შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აკრიტიკებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანში ოკუპაციის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ზურაბიშვილმა ბაქოში წინდაუხედავი განცხადება გააკეთა.
“საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან წინდაუხედავი განცხადება გააკეთა. აუცილებელი არ იყო ამის თქმა. შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ოკუპაციაზე ეთქვა საქართველოს მიმართულებით, მაგრამ, როდესაც ზოგადად გამოიყენა ტერმინი ოკუპაცია, ამით შეეხო აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობებს, სადაც ჩვენ მაქსიმალურად გაწონასწორებული და დაბალანსებული უნდა ვიყოთ”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან.
ის იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გაგებით მოეკიდება, ოფიციალური თბილისი კი საქართველოს პრეზიდენტის “შეცდომას გამოასწორებს”.
“საქართველო დაინტერესებული მხარეა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი აღმოიფხვრას. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, საქართველო არ არის მინსკის ჯგუფის წევრი. მინისკის ჯგუფი 100-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს და 3 თანათავმჯდომარე ჰყავს: საფრანგეთი, რუსეთი და აშშ. საქართველო უნდა ეცადოს, რომ მინსკის ჯგუფის კონტექსტს მიჰყვებოდეს და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მესიჯი, რომ ჩვენ ვენდობით მინსკის ჯგუფს და როგორც ის გადაწყვეტს… რომ საქართველო მზად არის მონაწილეობაც კი მიიღოს ამაში და ჩაერთოს ამ პროცესებში. მაგრამ როცა ყველა თავს არიდებს ასეთ მკაცრ განცხადებებს სხვა ქვეყნებზე, რომელი ტერიტორია ვის მიერაა ოკუპირებული, ჩვენ, მით უმეტეს, როდესაც მეზობელი სახელმწიფო ვართ, თავი უნდა შევიკავოთ. არავინ მოითხოვს შენგან, რომ ასე თქვა, არც სომხეთი და და არც სხვა. გასაგებია, რა კონტექსტშიც თქვა, რომ საქართველო ოკუპირებულია და ჩვენ ერთ ბედში ვართ, მაგრამ როგორც პრეზიდენტს… ეს ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, ადამიანისგან, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსია. როცა ეს განცდა აქვს, მან უფრო წინდახედული განცხადებები უნდა გააკეთოს.
ყველას ესმის, რომ პრეზიდენტის დღევანდელი ინსტიტუტი ძლიერი არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიძლება [ზურაბიშვილის განცხადება] გაანეიტრალოს, განცხადება გააკეთოს ან ჩავიდეს. სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც კარგად ესმით ჩვენი შიდა პრობლემები. ამიტომ საკმაოდ კორექტულები არიან ჩვენ მიმართ. მე იმედი მაქვს, რომ ამას სომხეთი გაგებით მოეკიდება და ამაზე პოლიტიკას არ ააგებს. ჩვენმა დიპლომატიამ რაღაცნაირად უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა, ჩემი აზრით”, – ამბობს ზაქარეიშვილი.
ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის დროს, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და აზერბაიჯანის ისტორიულ წარსულზე ისაუბრა:
100 წლის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.
ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი. ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ, ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით, გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები დ ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტის დროს გაავრცელა.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.