კომენტარი

პ.ა.რ.ა.ზ.ი.ტ.ი.ს ჩვენ გვწამს – ქართული პავილიონის “კამიკაძე ლოჯიის” ბედის შესახებ

8 ნოემბერი, 2014 • • 1790
პ.ა.რ.ა.ზ.ი.ტ.ი.ს  ჩვენ გვწამს – ქართული პავილიონის “კამიკაძე ლოჯიის” ბედის შესახებ

ას წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ვენეციის ბიენალეში საქართველოს მონაწილეობა დაახლოებით მხოლოდ 12 წლის წინ გახდა შესაძლებელი. ესეც საინტერესო ისტორიაა – რომელი ქართველი ხელოვანი როდის და როგორ იღებდა მასში მონაწილეობას. მაგრამ ჩვენ ახლა სხვა პრობლემაზე ვსაუბრობთ, ბიენალეში ჩვენს შეუფერხებლად მონაწილეობაზე, რაც ჩვენი კულტურის პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი უნდა იყოს და რაზეც გავლენა არ უნდა იქონიოს არანაირმა პოლიტიკურმა, სახელისუფლებლო თუ თანამდებობრივმა ცვლილებებმა.

 

ასეა ყველგან – თითოეული ქვეყნის ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა გარანტირებულია, მიუხედავად ნებისმიერი სახის შიდა პროცესებისა. ჩვენთან კი მუდმივად დგება დროის, დროში ჩატევის და მოსწრების პრობლემა, რაც მთლიანად დამოკიდებულია აღნიშნულ შიდა პროცესებზე – ცვლილებებზე საკადრო პოლიტიკაში და შედეგად იმის ყოველ ჯერზე ხელახალ გააზრებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიენალეში მონაწილეობა, ბიუჯეტში მისი დაფინანსების გათვალისწინებაზე, შემდეგ სამუშაო ჯგუფის დროულად შექმნაზე, კონკურსის გამოცხადების ვადებზე, პროექტების შემრჩევი კომისიის შექმნაზე და ა. შ. შედეგად, კურატორებს და ხელოვანებს არ რჩებათ კონცეფციებზე მუშაობის და მისი სრულყოფილად განხორციელებისთვის საკმარისი დრო. ნაჩქარეობა ყოველთვის თან გვდევს.

 

წელსაც ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია, რომ საქართველო ბიენალეში მიიღებს მონაწილეობას. არადა, ეს დასაჩქარებელია, რადგან წელს ბიენალე ადრე გაიხსნება –  ნაცვლად 1 ივნისისა, 9 მაისს. გამოდის, რომ ჩვენ სამუშაოდ გვაკლდება მთელი ერთი თვე; რჩება მხოლოდ 6 თვე, რაც საგანგაშოდ მოკლე ვადაა…

 

ახლა რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას 2013 წლის 55-ე ვენეციის ბიენალეზე, რამაც აქ, ადგილობრივად საკმარისი ვნებათაღელვა გამოიწვია სხვადასხვა მოტივაციით: 1. რატომ უცხოელი კურატორი (ქართული პავილიონის კურატორი პოლონელი იოანა ვარშა იყო), 2. რა არის ეს «კამიკაძე ლოჯია», რომელიც «არცხვენს» ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურას. იყო ასეთი აზრიც: ასეთ პროექტს ჩვენც გავაკეთებდით.

 

სხვათაშორის იყო კიდევ ერთი პრეტენზია, რომ კონკურსი ფორმალურად ჩატარდა და პროექტი წინასწარ იყო შერჩეული. ეს პროექტების შემრჩევ კომისიას უნდა ვკითხოთ, დანარჩენს კი გავცემ პასუხს, რადგან ამას მნიშვნელობა აქვს მომავალი ბიენალესათვის:

 

რატომ უცხოელი კურატორი

 

ყველას, ვინც იცნობს ბიენალეს ნაციონალური პავილიონების მუშაობის სპეციფიკას, შევახსენებ, რომ უცხოელი კურატორების და ხელოვანების მოწვევა ჩვეულებრივი მოვლენაა. მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ მე აღვნიშნავ მხოლოდ ჩვენს მიზეზებს.

 

ჯერ ერთი, თუ არ გვინდა მუდმივად ლოკალურად ჩაკეტილები ვიყოთ, არამედ გვინდა რაიმენაირად შევუერთდეთ საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეს, ჩვენ ამისთვის საზღვრები რეალურად უნდა გავხსნათ და გამოვიყენოთ ყველანაირი ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობა; მითუმეტეს არ უნდა ვითაკილოთ და ღირსების შემლახველად ნამდვილად არ უნდა აღვიქვათ უცხოელი კურატორის მოწვევის საერთაშორისო პრაქტიკა და მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, როგორიცაა ვენეციის ბიენალე.

 

ქართული პავილიონისთვის ჩასატარებელი კონკურსი გახსნილი უნდა იყოს საერთაშორისო სახელის მქონე კურატორებისთვის, რომლებიც იმუშავებენ ქართველ ხელოვანებთან ერთად. ეს ელემენტარული ტაქტიკური და სრულიად პრაგმატული სვლაა მიმართული ჩვენივე მოგებისკენ. კი, ბატონო, აქ ხორციელდება საერთაშორისო პროექტები, ჩამოდიან უცხოელი ხელოვანები, აქედან მიდიან ქართველი ხელოვანები სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე 25 წელია ჩვენ ვერაფრით ვახერხებთ საერთაშორისო სახელოვნებო რუკაზე მოხვედრას. ჩვენი კონტაქტი გარე სახელოვნებო სამყაროსთან სამწუხაროდ ისევ ფრაგმენტული და ისევ არასტაბილურია…

 

ადგილი ამ რუკაზე ალბათ მოსაპოვებელია ორი გზით – ერთია მაქსიმალურ გახსნილობაზე ორიენტირებული კულტურის პოლიტიკა და მეორეა პროფესიონალების მუდმივი ძალისხმევა, თუნდაც პირადი გარე კონტაქტების აქტიურად გამოყენება და უცხოელი კარგი პროფესიონალების დაინტერესება ჩვენი ხელოვნებით, მათთან თანამშრომლობა. მაგრამ ამისთვის ჩვენ თავადვე უნდა გავაცნობიეროთ ჩვენს თანამედროვე ხელოვნების მდგომარეობაში არსებული გარკვეული ხარვეზები.

 

თანამედროვე ხელოვნებას აქ ხშირად საყვედურობენ პასიურობასა და არა-აქტუალურობას ისე, რომ არ უღრმავდებიან მის სპეციფიკას. თანამედროვე მხატვრული ნაწარმოების აქტუალურობის დანახვა ხომ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ თანამედროვე ხელოვნების ენა ვიცით, ნამუშევრის ტექსტის წაკითხვა შეგვიძლია, რადგან თანამედროვე ხელოვნებას რაც არ ახასიათებს, ესაა უპირველეს ყოვლისა რეპრეზენტაციულობა, ილუსტრაციულობა და პირდაპირი თხრობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ტრადიციულსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის სწორედ ერთის რეპრეზენტაციულობა და მეორის პრეზენტაციულობაა, რაც ქმნის კიდევაც მის სპეციფიკურ ენას და რისი წაკითხვაც ხშირად რთულდება სწორედ ამ ენისადმი ჯერ კიდევ მიუჩვევლობის გამო. ამიტომაც ხშირად იოლად გამოგვეპარება ხოლმე ამა თუ იმ ნამუშევრის აქტუალურობა…

 

თანამედროვე ხელოვნების პრეზენტაციული ბუნებაა ის ერთ-ერთი მიზეზიც, რატომაც ხელოვნების ისტორიის სრულიად კონკრეტულ ეტაპზე ჩნდება თანამედროვე ხელოვნებაში კურატორის ინსტიტუტის საჭიროება, და აი ამაში გვაქვს ხარვეზი, რაც არა მხოლოდ უნდა ვაღიაროთ, არამედ კარგად გავიცნობიეროთ.

 

გამოფენის კურატორობა, მის მხოლოდ ორგანიზებას, ნამუშევრების შეკრებას და მათ სივრცეში განთავსებას არ გულისხმობს. არ დავიწყებ რეპრეზენტაცია/პრეზენტაციას შორის არსებულ განსხვავების განმარტებას, რამდენადაც ეს ცნობილი თემაა, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ რამდენადაც რეპრეზენტაციული ხელოვნება, გამომდინარე თავისი არსიდან, გაცილებით იოლად ზრუნავს თავის თავზე, თვით-გამოვლენაზე, ვიდრე პრეზენტაციული, კურატორმა ითავა ამ უკანასკნელის ზრუნვის  ფუნქცია[ii] იმგვარი კონცეფტუალური გარემოს შექმნით, რომელშიც თითოეული მულტი-ტექსტური ნამუშევარი (ეს პრეზენტაციული ხელოვნების ერთი თვისებაა) თავისი მნიშვნელობას, აზრს (თუნდაც ერთ-ერთს), კონტექსტუალურად გახსნის. ან პირიქით, მიმართავს მის რეკონტექსტუალიზაციას, მის უცხო კონტექსტში გადასმას, რის შესაძლებლობასაც ეს ხელოვნება თავისუფლად იძლევა.

 

ლიოტარმა, რომელიც სულაც არ იყო კურატორი, ერთხელ პომპიდუს ცენტრში გამოფენა გააკეთა, რომელმაც გავლენა იქონია კურატორობის ფილოსოფიაზე. გამოფენას ერქვა Les Immatériaux.  პომპიდუს სივრცეები გაივსო ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებით, ხელოვნური ტყავით, კევლარით, ჯოვანი ანსელმოს, დანიელ ბურენის, დენ ფლავინის ნამუშევრებით. ლიოტარმა მაქსიმალურად დრამატული სივრცე შექმნა, რომელშიც ამ არტისტების რეკონტექსტუალიზებულმა ნამუშევრებმა ძალიან სპეციფიკურად იმუშავეს.

 

მან, როგორც ობრისტი ამბობს, თავისი ფილოსოფია გამოფენის ლაბირინთებში გადაიტანა, შექმნა იდეა და არა მისი ილუსტრაცია. ამავე დროს მან აჩვენა, რომ მხატვრული ნაწარმოებების ერთ სივრცეში თავშეყრისას კურატორი გამოფენას არა მხოლოდ «თავისი კონცეფციის» გამოფენად აქცევს, არამედ სათქმელს მხატვრებს/ ნამუშევრებს უტოვებს, რომლებიც ახალი კონცეფციის, ახალ სივრცის, ახალი კავშირების, სხვა ტექსტების გარემოცვაში, სხვა მხატვრულ ობიექტებთან კონტაქტში, ახალ კონ-ტექსტებს გახსნიან…

 

კურატორის საქმე კარგ მენეჯმენტსაც გულისხმობს – პროფესიული გუნდის შექმნას, საქმის სწორ წარმოებას, სწორად გათვლილ ტექნიკურ ნაბიჯებს, მედიასთან გააზრებულ, ზუსტ მუშაობას, ზუსტ გზავნილებს. ეს საკმაოდ რთული საქმეა… ზედმეტად ქრესტომატიული კია რასაც ვამბობ, მაგრამ ხშირად რთულია ჩვენთან ამ ყველაფრის განხორციელებაც კი.

 

მხოლოდ ოთხ მიზეზზე შევჩერდები: ა) საკურატორო ინსტიტუტის დღემდე ჩვენში ჩამოუყალიბებლობა, მისი მხოლოდ მომიჯნავე პროფესიად არსებობა, ბ) ჩვენი პროფესიული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სისტემის მიერ საკურატორო განათლების მუდმივი უგულვებელყოფა, გ) მედიასთან მუშაობის გამოუცდელობა (აქ მედიასთან მუშაობა პროექტის წარმატების მექანიზმსაც კი არც წარმოადგენს), დ) ის, რისგანაც ალბათ უნდა დამეწყო – ესაა კურატორისთვის მუდმივი მუშაობის პირობების არარსებობა, რაც აუცილებელია როგორც პროფესიული ზრდისთვის, ისე პროფესიული ინსტიტუტის შექმნისთვის. ეს ყველაფერი ჩვენში შეუძლებელია არა იდეებისა და კონცეფციების არ არსებობის მიზეზით (დარწმუნებული ვარ ამის ნაკლებობა არ გვაქვს), არამედ ქვეყნის შიგნით თანამედროვე ხელოვნებისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო.

 

რამდენი საკურატორო გამოფენა მოეწყო ბოლო 20-25 წლის განმავლობაში: 100, 1000, თუნდაც 10 000? რამდენი გამოფენა აქვთ ამ ათწლეულებში შეტანილი ჩვენს კურატორებს თავიანთ CV-ში? შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს რაოდენობა საკმარისია პროფესიული წელგამართულებისთვის? თუ ეს საქმე ისევ და ისევ მომიჯნავე პროფესიად რჩება?    

 

რამდენი სივრცეა და რა ფინანსებია იმისთვის, რომ თანამედროვე ხელოვნების კურატორებმა თავიანთი პროექტები განახორციელონ? მესმის რომ საკურატორო ექსპერიმენტები დაბალბიუჯეტინიც შეიძლება იყოს, მაგრამ საიდან ეს დაბალი ბიუჯეტიც კი? ბიზნესმენებთან პერსონალური კონტაქტებისა და მათ გემოვნებაზე ორიენტაციის ხარჯზე? «კარიდან გაგისტუმრებს, ფანჯრიდან შეხვალ» პრინციპის ხარჯზე? გვაქვს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე კურატორების საქმე არა ფრაგმენტულ, იშვიათ  გამონაკლის, რამისაა მოვლენად, არამედ სამუშაო პროცესად ვაქციოთ? იზრუნა ამაზე არარსებულმა კულტურის პოლიტიკამ? შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ ყველა კულტურის სამინისტროს შემყურე არ იყოს, რაც არანორმალური მოვლენაა და რაც პროფესიული მუშაობის პროცესის ჩამოყალიბების შეუძლებლობის პირობას ქმნის? ანუ შექმნა ოდესმე კულტურის სამინისტრომ იმგვარი ინფრასტრუქტურა, რომ თავად გრანტის გამცემი ორგანიზაციიდან ქვეყნის კულტურის სტრატეგიაზე მომუშავე ინსტიტუციად ჩამოყალიბებულიყო?

 

ხშირად ამბობენ, რომ ხელოვნებას ბაზარი უნდა არეგულირებდეს და არავითარ დაფინანსებას ის არ საჭიროებსო. აი რომელ ბაზარს გულისხმობენ, ვერაფრით ვხვდები. თქვენ გაგიგიათ ასეთი ბაზრის არსებობის შესახებ ჩანასახის სახით მაინც? ბაზარი ხელოვნების საზღვრების გახსნის, მისი გასაერთაშორისების  შემთხვევაშია შესაძლებელი, და რა ბაზარზეა ლაპარაკი, როცა ჩვენი ღარიბი ხელოვნება თბილისს და მის 2-3 უბანს ვერ გასცილებია!

 

როცა ხელოვნების იმპორტის და ექსპორტის მაჩვენებელი ნულოვანია, როცა ხელოვნების ნამუშევრები თითქმის უფასოდ იყიდება, როცა კურატორებსაც არ ეძლევათ საშუალება ხმა მიაწვდინონ და გააგებინონ საზოგადოებას, რომ არსებობს ასეთი რამ – თანამედროვე ხელოვნება. ეს აყალიბებს თანამედროვე ხელოვნების მიმართ განწყობას რაღაც არასერიოზულის, გაუგებარის, თინეიჯერულის, დროებითი გასართობის, მსგავსად იმისა, საბჭოთა დროს რომ იწერებოდა ხოლმე ვინმე ხელოვანზე, 1910-იანი წლებში ახალგაზრდული მოდერნისტული ძიებების სენით იყო შეპყრობილიო, რამაც მალე, 1930-იანში (!) გადაუარა, განიკურნა და ზრდასრულ მხატვრად ჩამოყალიბდაო!

 

ასე, თავად პროცესის არარსებობის გამო, გვეკარგებიან ხელოვანები, მათი კარგი, მაგრამ სამუდამოდ განუხორციელებელი პროექტები; ვერ იქმნება ან თუ იქმნება, ხშირად ვერც კი იკითხება/გაიაზრება ისინი. ასე ეკარგება აქტუალურობა არა თუ მხატვარს, ნამუშევარს, არამედ თავად თანამედროვე ხელოვნებას, რომლის მიზანი სულაც არაა მიმდინარე სხვადასხვა მოვლენების უკან დევნა და მასზე ფაქტობრივად კარიკატურების შექმნა, რასაც აქ რატომღაც ხშირად ითხოვენ მისგან «აქტუალურობის» სახელით.

 

თანამედროვე ხელოვნება ინსტიტუციონალიზდა ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასი 1968 წლის ევროპული რევოლუციის შემდეგ. და ეს ინსტიტუციონალიზმი, თავისი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით, უზრუნველყოფს თანამედროვე ხელოვნების არსებობას. ამ მხრივ იმპრესიონისტების ან თუნდაც ადრეული, ისტორიული მოდერნიზმის დრო ისტორიას ჩაბარდა და ჩვენც კი, კულტურის თვალსაზრისით ინფრასტრუქტურულად განუვითარებელი ქვეყანა, ვერ აღვადგენთ მას. უფრო თავად თანამედროვე ხელოვნებას თუ გავაქრობთ და სამუდამოდ გავწირავთ ხელოვანს.

 

და ამ პირობებში ჩვენ გვაღიზიანებს უცხოელი კურატორების მოწვევა ვენეციის ბიენალეს ქართული პავილიონისათვის, რომლის სივრცე ნამდვილად არ გამოდგება პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შესაბამისად მას გამოცდილების მიღება/ამაღლების მხრივ საექსპერიმენტო ადგილად არ უნდა ვაქციოთ.

 

რა არის ეს «კამიკაძე ლოჯია», რომელიც «არცხვენს» ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურას!


ამგვარმა დამოკიდებულებებმა თანამედროვე ხელოვნებისადმი გააჩინა ალბათ ეს შეფასებაც – «შერცხვენილი» მრავალსაუკუნოვანი კულტურა. რატომ? პროექტის რა ნაწილით და რა ნიშნით შეარცხვინეს ჩვენი კულტურა მისმა ავტორებმა?

 

ეტყობა თავის დროზე ისეთი დისტანცირება მოახდინეს ჩვენგან ამ მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის,  რომ დღეს ის ჩვენთვის უბრალოდ უცნობია. პიედესტალიზებული, იერარქიზებული, ის კარგა ხანია აღარაა ჩვენს ჰორიზონტალში, «საკრალიზებულია» და შეუფასებელიც. ამ არცოდნის შედეგი თუა შუაზე გახლეჩილი დღევანდელი დამოკიდებულება საკუთარი ისტორიისადმი:  ერთია სრული პიეტეტი, მოწიწება, დაცლილი ანალიტიკურობისგან, შემეცნებისგან, მხოლოდ პიედესტალის კენწეროს ქვევიდან ზევით «საკრალურის» ცქერით კმაყოფილება და მეორე, ერთგვარი კარნავალიზაცია, პიედესტალს დაჭიდება და მისი თავდაყირა დაყენების სურვილი; პროფანიზაცია და გაუფასურება. ერთგვარი კარნავალურ-მდაბიური აწყვეტილობა.

 

არადა თავად კამიკაძე ლოჯიის პროექტით ჩვენი კულტურის მრავალსაუკუნოვან ისტორიას არც არავინ შეჭიდებია, არც ქვემოდან ზევით უჭვრეტია და არც ზემოდან უცდია მისი გადმოყირავება, და არც ვენეციის ბიენალეა კულტურის მწვერვალების რეტროსპექტული ჩვენების ან მისი გაუფასურების ადგილი.

 

პროექტი მრავალშემადგენელი იყო, მაგრამ შევჩერდები ნაგებობაზე – კამიკაძე ლოჯიაზე, გაღიზიანების  მთავარ ობიექტზე. ის იყო ქართული პავილიონიც და ხელოვანის გიო სუმბაძის ურბანული კვლევების შედეგად შექმნილი კონსტრუქცია-ობიექტი. 

 

დავიწყებ საერთაშორისო მედიით, მანამდე კი აღვნიშნავ, რომ ვენეციის ისტორიულ ნაწილში, არსენალზე, ანუ ბიენალეს ეპიცენტრში, სადაც განთავსებულია ბიენალეს მთავარი კურატორის საერთაშორისო გამოფენა, და სადაც პავილიონის გამართვა თავისი ადგილმდებარეობით, ისე მნახველების ძირითადი მასის სწორედ იმ ტერიტორიაზე მოძრაობის გამო, ყველაზე მომგებიანია, უცებ ერთი ძველი შენობის თავზე ჩნდება მეორადი სამშენებლო მასალებით სახელდახელოდ დაშენებული ლოჯია – არქიტექტურული პარაზიტი, რომელიც რესპექტაბელურ (ყველანაირი გაგებით), სტრუქტურაში იჭრება როგორც არაფორმალური ელემენტი.

 

პროფესიული საზოგადოებისთვის სწორედ ეს მოულოდნელობა იყო მომხიბვლელი. მე მეუბნებოდნენ უცხოელი პროფესიონალები, რომ იმ გარემოში «კამიკაძე»  სრულიად თავზარდამცემი კონსტრუქცია იყო. თავისთავად ეს პროვოკაციული სვლაა, რაც პავილიონის არქიტექტურის  შემთხვევაში არც თუ ხშირად ხდება ვენეციის ბიენალეზე.

 

ამიტომაა, რომ საქართველოს პავილიონს 50-ზე მეტი მედია გამოხმაურება ჰქონდა, წამყვან საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალებში, ელექტრონულ ჟურნალებში, წამყვან გაზეთებში: ARTFORUM international,  ARTINFO, Art Monthly, Flash Art-ის იტალიური გამოცემა, Artspace,  BLOUIN ARTINFO | The Premier Global Online Destination, MOUSSE MAGAZINE, Milano, Yishu Journal of Contemporary Chinese Art, wsimagazine.com (Wall Street Magazine), Design Context – Digital Review, Genius-Online.it | magazine mix of creative culture, artonair.org (CLOCKTOWER), Art-agenda.com, uncube digital magazine, baunetzwoche.de, Stylepark.com, artguide.com, a-n.co.uk, artpace.org, Tableau fine art magazine, Netherlands; The Guardian, The New York Times, The Architects Newspaper, Humboldt University Interdisciplinary Laboratory და ა. შ.

 

ეს ნამდვილად უჩვეულოა ჩვენი პავილიონისათვის, რაც არა მხოლოდ კარგი პროექტის კარგად განხორციელების, არამედ მედიასთან პროფესიული მუშაობის შედეგია. თუმცა არ გეგონოთ, რომ კულტურის სამინისტრომ ამ მედიებში სივრცეები იყიდა. არა, უბრალოდ კურატორმა პროექტი სწორად და საინტერესოდ წარადგინა.

 

ჟურნალი არტფორუმი  ვენეციის დღიურებში წერს, «ჯარდინიში არქიტექტურა დღის თემაა.  სარა ზე აშშ-ს პავილიონში წარმოდგენილი ინსტალაციით სამმაგი  წერტილი  შიდა და გარე სივრცეებს შორის საზღვარს აქრობს,  სიმრინ ჯილი ავსტრალიის პავილიონს სახურავს ხდის. ქართული პავილიონი ხეზე აშენებულ სახლს გავს, რომელიც ძველ შენობაზეა მიმაგრებული» და რომელიც, «ბიენალეს ლანდშაფტს ცვლის» (theculturetrip.com)

 

«ბიენალეს ლანდშაფტის შეცვლა» იოლი საქმეა არაა. ამიტომაც ჩვენებურ აღშფოთებას «რა არის ეს ხუხულა» იქაური საინტერესო ინტერპრეტაციები აშკარად უპირისპირდება.


«კამიკაძე ლოჯია» …, არსენალეს შენობის «პარაზიტულ» განვრცობა,  … არაფორმალური არქიტექტურა თავისუფლებისა და სოციალური თვითგამორკვევის სიმბოლოა… ესაა … არქიტექტურული სივრცე, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა «საზღვრის» ცნება, თავდაყირა დააყენა მისი შემადგენელი ნაწილების იერარქიული და სივრცული წესრიგი. გამოფენა … მომავლისადმი გახსნილობასა და ისტორიის მონუმენტალიზაციაზე უარის თქმას განასახიერებს.» წერს ანტონელა მაზოლა Design Context-ში.

 

თომას ვაგნერი Stylepark-ის წერილში საოცრებათა ქვეყანა ყველგანაა: «ნებისმიერი თქვენგანი, რომელსაც (სამართლიანად თუ უსამართლოდ) ყოველივე ზედმეტად არტისტულად, მეტისმეტად მედიდურად, უაღრესად ბანალურად ან  უბრალოდ ზე-თაღლითობად მიგაჩნიათ, უნდა გაემართოს დანიური პავილიონის ან  «კამიკაძე ლოჯიის», არსენალეს ბოლოს ახლად აშენებული ქართული პავილიონის სანახავად.»

 

კანადურ akimbo: «გთავაზობთ კიდევ ხუთ რეცენზიას იმ ყველაზე გახმაურებულ პავილიონზე, რომლებიც წესით მსოფლიო ხელოვნების რუკაზე არ უნდა მოხვედრილიყო» (ხაზი ჩემია – ნ. ყ.) მაგრამ კამიკაძე მოხვდა, რადგან «კურატორმა გამოფენაზე წარმოადგინა ის, რაც ახალი ტალღის სიმბოლოდ გამოდგება

 

artpace-მა კამიკაძის პროექტი ფიშლის და ვაისის, ტრიშა დონელის, ვარდა კაივანოს, მატიას პოლედნას, კოი ტანაკას და სხვათა პროექტებთან ერთად უმაღლეს ათეულში განათავსა, ხოლო blouinartinfo-მ ის იმ ხუთი ქვეყანის პავილიონებს შორის მოიხსენია, რომელიც  არსენალეზე შეუძლებელია გამოგრჩეს.


Art Monthly (07/2013): «კამიკაძე  ლოჯია, პარაზიტული მიშენება-განვრცობის ქართული არქიტექტურული ვერსიაა, რომელიც  ეწინააღმდეგება როგორც საბჭოთა დაგეგმარების წესებს ასევე ვენეციისას, თუმცა, ბიენალეს პრეზიდენტმა პაოლო ბარატამ მგონი მას უკვე დაადგა თვალი, როგორც მომავალ საოფისე მოდელს.»

 

The Architects Newspaper, 09.08.2013, 3/3 – ბიენალეზე წარმოდგენილი ბევრი პავილიონი ხელით აშენებულ გარემოზე აკეთებს აქცენტს. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოს პავილიონია, სახელწოდებით «კამიკაძე ლოჯია»…

 

კამიკაძე ლოჯია  როგორც ობიექტი აანალიზებს 1990-იან წლებში, პოსტ-საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ ქაოტურ ურბანულ სიტუაციას, «უკანონო მშენებლობების»  წარმოების მთელს პროცესს, რომელიც ფაქტობრივად ბუნებრივი რეაქცია იყო თავად იმ «უკანონო» ისტორიულ დროზე. კორპუსებზე კონსტრუქციულად გაუმართავი, სიცოცხლისათვის სარისკოდ მიშენებული ლოჯიები თბილისის ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილია და მისი სახეც კი გახდა; ლოჯიების უხარისხო მიშენებები რეალურად ტრადიციად  ჯერ კიდევ საბჭოთა დროს თავდაპირველად სწორედაც თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩამოყალიბდა. ამ მიშენებებით ადამიანები საცხოვრებელ სივრცეს იფართოებდნენ. უსახსრობის გამო დაუსრულებელი მშენებლობის შემთხვევაში კი შერჩენილ კარკასს ტერასებად, ღია მაცივრებადაც კი იყენებენ.

 

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ლაბორატორიის რევიუში აღნიშნულია, რომ პროექტმა დაამკვიდრა დროებითი მაინც თავისუფლება, გამოიყენა რა ამ მიზნისთვის საბჭოთა გენერალური გეგმის ინფრასტრუქტურულ მემკვიდრეობაში გაჩენილი ადამიანების ლოკალური თვით-ორგანიზების და თვით-ინიციაციის მძაფრი მოთხოვნილება; თვით-ორგანიზაცია როგორც პოლიტიკური და სოციალური წინააღმდეგობის ირიბი მეთოდი, ანუ პარაზიტული და არაფორმალური არქიტექტურა როგორც ემანსიპაციის პროგრესული პოტენციალი. აქედან გამომდინარე კი:

 

ამ თბილისურმა არაფორმალურმა არქიტექტურამ ვენეციის, ლოჯიების სამშობლოს ფაქტობრივად ცენტრში, არსენალეზე გადაინაცვლა და … აღქმული იყო როგორც დომინანტურ სტრუქტურებზე უარის თქმის მანიფესტაცია, როგორც «აუთსაიდერული ხელოვნება» (www.nurart.org), როგორც «მსოფლიო ახალი ირონიული წესრიგი» (genius-online.me). 

 

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ინგლისი, იტალია და სხვ., ჯარდინიში საკუთარი დიდი პავილიონებით არიან წარმოდგენილნი. იქ სივრცეს სხვა მდიდარი ქვეყნებიც მოიპოვებენ. დანარჩენები კი, როგორიც საქართველოა, უზარმაზარი თანხით არსენალესგან მოშორებით, სადმე ქალაქში, პალაცოებში ფართს ქირაობენ, შედეგად კი ძალიან ცოტა დამთვალიერებელი თუ აკითხავს მათ.  ამიტომაც გადაწყდა ამჯერად საქართველოს პავილიონი ცენტრალური პავილიონის – ბიენალეს მთავარი საგამოფენო სივრცის, და იტალიის პავილიონის გვერდით აშენებულიყო. ეს იყო ფაქტობრივად ჰეტეროტოპიული შეჭრა ჯარდინის ჩამოყალიბებულ  სივრცულ სტრუქტურაში, რითაც ქართულმა პავილიონმა კიდევ ერთი რეალობა გახსნა – თავად პარაზიტული არქიტექტურის, ვთქვათ ასე, ფასეულობა, რომელიც ცდილობს ხელოვნების/არქიტექტურის ობიექტის ავთენტურობის შესახებ ტრადიციულ წარმოდგენები გაფანტოს, ხელოვნება/არქიტექტურა უპირველესად სწორედ თვითგამორკვევის აქტად წარმოადგინოს.

 

ეს კი შესძლეს სწორედ ქართველმა ხელოვანებმა უცხოელ კურატორთან თანამშრომლობის გზით…


და მოდით ვთქვათ: არც სახელწოდებაში კამიკაძე ლოჯია და არც ტერმინში «პარაზიტი» არაფერია სასირცხვო, არავითარ საუკუნოვან კულტურას ის არ არცხვენს. ტერმინი «პარაზიტი», უკვე 1980 წლიდან ჩნდება მიშელ სერის ნაშრომში პარაზიტი და ეხება ქალაქის ურბანულ/არქიტექტურულ მდგომარეობას. ის  სერის მიხედვით, არა უბრალოდ სიტყვაა, არამედ «სემანტიკური არეალია», «ფლუიდური მთელი», რომელმაც შეაღწია არქიტექტურის ლექსიკონში და ითხოვს დაფიქრებას ურბანული მოდელების ხასიათზე. იყო გამოფენებიც – მაგალითად კორტეკნისა და შტულმახერის, ორი ჰოლანდიელი არქიტექტორის, პარაზიტები, მცირე საგნების ქალაქი.  

 

გემახსოვრებათ ვიტო აკონჩის ნამუშევარიც მოძრავი წრფივი ქალაქი,  ნაჩვენები საერთაშორისო არქიტექტორებისა და ხელოვანების გამოფენაზე მანიფესტი დროებით არქიტექტურასა და მოქნილ ურბანიზმზე. პარაზიტულმა არქიტექტურამ საკმაო გავლენა იქონია დეკონსტრუქტივისტულ არქიტექტურაზეც.

 

საბოლოო ჯამში ლაპარაკია იმაზე, რომ ეს წარმატებული ობიექტი-კონსტრუქცია, კამიკაძე ლოჯია შენარჩუნდეს, არ მოხდეს მისი დემონტაჟი არსენალს გარეთ მდიდრული ჩუქურთმებიანი პალაცოს დარბაზებით მისი ჩანაცვლების მიზნით. ჯერ ერთი მისი შენარჩუნება უფრო რენტაბელურია, ეკონომიურია, მეორეც ერთი, პროექტი წარმატებული იყო და ის, თუნდაც ამის გამო ითხოვს ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობას, მეტ ფანტაზიას, იქნება სტიმული საკურატორო შეჯიბრისთვისაც – შესძლოს მომავალი წლის გამოფენამ შეინარჩუნოს 2013 წლის ვენეციის ბიენალეზე მიღწეული წარმატება.

 

ვიცი რომ საზოგადოების გაღიზიანებული ნაწილის სურვილია კამიკაძე ლოჯიის დემონტაჟი და მაინც იმედი მაქვს, კულტურის სამინისტრო არა ემოციით, არამედ პრაგმატულად გადაწყვეტს ამ პრობლემას



[i] ტექსტის სათაური აღებულია ლიუბლიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის 2005 წლის გამოფენიდან In P.A.R.A.S.I.T.E. We Trust

[ii] შეგახსენებთ, რომ სიტყვა კურატორი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან curare, და ნიშნავს ზრუნვას, პატრონობას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი