კომენტარი

აშურა – გლოვისა და თანაგრძნობის გამოხატვის დღესასწაული

4 ნოემბერი, 2014 • • 2904
აშურა – გლოვისა და თანაგრძნობის გამოხატვის დღესასწაული

აშურა წარმოადგენს იმ ბრძოლის გახსენებას, რომელიც 680 წელს მოხდა ქარბალაში, დღევანედელი ერაყის მიწა-წყალზე. ამ ბრძოლაში წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა იყოს მასზე) შვილიშვილი ჰუსეინი და მისი 72 მხლებელი ვერაგულად იქნენ მოკლული. მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევართა შორის, მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ. 


თავისი თალხი და სამგლოვიარო ხასიათით ეს დღესასწაული გვახსენებს იომ-ქიფურის დღესასწაულს იუდაიზმში და წითელი პარასკევის დღესასწაულს ქრისტიანობაში. აშურას კომემორაციას ერთ-ერთი ცენტრალური და იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი უკავია შიიტურ ისლამში. თავისი დრამატული ლიტურგიული და რიტუალური გამოხატულებით აშურას სხვა ვერც ერთი დღესასწაული ვერ შეედრება შიიტურ ტრადიაციაში.


ერთი მხრივ, ჰუსეინის მოწამეობა სიმბოლო არის ღალატისა და უსამართლობისა, მეორე მხრივ, ის სიმბოლოა ყველა იმ ტკივილისა და ემოციური ტანჯვისა, რომელსაც უდანაშაულოდ ჩაგრული ადამიანი განიცდის ყველა თაობაში. 


ჩემთვის პატივი იყო, ჩემს მუსლიმ და ქრისტიან მეგობრებთან ერთად, შარშან მუჰარამის თვეში მომელოცა ქარბალა, სადაც იმამ ჰუსეინის საფლავი მდებარეობს. ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი რელიგიური გამოცდილება. არსად და არასდროს მენახა მანამდე ათასობით ქვითინით მტირალი ადამიანი: ქალები, კაცები, მოხუცები და ჯიელები. ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, როგორი პატივით მიგვიღეს იმ გრანდიოზულ მეჩეთში, სადაც იმამ ჰუსეინის ოქრო-ვერცხლით გამშვენებული საფლავი მდებარეობს. როდესაც ჩვენი დაკუნთული დაცვა გზას მიგვიკვლევდა საფლავისკენ, ყურში მესმოდა “მასიჰი, მასიჰი!” (არაბულად “ქრისტიანები, ქრისტიანები!”). ეს საკმაოდ თვალში საცემი იყო, მე და მეუფე ილია ოსეფაშვილი ანაფორებში ვიყავით შემოსილი. შიიტების ერთ-ერთ ყველზე წმიდა ადგილზე, სადაც გაცილებით მეტი მლოცველი ჩადის, ვიდრე მექაში, ჩვენ მიგვიღეს, როგორც თავისიანები. არა მარტო მიგვიღეს, არამედ ამ წმიდა ადგილას, მლოცველები ჩვენგან ითხოვდნენ დალოცვას. ერთ ხანს ვყოყმანებდი, ვფიქრობდი, როგორ გავკადნიერდე და მე როგორ დავლოცო ეს ხალხი, როცა ირგვლივ ამდენი აიათოლლა და მოლაა-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უარის თქმა არ შემეძლო. დასალოცად მოდიოდნენ მოხუცები, ახალგაზრდები, ქალები…


მე ვფიქრობ, რაც მეტი ქრისტიანი მოილოცავს ქარბალას, მით უფრო ადვილი იქნება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა და სიყვარულის დამყარება. ტკივილი ქრისტიანებმა, მუსლიმებმა და ყველა ადამიანმა, გინდ რელიგიური იყოს და გინდა არა, კარგად ვიცით რას ნიშნავს. ქარბალა კი უსამართლობის შედეგად მოყენებული ტკივილის გამოგლოვების სიმბოლოა.


მე სამძიმარს ვუცხადებ ჩემს შიიტ დებსა და ძმებს, რომლებიც დღეს ასრულებენ თავიანთი გლოვის პერიოდს. ამავდროულად, ჩემს სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაგრავენ თუ რელიგიური, თუ ეთნიკური, თუ რასობრივი, თუ პოლიტიკური, თუ რომელიმე სხვა ნიშნით.

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი