კომენტარი

ბულდოზერის პოლიტიკა კულტურის პოლიტიკის ნაცვლად

5 იანვარი, 2015 • 1585
ბულდოზერის პოლიტიკა კულტურის პოლიტიკის ნაცვლად

ამ წერილით მსურს ჩემს თანამემამულეებს მივმართო, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ბოლო დროს კულტურის სფეროში განვითარებულ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც დანაშაულებრივს უტოლდება და რომლებსაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა და სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ.  

 

დიდი დავისა და ყოყმან-ჭოჭმანის შემდგომ მოხერხდა და საზეიმო კიბეებითა და თვალისმომჭრელი განათებით გაეწყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის მისადგომი, მცხეთის გზაზე მიმავალს თვალი რომ მოჭრას და ზოგის უკმაყოფილებაც დააცხროს. ამ გარეგნული ეფექტების მოგვარების მცდელობის მიღმა კი მიზანმიმართულად ხდება იმ ფასეულობების განადგურება, რომლებმაც 1897 წელს, ახალი წლის წინა დღეებში, ილია ჭავჭავაძეს აღფრთოვანებითა და გულისტკივილით დააწერინა: “ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა“. საქართველოს სიმშვენიერეს – მის ბუნებრივსა და კულტურულ მემკვიდრეობას – დღეს საფრთხე ემუქრება. ხელიდან გვეცლება ჩვენი საფუძველი, ჩვენი ღირებულებები, ნადგურდება ჩვენი წარსულის კვალი, ილახება ჩვენი უფლებები…

 

როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესს სწორედ იმ ყველაზე ფასეული და გამორჩეული ღირებულებების აღმოფხვრა და განადგურება შეადგენს, რომლებიც წინაპრებისგან გვერგო და რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია იამაყოს.

 

ამ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩამონათვალი საგანგაშოდ გრძელია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მაგალითით შემოვიფარგლები:

– ჩვენს მიწაზე არსებული უძველესი ცივილიზაციის არსებობის უტყუარი დასტურის – მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს – განადგურება კანონის უზენაესობის პრინციპის სისტემატური დარღვევის ხარჯზე;

-ბერიკლდეების ყორღანული სამაროვნების – ძვ. წ.-ის IV ათასწლეულის პირველ ნახევარში ჩვენს მიწაზე განვითარებული ცივილიზაციის არსებობის კვალის –  ბულდოზერებს ქვეშ მოქცევა;

-ქვეყნის კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე მუშაობის საგანგებოდ ჩაშლა და მისი ე.წ. “განახლება“ რამდენიმე თვის შემდეგ;

-ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის ჩაგდება;

-საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მესვეურების არაპროფესიონალური, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს სახელის შემლახავი განცხადებები და ქმედებები;

-რუსთაველის გამზირზე, ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას, თუ იმელის უკან გაჩაღებული ქალაქის სახის შემლახავი მშენებლობები;

-საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება ძეგლის სტატუსის მოხსნის უკანონო გზის დასაკანონებლად;

-ვაკის პარკის ტერიტორიის მოასფალტებული გზებით დალიანდაგება და იქ გაჩაღებული ახალმშენებლობებით დედაქალაქისთვის უნიკალური რეკრეაციული ზონის მოსპობის მცდელობა;

-ე. წ. “პანორამა თბილისის“ პროექტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს დედაქალაქზე მიზანმიმართული აგრესია და დაცინვა ძველ თბილისზე. ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრდება ძველი უბნების განუმეორებელი სახლებისა და ქუჩების გადარჩენა-რეაბილიტაციის უკიდურესად მწვავე საჭიროების ფონზე;

 

ამ არასრულ ჩამონათვალს ემატება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნისა და მინიჭების საკითხის განხილვას ეკონომისტები და ფინანსისტები განახორციელებენ, კულტურის სამინისტროს ერთი-ორ თანამშრომელთან ერთად…

 

ერთი შეხედვით, კულტურის სფეროსადმი ასეთი მიდგომა მთავრობაში პროფესიონალიზმისა და ექსპერტიზის ნაკლებობაზე მიუთითებს. ცხადია, რომ სამინისტროსა და სააგენტოს მესვეურები სტიქიური და მოძალადე ეკონომიკური ე.წ. “განვითარებისა“ და სწრაფი “სარგებლის“ ფერხულში ჩაებნენ და თავისი მისია დაივიწყეს… ან, იქნებ, არც არასოდეს ჰქონიათ გათავისებული, რომ კულტურას უნდა ემსახურონ. მათ არც კულტურის როლი აქვთ გაცნობიერებული ქვეყნის თანმიმდევრულ გრძელვადიან განვითარებაში.

 

ზემოაღნიშნული ტენდენციები და ბოლო დროს გადადგმულ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯთა ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ ეს სახელმწიფოს გააზრებული პოლიტიკური ნების გამოხატულებაა და ყოველივე განუმეორებლის, თვითმყოფადის, ღირებულის განადგურების მცდელობა.

 

ამ წერილის მიზანია შეგახსენოთ, რაოდენ მძიმე დანაკარგი იქნება საყდრისის განადგურება ქართველი ერისა და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.  

 

საყდრისის განადგურებით წაიშლება ქართველი ერის ისტორიულ-კულტურული მეხსიერების ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი, ჩვენს მიწაზე არსებული უძველესი ცივილიზაციის კვალი, ჩვენს წინამორბედთა შემოქმედებითი გენის, საწარმოო ცოდნისა და ნიჭის მიმანიშნებელი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი პრეისტორიული იდენტობის მატარებელი კულტურული მემკვიდრეობა, საყდრისის განადგურებით ადგილობრივი თემი დაკარგავს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური განვითარების უდიდეს ამოუწურავ რესურსს: საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროდ აღიარებული ძვ. წ. IV-III ათასწლეულებით დათარიღებული ძეგლი იძლევა უნიკალური სამუზეუმო-საგანმანათლებლო კერისა და ამასთანავე უძველეს სამთამადნო ძეგლთა შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნის საშუალებას, ევროპის ქვეყნებში არსებული წარმატებული გამოცდილების მაგალითისამებრ. ეს კი ნიშნავს სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების გაჩენას, ადგილობრივი თემის ჩართვას საინტერესო და პრესტიჟულ საქმიანობაში.

 

საყდრისის განადგურებით მოისპობა ბოლნისის რეგიონში და ზოგადად საქართველოში კულტურული და სამეცნიერო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომელიც მოიზიდავდა ისტორიით, არქეოლოგიით, მეტალურგიით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს იქნებოდა ოქროს საწმისის კვალდაკვალ, მრავალი ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანების მიერ წამოწყებული სამთამადნო საქმის საიდუმლოს ზიარება. დმანისის ჰომოერექტუსი, არუხლოსა და ბალიჭების ნამოსახლარები უძველესი მეტალურგების სახელოსნოებით, ბოლნისის სიონი თუ წუღრუღაშენი – ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების სხვადასხვა ეტაპების ამსახველი ბრწყინვალე ნიმუშები, საქართველოში გერმანული კვალის დამადასტურებელი არქიტექტურა ბოლნისსა და მიმდებარე სოფლებში….ძეგლთა სრული ჩამონათვალი საკმარისი იქნებოდა რამდენიმე  საინტერესო და მრავალფეროვანი მარშრუტის შესადგენად, რომელთა ამოსავალი წერტილი სწორედ საყდრისის ოქროს მაღარო უნდა ყოფილიყო. კულტურული და სამეცნიერო ტურიზმის ინდუსტრია იქნებოდა ადგილობრივი თემის კეთილდღეობის, სოციალური და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების საწინდარი.

 

საყდრისის განადგურებით ბალიჭელების, კაზრეთელებისა და ბოლნისელებისთვის მხოლოდ ყოვედღიური ყოფის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა კი არ ისპობა, არამედ ამასთანავე საკუთარი განუმეორებელი გარემოც, ბუნებრივი ლანდშაფტიც და მასთან დაკავშირებული სიამაყის, ღირსების განცდა. ადგილობრივი მოსახლეების მიერ “მუზეუმად“ მონათლული საყდრისის გვირაბები შორეულ წარსულთან გადებული ხიდიც იყო და მომავლისკენ გზის გზამკვლევიც.

 

საყდრისის განადგურებით და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსატუტი მოედნების შექმნით კიდევ უფრო დამძიმდება ისედაც უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წლების მანძილზე შექმნა დღეს იქ მომუშავე სამთამადნო კომპანიამ ყველაზე იაფი და აგრესიული მეთოდების გამოყენებით. ამ კომერციული საქმიანობის შედეგად ბალიჭებსა და მიმდებარე სოფლებში ბავშვები ჩაკირული ფილტვებით იბადებიან, ბაღჩებში ბოსტნეული ლპება და ხეებზე ნაყოფი შავდება ისე, რომ დამწიფებასაც ვერ ასწრებს. დაბინძურებული წყალი და ნიადაგი წამლავს არა მხოლოდ ბოლნისის, არამედ მარნეულის სავარგულებსაც, რომლებიც ნახევარ საქართველოს ამარაგებს მწვანილითა და ბოსტნეულით.

 

საყდრისის განადგურებით მნიშვნელოვნად დაკნინდება და შეილახება საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ქვეყნისა, რომელმაც არა მხოლოდ თავისი ფასეულობა გაანადგურა, არამედ მსოფლიოს მოუსპო კაცობრიობის საწყისი ეტაპის განვითარების თვალგადევნების, პრეისტორიულ ხანაში მეტალურგიის ხელოვნებისა და საწარმოო პროცესის ჩამოყალიბების, სოციალური განვითარების კვალი. საერთაშორისო სამეცნიერო წრეების გულისტკივილი მით უფრო დიდია, რომ საყდრისის არქეოლოგიურ მემკვიდრეობას წლების მანძილზე სწავლობდა გერმანულ-ქართული ექსპედიცია, 2013 წლიდან კი გერმანიის სამეცნიერო გაერთიანება (DFG), საფრანგეთის სამეცნირო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS) და ლიონის აღმოსავლეთის არქეოლოგიის მისია, რომელშიც მონაწილეობდნენ ბოხუმის სამთო მუზეუმის, რურისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე წამყვანი ფრანგი და ბრიტანელი მეცნიერები.

 

საყდრისის არქეოლოგიურ ძეგლზე გაჩაღებული ქმედებებით შეილახა კანონის უზენაესობის პრინციპი: უხეშად დაირღვა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და თვით საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი, რომლის თანახმადაც “სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას“.

საყდრისის განადგურება ნიშნავს ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევას, რომელსაც კი მიერთებულია ჩვენი ქვეყანა: 1972 წლის იუნესკოს კონვენცია მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, 2005 წლის იუნესკოს კონვენცია კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის შესახებ, 2005 წლის ევროსაბჭოს ე.წ. ფაროს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისთვის, 1985 წლის ევროსაბჭოს კონვენცია არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ; 1992 წლის ევროპის კონვენცია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. ამასთან ერთად, საქართველომ დაარღვია ახლახანს რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულების პირობები, რომლის 362-ე და 363-ე მუხლები ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების, დაფასებისა და განვითარებისთვის.

საყდრისის განადგურებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ ართმევს იმ ძეგლს, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთრებაა.  

საყდრისის განადგურება ცხადყოფს სავალალო ფაქტს: საქართველოს ხელისუფლებისთვის კულტურული მემკვიდრეობა არ წარმოადგენს ფასეულობას. შესაბამისად, იგი უგულებელყოფს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი კულტურის როლს მისი სიცოცხლისუნარიანი განვითარების პროცესში.

საყდრისის განადგურების შემთხვევაში აშკარა გახდება ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მომეტებულ საჯარო ინტერესს, საზოგადოებასთან დიალოგისა და გამჭვირვალების გარეშე წარმართავს პროცესებს.

 

იმ შემთხვევაში, თუკი საყდრისის დამანგრეველი სამუშაოები არ შეჩერდა, გაჩნდება შეკითხვა, რატომ მფარველობს საქართველოს მთავრობა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კერძო კომპანიას, საკუთარი მოქალაქეების ღირსებისა და უფლებების შელახვისა და საქართველოს ბუნებრივი და კულტურული რესურსების განადგურების ხარჯზე.

 

ასე და ამგვარად, რუსული კომპანიის გაურკვეველ მფლობელთა “გაუმაძღარ სურვილისამებრ“ (როგორც ილია იტყოდა) ითელება ჩვენი ეროვნული განძი, ნაცვლად “ნაშრომის გაფრთხილებისა“ და “პატრონობის“ ყველა ჩვენგანის, ჩვენი კულტურული საგანძურის მემკვიდრეებისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.  

 

ამ კონტექსტში ნათლად გამოჩნდა ჩვენი მთავრობის მიკერძოებული, სახელმწიფო ხედვა, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივს მოკლებული დამოკიდებულება, რომელიც “დაგვირგვინდა“ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ კულტურული მემკვიდრეობის საპირწონედ სოციალური პრობლემების დაყენებით და ძეგლის “სტერილურ არქეოლოგიურ ობიექტად“ მონათვლით. ამ განცხადებებით კიდევ ორი მძიმე რეალობა გამოიკვეთა:

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ კულტურული და სოციო-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ჭრილში განხილვა შეცდომაა: მუშების ხელფასის საპირწონედ კულტურული მემკვიდრეობა კი არ უნდა განიხილებოდეს, არამედ ოქროს მომპოვებელი კერძო კომპანიის მიერ მათი ეკოლოგიური გარემოს დაბინძურება, ჯანმრთელობის გაუარესება და შრომითი უფლებების შელახვა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რომ არ არსებობს “სტერილური არქეოლოგიური ობიექტი“.

 

კულტურის სფეროში სახელმწიფო ხედვის უქონლობამ თუ დანაშაულებრივმა ხედვამ და ბოლო დროს დაშვებულმა სისტემური ხასიათის შეცდომებმა უმძიმეს ვითარებამდე მიიყვანა ჩვენი ოდითგანვე გამორჩეული საამაყო კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობა.

 

ამ მემკვიდრეობას კიდევ ერთი უმძიმესი ლახვარი ერგო წილად წინასაშობაო პერიოდში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ძეგლზე გამანადგურებელი სამუშაოების დაწყებისა თუ ბერიკლდეების ყორღანების ბულდოზერს ქვეშ მოქცევით. საკუთარი მთავრობის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით ახალი წლის მილოცვა ქართველთათვის კიდევ ერთი მძიმე გამოცდაა. ეს გამოცდა მით უფრო მტკივნეულია, რომ საყდრისის პრეცედენტი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის დარგს და გამოაშკარავა მთელი რიგი პრობლემებისა გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ სფეროებში. აშკარაა კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა, რაც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამკვიდრების ნებას.

 

დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია საყდრისის ნაწილობრივ გადარჩენა მაინც, თუკი იქ დაუყოვნებლივ შეჩერდება სამუშაოები. აუცილებელი იქნება ძეგლის დღევანდელი მდგომარეობის ფიქსაცია საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი არქეოლოგებისა და გეოლოგების მიერ, და მომდევნო შესწავლის დაგეგმვა; აუცილებელია დაიწყოს ღია დიალოგი ფართო საზოგადოებას, დაინტერესებულ სამოქალაქო ჯგუფებს, მთავრობასა და ბიზნესს შორის ადგილობრივი თემის, რეგიონისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საუკეთესო გზების შემუშავების მიზნით, კულტურული, სოციო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.

 

საყდრისის მაგალითმა აჩვენა, რომ საქართველოს – ესოდენ მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე ქვეყნის – დღევანდელ მთავრობას არ ესმის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის ის საფუძველი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს, ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს და საკუთარ თავში რწმენას გვაძლევს.  ეს არის გენეტიკური გამოცდილების, ცოდნისა და კეთილდღეობის წყარო. ამ მთავარი ფასეულობის შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის საქმეში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, დარგში ამ ბოლო დროს დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამოსწორების და მომავალში მათი თავიდან აცილების აუცილებელი პირობაა…

 

დასასრულ, ისევ ილიას სიტყვებს გავიმეორებ:

“იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ“.

 

გავუფრთხილდეთ ჩვენი წინაპრების ნაშრომს, ნუ გავთელავთ, ნუ გავანადგურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულდოზერით მიწასთან გასწორებული საქართველოს განუმეორებელი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ოცნების სფეროსღა თუ შემორჩება.  

მარინე მიზანდარი
მარინე მიზანდარი

ავტორის შესახებ

მარინე მიზანდარი არის 
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი