ავტორი: ბექა კობახიძე (ისტორიკოსი)
საერთაშორისო პოლიტიკური მიმოხილვა 1921 წლის ომის წინ და დროს, ქრონოლოგიური და ლოგიკური თანმიმდევრობით:
1. 1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა დაიკავეს ბაქო. კავკასიამ საერთაშორისო პოლიტიკაში დაკარგა “პაკეტური” დანიშნულება. ანუ, გაწყდა ბაქო-ბათუმის ერთიანი ეკონომიკური და უსაფრთხოების ხაზი. საქართველომ დაკარგა ფუნქცია და მოშიშვლდა მისი უსაფრთხოება;
2. 1920 წლის მაისში ბოლშევიკებმა თავდასხმა განახორციელეს სპარსეთის პორტ ენზელიში მდგომ მცირერიცხოვან ბრიტანულ ფლოტზე. ბრიტანელებს ხმელეთის სიღრმეში მოუხდათ სასწრაფო ევაკუაცია. ამან, ბაქოს გაწითლებასთან ერთად, სკეპტიკოსებს არგუმენტი მისცა, რომ ბათუმში ბრიტანული ჯარები დაუცველები იყვნენ და სასწრაფოდ უნდა გაეყვანათ რეგიონიდან. ასეც მოხდა, ივლისში ბრიტანელები გავიდნენ და კავკასია მარტო დარჩა ვერსალის სისტემის წინააღმდეგ მოძრავი ლენინისა და ათათურქის რეჟიმების პირისპირ;
3. 1920 წლის დეკემბერში ნახევარი სომხეთი დაიკავეს თურქებმა, მეორე ნახევარში, ერევნითურთ, ბოლშევიკები შევიდნენ. საქართველო ერთადერთ თავისუფალ კუნძულად დარჩა რეგიონში და მისი დღეები დათვლილი იყო;
4. 1920 წლის დეკემბერში ბოლო იმედი ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე მყარდებოდა. ქართულმა დიპლომატიამ ძალიან მაგრად იმუშავა, მივიღეთ ორჯერ მეტი ხმა, ვიდრე ბალტიის ქვეყნებმა, მაგრამ არ გვეყო. გვჭირდებოდა 16, მოგვცეს 10 ხმა;
5. იმავე 1920 წლის დეკემბერში საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური კომანდანტი დე ნონანკური პარიზს უკვე ტფილისიდან საევაკუაციო გეგმებს სწერდა. ნიუ იორკ თაიმსში იბეჭდებოდა სტატიები, რომ დღე-დღეზე ბოლშევიკები საქართველოს დაიკავებენო;
6. ვითარების შემობრუნების იმედი გაჩნდა, როდესაც 1921 წლის 16 იანვარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს არისტიდ ბრიანი. თავად მემარცხენე ბრიანი სიმპათიით იყო განწყობილი ქართული რესპუბლიკის მიმართ და შიშით უყურებდა თურქეთ-რუსეთის სახმელეთო კავშირს. მისი აზრით, საქართველო უნდა ქცეულიყო ამ კავშირის ბარიერად;
7. ბრიანის ლობირებით მოკავშირეებმა (საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია) 1921 წლის 27 იანვარს დე იურედ აღიარეს საქართველოს, ესტონეთისა და ლატვიის დამოუკიდებლობა. პარიზიდან მაშინვე წამოვიდა წერილები და კითხვები საფრანგეთის სამხედრო მისიისადმი, თუ რა დახმარება სჭირდებოდა ქართულ ჯარს. ამჯერად უკვე, დე ნონანკურს არა ევაკუაციაზე, არამედ ანტიბოლშევიკური ფრონტის მობილიზაციაზე უნდა ემუშავა;
8. მოხდა ის, რაც საერთოდ ხდება ხოლმე და რაც უკანასკნელ წლებში არაერთგზის განმეორდა: დასავლეთი მოქმედებს ნელა, არაცენტრალიზებულად, ხოლო რუსეთი -სწრაფად და ცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიღების სისტემით. 27 იანვარსვე პოლიტბიურომ გადაწყვიტა დაესწრო დასავლეთის გააქტიურებისთვის და ოკუპაცია განეხორციელებინა. დასავლეთის მთავარი შეცდომა იყო ჯერ დე იურე აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ სამხედრო დახმარებაზე ფიქრი. 1920 წელს დე ფაქტო აღიარებას მოჰყვა აზერბაიჯანის გაწითლება, 1921 წელს დე იურე აღიარებას- საქართველოს ოკუპაცია;
2008 წელს ნატოს წევრობის დაპირებას- ასევე ოკუპაცია. როდესაც პირობა არის მხოლოდ ვერბალური და მას არანაირი უსაფრთხოების გარანტია ზურგს არ უმაგრებს, ეს არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ სასწრაფოდ შეცვალოს სტატუს-კვო, სანამ პირობა იმპლემენტაციის ფაზაში გადავა. ამის საპირისპირო და წარმატებული მაგალითი აჩვენა გერმანიამ 1918 წელს: ჯერ ოსმალეთი განეიტრალდა იურიდიულად 4 ივნისის ხელშეკრულებით, როდესაც მან იურიდიულად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ; შემდეგ, 27 აგვისტოს, საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით გერმანიამ იურიდიულად მიიღო საქართველოს აღიარების უფლება; ამ ინტერვალში 20 ათასი ჯარისკაცი შემოიყვანა კავკასიაში და იურიდიულად დადებული პირობები პრაქტიკული ძალით გაამყარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საქართველოსთან მოლაპარაკება დე იურე აღიარებასა და პროტექტორატზე.
ეს არის დასავლეთის კავკასიაში ჩართულობის ერთადერთი სწორი გზა და ეს გზა ბოლომდე იმუშავებდა, რომ არა გერმანიის ომში დამარცხება. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, სული წაგვძლევს, პრაქტიკული ზომებით გაუმყარებელ წახალისებებს მივაღწიოთ, მაგრამ ასეთი წინსვლები, როგორც ისტორიამ აჩვენა, საფრთხის შემცველია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, საქართველომ დაცულობა მოიპოვოს სამხრეთ კორეის მოდელით.
1921 წელს რომ დავუბრუნდეთ, ომის დროს საფრანგეთმა სახელდახელოდ გამოგზავნა 15 ათასი შაშხანა, რომელთა უმრავლესობა მწყობრში არ იყო; ფრანგული სამხედრო ხომალდი ვალდეკ-რუსო ბომბავდა ბოლშევიკების პოზიციებს აფხაზეთში; ბრიანმა სასწრაფოდ გაგზავნა ლონდონში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ფილიპ ბერტელო. ეს უკანასკნელი 2 მარტს, ტფილისის დაცემიდან ერთი კვირის შემდეგ, შეხვდა ბრიტანეთის საგარეო მინისტრ კერზონს და შესთავაზა, ერთად გადაერჩინათ საქართველო. კერზონმა უპასუხა, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. ეს ის კერზონია, რომელიც 1918 წლის ოქტომბრიდან 1920 წლის ივნისამდე ყველაზე თავგამოდებით იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ბაქოს დაცემის შემდეგ მან ხელი ჩაიქნია.
ერთი წლით ადრე, 1920 წლის იანვარ-თებერვლის კერზონის არქივებს თუ ნახავთ, იქ საქართველო მთავარი და წამყვანი თემაა; ოკუპაციისას კი საქართველო მის ჩანაწერებში ერთხელაც არ არის ნახსენები. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს საკმაოდ სწორად წერდა: ბოლშევიკები თუ კავკასიონის ქედს გადმოვიდნენ და აზერბაიჯანი დაიკავეს, საქართველოს უსაფრთხოებას ვერავინ უზრუნველყოფსო.
ბრიტანეთში საქართველოზე დისკურსი მოკვდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული ჯარები ქვეყნიდან გავიდნენ. ამიტომ გვჭირდება სამხრეთკორეული მოდელი. კავკასიის ყელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გააადვილებს ნატოს წევრობასაც, ნაბუკოსა და სხვა ეკონომიკური ხაზების გატარებასაც, სასარგებლო კლიმატს შექმნის რეგიონში დემოკრატიის განვითარებისთვის. ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, პოლკოვნიკი სტოქსი ყოველდღე წერდა კერზონს, რომ ქართველები იბრძვიან, დაეხმარეთო. მხოლოდ 25 თებერვალს უპასუხა კერზონმა, რომ ქართველებისადმი დიდი სიმპათიები მაქვს, მაგრამ საკუთარი ძალის იმედად უნდა იყვნენო. ერთი წლით ადრე, სანამ ბრიტანული ჯარები რეგიონში იყვნენ და ბაქო-ბათუმის დერეფანიც მუშაობდა, კერზონი სულ საპირისპიროს წერდა.
ეს ძალიან ცოცხალი გაკვეთილებია დღევანდელობისთვის. იმედია, ოდესმე ვინმე ამ გაკვეთილებზე ფიქრს დაიწყებს. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობიდან 28 წლის შემდეგაც, მაღალი ტრიბუნებიდან აცხადებენ, თითქოს მხოლოდ იუნკერები იცავდნენ ტფილისს, თითქოს უმრავლესი მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა და ა.შ. არადა, იუნკერთა წილი 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოსთვის მებრძოლთა შორის იყო დაახლოებით 1% და 180 იუნკერიდან მხოლოდ 9 მოკვდა ბრძოლის ველზე. ასეთი საბაზისო რაღაცები გვაქვს ჯერ სასწავლი.