კომენტარი

გიორგი მაისურაძე: “ქართული ოცნება” “პრეზიდენტის კომპლექსისგან” ვერ თავისუფლდება

21 ივლისი, 2014 • • 2378
გიორგი მაისურაძე: “ქართული ოცნება” “პრეზიდენტის კომპლექსისგან” ვერ თავისუფლდება

როგორ შეაფასებთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა გამოიჩინა პრეზიდენტის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ასოცირების ხელშეკრულებაზე? “ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს”, პრეზიდენტის იქ ყოფნა იურიდიულად აუცილებელი არ არის” – ეს შეფასებები გააკეთეს ეკა ბესელიამ და მაია ფანჯიკიძემ. გარდა ამ საკითხისა, ცნობილია, რომ რამდენიმე თემა, რაც იურისტების აზრით, პრეზიდენტის კომპტენციაში უნდა იყოს, პრემიერის უფლებამოსილებაში გადავიდა, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ქვეყნის განვითარების პროცესში ეს ტენდენცია პრობლემურად ხომ არ გეჩვენებათ?

 

„საჭიროებას ნუ გამაგონებთ“ – საქართველოს მთავრობისა თუ მმართველი კოალიციის მსგავს არგუმენტებზე შექსპირის „მეფე ლირიდან“ ეს ფრაზა მახსენდება, როდესაც ძალაუფლებაჩამორთმეულ მეფეს საკუთარი ქალიშვილები თანდათანობით მეფობის ყველა სიმბოლოსა და ატრიბუტს ართმევენ, სწორედ მსგავსი არგუმენტების მომიზეზებით. საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად მისი შეზღუდული უფლებებისა, სახელმწიფოს მეთაური და მისი უმაღლესი რეპრეზენტანტია. შესაბამისად, საქმე ეხება არა გიორგი მარგველაშვილს, როგორც კერძო პიროვნებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – ქვეყნის უმაღლეს მოხელეს, რომლის ადგილი და როლიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.


თავად ასეთი განცხადება, რომ „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს“, არის სუფთა სახის ცინიზმი, ერთობ შორს მყოფი როგორც სამართლებრივი, ასევე, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისგან, რამდენადაც მმართველი კოალიცია პრეზიდენტის დაცინვით შეურაცხყოფს საქართველოს კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. საერთოდაც, ამ კონფლიქტს თუ გავაანალიზებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართული ოცნება ვერ გათავისუფლებულა ერთგვარი „პრეზიდენტის კომპლექსისგან“. თითქოს მათთვის პრეზიდენტი არა მათი კანდიდატურა, არამედ ჯერ ისევ მიხეილ სააკაშვილი იყოს, რომელზედაც მმართველი ძალა შურს იძიებს. პრეზიდენტის შეურაცხყოფა თითქოს კოალიციის გამაერთიანებელი რიტუალური ფაქტორია, ისინი საკუთარი ერთობის ლიტურგიას ასრულებენ, როგორც, მაგალითად, ნათლობის რიტუალის დროს ნათლია „ეშმას“ განაგდებს, ან მექაში ჩასული მუსლიმი სიმბოლურად „შეითანს“ ესვრის ქვას, ასევე მოქმედებს ქართული ოცნება, როდესაც ის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და დაუფარავი ცინიზმით აბუჩად იგდებს მას.


გიორგი მაისურაძე/ვახო ქარელის ფოტო
გიორგი მაისურაძე/ვახო ქარელის ფოტო

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს სრულიად კურიოზული და პარადოქსული სიტუაციაა: არაფერი უცნაური და გაუგებარი არ ხდება, როდესაც, მაგალითად, ოპოზიცია ან უკმაყოფილო ადამიანები აკრიტიკებენ, ან თუნდაც ლანძღავენ პრეზიდენტს. ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა. მაგრამ მარგველაშვილის შემთხვევაში, საქმე გვაქვს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან წამოსულ სრულიად დესტრუქციულ ქმედებასთან. მათ თავი ჯერ ისევ ოპოზიციად წარმოუდგენიათ, რომელმაც საკუთარი ძალაუფლება, ანუ საკუთარი უფლება ძალაზე, პრეზიდენტის დამცირებაში უნდა განიცადოს.  

 

თქვენი აზრით, რა როლი აქვს ამ პროცესში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ის ურთიერთობა, რომელიც მარგველაშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დღეს აქვს… ასევე, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ამ პროცესზე თვითონ მარგველაშვილი?  იგი პარლამენტში მაინც მივიდა მიუხედავად ყველაფრისა, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაზე 27 ივნისს ხელმოწერა პრემიერს დაუთმო, როდესაც იურისტების ნაწილის მოსაზრებით სწორედ პრეზიდენტი იყო ის თანამდბეობის პირი, ვისაც მსგავს ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი საქართველოს სახელით?

 

მე მგონი, საქართველოში არ მოიძებნება ისეთი ჭკუათმყოფელი, რომელსაც წარმოუდგენია, რომ დღეს საქართველო ივანიშვილის მიერ არ იმართებოდეს. ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომითა და საზოგადოებრივი სივრციდან გაუჩინარებით ერთგვარ უხილავ, ლამის „ტრანსცენდენტურ“ ძალად გადაიქცა, რომელიც მის „მიწიერ“ წარმომადგენლებში სუფევს, რომლებიც მუდამ მის სახელს აჟღერებენ სხვადასხვა აღმატებულ ხარისხში. თავად „ბატონი ბიძინა“ კი პოლიტიკურ სცენაზე აღარ ჩანს. თუმცა მთელი ქართული ოცნება ეს ივანიშვილის სხვადასხვა „ემანაციებია“, კოალიციის ყოველი ცალკეული ფიგურა „ბატონი ბიძინას“ ერთი რომელიმე თვისობრივი გამოვლინებაა. ის საკუთარ თავში რესპუბლიკელთა პროგრესულობასაც მოიცავს და ამავე დროს საგანელიძე და ჯაჭვლიანიც მისივე ანარეკლებია. ვინც ამას უკეთ აცნობიერებს და ახორციელებს, ის უფრო მეტად დაფასებულია, როგორც ივანიშვილის, ასევე თანაკოალიციელთა მიერაც. ამისი დადასტურებაა ივანიშვილის ცნობილი სიტყვები ღარიბაშვილის მიმართ, რომ „ირაკლის ორჯერ გამეორება არ სჭირდება“. მარგველაშვილი კი მოულოდნელად „ცუდი ხასიათის“ აღმოჩნდა, ანუ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მას, როგორც ჩანს, ორჯერ გამეორებაც არ შველის, რაც იმას ნიშნავს, რომ მარგველაშვილი თვითნებაა და ივანიშვილი მას ვერ აკონტროლებს. ივანიშვილის შემოწყრომა კი ქართული ოცნებისათვის პარტიული დავალება აღმოჩნდა, რათა ურჩი მარგველაშვილი დასაჯოს და დაამციროს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, კონსტიტუციური პარადოქსები თანამედროვე საქართველოში თეატრალური ფარსი უფროა, ვიდრე იურიდიული ტერმინებითა თუ კანონებზე მარჩიელობით ახსნადი და გასაგები მოვლენა.

 

საქართველოს მოსახლეობა იცნობს “ძლიერ პრეზიდენტებს”, რომლებიც თვითონ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები და პროცესების ინსპირატორები, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს “დაჩაგრული პრეზიდენტის” იმიჯი გიორგი მარგველაშვილის რეიტინგზე, თუ ის სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას გადაწყვეტს?

კი, საქართველოს უყვარს ძლიერი ხელისუფალნი, წინამძღოლები, რომლებსაც გაჰყვება და მერე თუ ფეხი აუცდა, ეცოდინება, ვის გადააბრალოს საკუთარი გაწბილება. საქართველოში პრეზიდენტების ტრიუმფით არჩევისა და მერე მათი დამხობის ტრადიცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არჩევნების გზით ჩამოცილდა ძალაუფლებას, ის მაინც დამხობილად იქნა აღქმული და სრულიად წარმოსადგენი მგონია, რომ ასე შევიდეს ის ისტორიაში თუ არა, კოლექტიურ ხსოვნაში მაინც. ქართული ოცნებაც უკვე ნახევარი წელია საკუთარ პრეზიდენტს ამხობს. არ ვიცი, რას მოუტანს ეს მდგომარეობა გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ ის უღიმღამო აბსურდის თეატრი, რომელსაც მმართველი კოალიცია ინსცენირებს, სწორედ ამ პოლიტიკური ძალისთვისაა ცალსახად კონტრაპროდუქტიული. პრეზიდენტის დამცირებით ის საკუთარ თავს აბუჩად იგდებს. ეს ამ პოლიტიკური გაერთიანების თვითნგრევის გამოხატულებაა. თვითნგრევაში არა კოალიციის დაშლას, არამედ მის პოლიტიკურ გაბანკროტებას ვგულისხმობ.

 

ზოგადად, აზრთა სხვადასხვაობა თუ უთანხმოება რიგ საკითხებზე იგივე პრეზიდენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის, როგორ აისახება დემოკრატიულ პროცესზე ქვეყანაში, ნეგატიურად თუ პოზიტიურად?

 

მე მგონი, აქ არა აზრთა სხვადასხვაობასთან გვაქვს საქმე, არამედ უაზრობათა ერთობასთან. ევროპასთან ასოცირებულობის ხელშეკრულებაზე ღარიბაშვილმა თავისი ხელმოწერით საკუთარივე თავი აქცია საზოგადოების დაცინვის სამიზნედ: ჭირვეული ბავშვი, რომელიც თავის ნებას თავს ახვევს მასზე უფროსებს. არა მგონია, ამას რამე საერთო ჰქონდეს დემოკრატიასთან. ეს ყველაფერი უფრო „ძალა აღმართს ხნავს“ პრინციპია და არა ზრდასრული ადამიანების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საქმისა და ქვეყნისადმი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი