ. გადის დრო და თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან გამამართლებელი ამბის გამო ჯდებით საჭესთან, რადგან „სხვა გამოსავალი არ გაქვთ“, მანქანაში თან გახლავთ საყვარელი ადამიანები. გაგაჩერათ პატრულმა, მაგრამ „გიჯიგრათ“, აი, კაცობაში, ქართველობაში, გაგებაში… „გიჯიგრათ“ და გაგიშვათ დაჯარიმებისა და დასჯის გარეშე. წახვედით თქვენ კანონის დამცველის კაიკაცობით გახარებული და უცებ მოხდა უსიამოვნება, ნუ, ხდება ეს უსიამოვნებები ხანდახან გზებზე, ეგეთი მუხთალია წუთისოფელი. ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს უსიამოვნება სანამ მოხდებოდა, თქვენ  პატრულ-ინსპექტორმა პეტრე ლ.–მ გადაგამოწმათ, მაგრამ „გიჯიგრათ“ – არ დაგაჯარიმათ, არ აგიკრძალათ ასე მოძრაობა და გაგიშვათ… ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა, რა ბედი უნდა ეწიოს ასეთ შემთხვევაში „ჯიგარ“ პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც სინამდვილეში კი არ „გიჯიგრათ“, არამედ გაგიმეტათ?

 

ჰო, კიდევ, პირადად მე ძალიან მომშლია ნერვები, როცა დენზე 20 თეთრის გადახდა დამვიწყებია და ამის გამო გაუთიშავთ, ყოფილა შემთხვევა, როცა საკრედიტო ბარათზეც მომსვლია იგივე და მერე ორმაგი გადამიხდია. ვიძახდი, რა ღორობაა-მეთქი, ამის გამო როგორ ჩამომაჭრეს ამდენი, მაგრამ რომ დავფიქრდი, სახელმწიფო სისტემებისა და სხვადასხვა სერვისის მწყობრი მუშაობა სწორედ ასეთი თეთრების ზედმიწევნით გადახდაზე და დროულად, დღესასწაულების თუ ლამაზი დღეების მიუხედავად, მომხდარი დანაშაულის ავტორის შესაბამის დასჯაზეა დამოკიდებული.

 

მოდით ვიყოთ „ჯიგრები“ იქ, სადაც ამით არავის ვნებთ და ნუ მოვთხოვთ საჯარო მოხელეებს ამ ხშირად „სავოკურ ჯიგრობას“. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, როდესაც გიჯიგრებენ, მერე წახვალ და ნიშნისმოგებით შეიძლება ძმაკაცს მოუყვე კიდეც – იცი, რა ჯიგარი პატრული შემხვდა, „პრავა“ არ მქონდა და არ დამაჯარიმა. თან ისეთი მანევრი ჩავუტარეთ მე და ჩემმა ცოლმა, გადაირევი, მაგრამ ხომ გეუბნები, კაცური კაცი იყო, მაპატია… 

 

ასე თუ გაგრძელდა – შენ გაპატიებენ, ხვალ მეორეს აპატიებენ, ზეგ სამს ერთად, მაზეგ ოცს და საყოველთაო „ჯარიმებისგან პატიების“ პანდემია გარანტირებულად ანარქიისკენ წაგვიყვანს. ვიღაც იმასაც იტყვის – ჩემს ძმაკაცს აპატიეს გუშინ, მე რა პონტში მაჯარიმებთ, მეც მაპატიეთ რა… იგრძენით რღვევის და ქაოსის მძაფრი სუნი? მე კი.. ამიტომ კარგია, თუ არ გაპატიათ და არც უნდა ეპატიებინა…

 

მერე რა, რომ ზამთარია კი არა და ბედობა იყო…! როცა ერთი პაზლი იკარგება, ვარდება ან იშლება, მას სხვებიც თან მიყვებიან და ნელ-ნელა მთლიანი სურათის რღვევა იწყება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი