ახერხებთ იმის დამტკიცებას, რომ არ დამუქრებიხართ პრემიერმინისტრს?

 

 

მოვახერხებ აუცილებლად. რედაქციას ჩანაწერი მოვთხოვე, მაგრამ ჯერ არ მომცეს – ექსპერტიზას ვატარებთ და მერე უნდა გიჩივლოთო ტყუილისთვის, მაშინ რომ თქვით და ახლა უარყოფო. ამ ინტერვიუში ბევრი რამე არის დამახინჯებული, ცხადია სათაურიც. მე გვარი ღარიბაშვილი საერთოდ არ მიხსენებია, მისი მისამართით ერთხელ გამოვიყენე „პრემიერი“.

 

 

ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს და ვინც არ უნდა იყოს, სახელმწიფო იქნება თუ სხვა ვინმე, არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი უფლებები შელახოს-მეთქი. ცხადია, იმის მსგავსი არაფერი მითქვამს, რომ არ მაინტერესებს თურქეთში ოშკი და იშხანი დაინგრევა თუ არა. პირიქით, ეს უშუალოდ ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ტაძრებია და ჩვენ მოგცემენ თუ არა მეჩეთის აშენების უფლებას, ოშკი და იშხანი აუცილებლად უნდა აღდგეს პირვანდელი სახით. მეტიც, მას პირვანდელი დანიშნულებაც უნდა დაუბრუნდეს.

 

 

რა ტიპის მუქარები მიიღეთ, შეგიძლიათ ამ სმსების შინაარსი თქვათ ან დაასახელოთ კონკრეტული პირები?

 

 

ძირითადად მოდის გინება. მწერენ, რომ ვარ მოღალატე, ათასგვარ სისაძაგლეს. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები არ არის. შიშის გრძნობა ზოგადად არ მქონია. ხშირად სამეგობრო მეუბნება, რომ ფრთხილად ვიყო, მოვერიდო რაღაცებს. 2011-2012 წლებში უფრო მწვავე მუქარებს ვიღებდი, არც მაშინ გამიმახვილებია ამაზე ყურადღება, თუმცა, ეტყობა ჯობია სამართლებრივი მსვლელობა მივცე ამ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, ახლაც ვფიქრობ, მივმართო თუ არა სამართალდამცავებს. თუ ამას გავაკეთებ, ერთადერთი იმიტომ, რომ მსგავსი შემთხვევები შემდგომში სხვა უმცირესობების მიმართ არ განმეორდეს.

 

 

როგორც გავიგე აპირებთ გამოცემას უჩივლოთ ჟურნალისტთა ქარტიაში. სასამართლოშიც აპირებთ სარჩელის შეტანას?

 

 

ჯერ ქარტიაში, რომ შესაბამისი დასკვნა მივიღო. შემდეგ იურისტებთან გავარკვევ, როგორ მოვიქცე.

 

 

თქვენ პრემიერის განცხადება ბათუმის მეჩეთის გაფართოებაზე გააკრიტიკეთ, მაშინ, როდესაც მუფთი კმაყოფილი იყო. რა არ მოგწონთ?

 

 

პირველ რიგში ის, რომ მეჩეთი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შესაბამისად, ჩარევა, გაფართოება დაუშვებელია. მეორე – ეკონომიკური მხარეა, იქ ცხოვრობენ ადამიანები, მათი ასახლება იქნება დაუსრულებელი პროცესი. ეს ერთ-ერთი საფუძველია იმის, რომ ვიფიქრო – არც გაფართოება უნდათ, ეს დროს გაწელვისთვის მოიგონეს.ზოგადად კი, მუფთის, ჯემალ პაქსაძის თანხმობა არ ნიშნავს მორწმუნეების თანხმობას. შეიძლება, რაც თქვა, მას იმის თქმა არც უნდა.

 

 

ფიქრობთ, რომ მუფთი ზეწოლას განიცდის სახელმწიფოსგან?

 

 

არა, სამწუხაროდ, სამუფთო სახელმწიფოს ქვეშემდგომი სტრუქტურა გახდა, რომელიც ვერ გამოთქვამს მუსლიმი მოსახლეობის აზრს. ზეწოლა არ არის, რამდენადაც ის ხელისუფლებას ყველაფერში ეთანხმება. ზეწოლა მაშინ იქნება, როცა იბრძვი, რომ სიმართლე თქვა.

 

 

მეჩეთის მიმდებარედ არის კომერციული ფართობები, რომელიც მეჩეთის საკუთრებაა. ამ ფართობის სამლოცველოდ გამოყენებისკენ ხშირად მოგიწოდებენ თქვენი ოპონენტები. რატომ ამბობთ ამაზე უარს?

 

 

გაფართოებაში თუ გულისხმობენ იმას, რომ მეჩეთი მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიით უნდა გააფართოვონ, ეს მიუღებელია. მეჩეთს არ აქვს შემოსავალი, რაც აუცილებელია ადმინისტრაციული რესურსისთვის, გადაუდებელი ხარჯებისთვის. ელექტროენერგია, გაზი, წყალი და ა. შ. მეორეც – თუ ჩვენი საკუთრებაა, მაშინ რატომ უნდა ვთხოვოთ სახელმწიფოს გაფართოება, რატომ უნდა შეუთანხმოთ მას. და უმთავრესი – გაფართოებას იმიტომ ვერ ჩავანაცვლებთ მშენებლობას, რომ მეჩეთის მშენებლობა გასცდა რელიგიური საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხს, ეს საქართველოს დემოკრატიის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა: არსებობს ჯგუფი, რომელიც ითხოვს მეჩეთის აშენებას და მას აქვს ამის უფლება, მაგრამ არის მეორე ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა ააშენოს, რადგან ის უმრავლესობაშია და მას არ უნდა. სახელმწიფო უმრავლესობის ამ უკანონო მოთხოვნას ითვალისწინებს. მსგავს პრეცედენტს ვერ დავუშვებთ, ეს ქართული სახელმწიფოსთვის დამანგრეველი იქნება. ამ პრეცედენტს თუ დავუშვებთ რიცხოვნობით მეორე რელიგიური თემის მიმართ, სხვა რელიგიურ თემებს უარესი დაემართება.

 

 

 

 

ეს, ერთი მხრივ, დემოკრატიისთვის შეიძლება არის გამოწვევა, მაგრამ მეორე მხრივ, არის სხვა ტიპის გამოწვევაც  – უმრავლესობა წინააღმდეგია მეჩეთის მშენებლობის და მისმა აშენებამ ქვეყანაში შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამაზე თუ გიფიქრიათ?

 

 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ სეკულარულ სახელმწიფოზე, ერთმა რელიგიურმა ჯგუფმა მეორე არ უნდა დაჩაგროს; კონსტიტუციაში არ უნდა გვეწეროს, რომ ეს დაუშვებელია. თუ კონსტიტუციაში მითითებული იქნება, რომ საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა და საპატრიარქოს აქვს უფლება განსაზღვროს უმცირესობების ბედი, მაშინ მუსლიმი და სხვა თემებიც შესაბამისად მოიქცევიან. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ გვაქვს აღმსარებლობის თავისუფლება, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს, საჭიროების მიუხედავად, შეუძლია ააშენოს სალოცავი.

 

 

მაშინ რატომ ცდილობს მუსლიმი თემი ხელისუფლებას მუდმივად შეახსენოს, რომ მეჩეთი ესაჭიროება. ხომ შეიძლება თემმა საკუთარი სახსრებით ააშენოს მეჩეთი?

 

 

სახელმწიფო ეხმარება მართლმადიდებელ ეკლესიას, ამიტომ ჩვენც ვცდილობთ მივიღოთ ზოგადი დახმარება ქართული სახელმწიფოსგან. თუმცა, მაინცადამაინც სახელმწიფომ რომ უნდა აგვიშენოს მეჩეთი, ეს ჩვენი მოთხოვნა არ არის. ივანიშვილმა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, თქვა, რომ მზად არის ქართველ მუსლიმებს აგვიშენოს მეჩეთი და ათ მილიონს გამოყოფს. ჩვენ მისთვის ეს არ გვითხოვია, ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოს მონაწილეობას მეჩეთისთვის მიწის გამოყოფის სახით. ივანიშვილის წასვლის შემდეგ სახელმწიფო ამბობს, რომ არსებული მეჩეთი უნდა გააფართოვოს – ათ მილიონს გაფართოებაზე ხარჯავს. არ გვინდა ათი მილიონი, გამოგვიყოს მიწა და ჩვენ ავაშენებთ.

 

 

თუ ამაზე უარს გვეტყვის სახელმწიფო, მაშინ მოვიქცევით ისე, როგორც კანონი გვეუბნება. ვიყიდით მიწას და მშენებლობას დავიწყებთ. როგორც ჩანს, საქმე იქამდე მიდის, რომ ეს უნდა გავაკეთოთ – ხულოს მუფთმა დააფუძნა მეჩეთის მშენებლობის ფონდი, თანხა იკრიბება… წელს თუ არა, მომავალ წელს ვიყიდით მიწას და დავიწყებთ მშენებლობას. ჩვენ ვცდილობთ, ეს საკითხი დემოკრატიის ჭრილში დალაგდეს. ჩვენ ჩვენ უფლებებს ისე დავიცავთ, როგორც მოვიქეცით ჭელას მინარეთის შემთხვევაში – სახელმწიფომ აიღო, მაგრამ სამართლებრივი ნორმების ამოქმედებით უკან მიიტანა. როცა 100 მილიონი ათ წელიწადში ერთ კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობაზე იხარჯება, სახელმწიფო ვალდებულია უმცირესობებსაც შეუწყოს ხელი.

 

 

ბათუმის მეჩეთში მოსულ პრემიერს თუ ჰკითხეთ, რატომ შეცვალეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებ მეჩეთის მშენელობაზეა?

 

 

ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვინდოდა გაფართოება, მაგრამ ამ ჭრილში კითხვა არ დასმულა. ორმაგად შეურაცყოფილად იგრძნეს მუსლიმებმა თავი, როცა ხაბაძე მოვიდა და განაცხადა, რომ თქვენი მეჩეთი ფართოვდებაო. ხალხს ძალიან ეწყინა, მაგრამ რადგან იყო საზეიმო დღე, თავი შეიკავეს, მეც მათ შორის.

 

არაუშავს, ვიცით ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ვიცით, რომ საქართველოში უნდა აშენდეს მეჩეთი, თურქეთში უნდა აღდგეს ქართული ძეგლები და უნდა დაუბრუნდეს იმ პირვანდელ მდგომარეობას, რა დანიშნულებითაც იყო აშენებული. ჩვენ, ქართველ მუსლიმებს უფრო მეტი შანსი გვაქვს დავაყენოთ ეს საკითხი იქ, სადაც დგას ეს ტაძრები. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიზროს, რომ ქართველი მუსლიმი არ ეკუთვნის რომელიმე სხვა ქვეყანას და ამ ქვეყანაში არსებული უფლებებით უნდა ისარგებლოს.

 

 

ხომ არ გიცდიათ ბიძინა ივანიშვილს მიაწოდოთ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ მის მიერ დადებული პირობას მეჩეთის მშენებლობაზე მისი მოყვანილი მთავრობა არღვევს?

 

 

ვფიქრობ, ეს არ იქნება რაიმე შედეგის მომტანი. როცა ბიძინა ივანიშვილს ურეკში შევხვდით, მაშინაც ვკითხე, თქვენ მიდიხართ და როგორ მოხერხდება მეჩეთის საკითხი-მეთქი. მან თქვა, რომ გარედან ბევრად ეფექტური იქნებოდა, ფინანსურ დახმარებას გულისხმობდა. მაგრამ ასე მგონია, რომ გაფართოებაზე საუბარი, ათი მილიონი, სჭირდებათ იმისთვის, რომ ნათქვამს დამაჯერებლობა შეჰმატონ. ჩემი აზრით, გაფართოებაც კი არ არის ჩაფიქრებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *