ნეტგაზეთი | “კაბელების საქმე” და საიდუმლო შესყიდვები წესის გარეშე “კაბელების საქმე” და საიდუმლო შესყიდვები წესის გარეშე – Netgazeti

“კაბელების საქმე” და საიდუმლო შესყიდვები წესის გარეშე

გასული თვის 28-ში საზოგადოებამ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავავების შესახებ გაიგო. ე.წ. კაბელების საქმე, სხვა საინტერესო დეტალების პარალელურად, იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქმე გვქონდა შესყიდვასთან, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თუმცა ამჯერად მინდა შევეხო  არა მთლიანად სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ მის ერთ ელემენტს. კერძოდ, შესყიდვას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების საფუძველზე ხორციელდება.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ერთი საგულისხმო ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც ეს კანონი არ ვრცელდება იმ კატეგორიის სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას უკავშირდება. ამრიგად, სახელმწიფოს ცალკე წესი უნდა ჰქონდეს იმ ტიპის შესყიდვებისთვის, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მთავარი კითხვაც ის არის, აქვს თუ არა სახელმწიფოს განსაზღვრული  ასეთი წესი? პასუხი მარტივია – არა. 


დიახ, სახელწიფოს დღეისთვის არ აქვს განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული – სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხა და შესყიდვების განხორციელების წესი იქნებოდა დადგენილი. არადა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერების მიხედვით ზემოთ აღნიშნული წესების შემუშავება უშიშროების საბჭოს კომპეტენციაა, ხოლო დამტკიცება- საქართველოს მთავრობის. თუმცა, რაც არ გვაქვს, არ გვაქვს. 


მოდით, ე.წ. კაბელების საქმეს მივუბრუნდეთ და რამდენიმე საგულისხმო მომენტი გავიხსენოთ, რომელიც უშუალოდ საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების დღესვე საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ:


თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ვითომდა ბაზრის საკვლევად და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა; 


მოწვევა სს ,,სილქნეტთან“ ერთად გაეგზავნა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა 5 სექტემბრამდე მიეცათ. ვინაიდან ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იყო არარეალურად მოკლე ვადა, ოთხმა კომპანიამ შეძლო  მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა;


თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, მოხდა  კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში დაფიქსირებული მხოლოდ მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით  შედგენილი იქნა შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც  თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილი იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები  უკვე გახსნილი  იყო და პრეტენდენტებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ  გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები;


საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს  თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის  და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში;


– წინადადებების განხილვისას და შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სხვა სახელმწიფო სამსახურებში შეგნებულად არ გაარკვიეს ანალოგიური ქონების შეძენის პირობები და ღირებულება, რადგან აღნიშნული მომსახურების და საქონლის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით შეღავათიან ფასად შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან;


თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით სს „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ  (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი;


ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არის, როგორც ეს პროკურატურამ აღნიშნა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან „ნამდვილად“ ჰქონდა ადგილი „ვითომდა“ ბაზრის კვლევას. ან თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იყო არარეალურად მოკლე ვადა, ან კიდევ არ იყო დაცული წინადადებების გახსნის წესი და პრეტენდენტებს არ გააცნეს ერთმანეთის შემოთავაზებები. ყველა ამ საკითხთან მიმართებაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ამას პროკურატურა აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესყიდვის წესები არ დაურღვევიათ. რატომ? იმიტომ, რომ თუ წესი არ არსებობს, მაშინ მას ვერც დაარღვევ.


ამ ფონზე ბუნდოვანია, თუ როგორ მოხდა სს „სილქნეტის“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს თავისუფლად შეეძლო მხოლოდ „სილქნეტი“ მოეწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად და მხარეები მშვიდად შეთანხებულიყვნენ ხელშეკრულების ღირებულებასა და პირობებზე. ასევე, რა მნიშვნელობა აქვს სამინისტრომ შეგნებულად არ გაარკვია ანალოგიური მომსახურების შეძენის პირობები და ღირებულება, თუ შეუგნებლად. მთავარი ის არის, რომ, სამწუხაროდ, მსგავსი გარკვევის ვალდებულება საერთოდ არ აქვს საიდუმლო შესყიდვის განმარხორციელებელს.


კიდევ ერთი, პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა ავანსად გადარიცხულ თანხაზე. წესით, ეს თემა საერთოდ არ უნდა გამხდარიყო განსჯის საგანი. არა იმიტომ, რომ მსგავს თემებზე განსჯა და მსჯელობა აკრძალულია, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი მოვლენა არსებული პრაქტიკაა იმ შესყიდვებშიც კი, რომელიც არ ატარებს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების სტატუსს და სტანდარტული სახელმწიფო შესყიდვების კატეგორიას განეკუთვნება (სხვა საკითხია ეს პრაქტიკა სამართლიანია, თუ არა). სხვათა შორის, ჩვეულებრივ სახელმწიფო შესყიდვებში, განსხვავებით საიდუმლო შესყიდვებისგან, ავანსად თანხის გადახდის რეგულაციებიც არსებობს და იმაზე ბევრად დიდი ღირებულების კონტრაქტებშიც გამოუყენებიათ, ვიდრე ეს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში იყო. მათ შორის, ავანსად თანხის გადახდის შესაძლებლობას ითვალისწინებდა სხვადასხვა დროს,  „კაბელების“ საქმეზე მომჩივან „დელტა კომთან“ გაფორმებული სტანდარტული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.


ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ – „კაბელების“ საქმემ ნათლად აჩვენა, რომ საიდუმლო შესყიდვების მიმართულებით სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები აქვს. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი საიდუმლო შესყიდვების ნუსხა და შესყიდვის განხორციელების წესი. ამგვარი რეგულაციების არარსებობა საუკეთესო წინაპირობაა, როგორც მინიმუმ, კორუფციული რისკების შემცველი გარიგებების დასადებად. მოკლედ, იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ წლების განმავლობაში სახელმწიფო საიდუმლოების სახელით – ვინ, რას, როგორ და ვისგან ყიდულობდა.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია