ძვირფასო მეუფე და ძმაო,

 

მოგესალმები შორეული ამერიკიდან, სადაც ახლა ვიმყოფები დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

აქ ჩვენ შევიტყვეთ სომხური სამოციქულო ეკლესიაზე 19 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შემაძრწუნებელი ამბავი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში თავს ესხმიან ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეებს, რომლებიც სომხური ეთნოსის წარმომადგენლები არიან წარმოშობით, და მათს სიწმიდეებს ხელყოფენ.

 

მე, როგორც ქრისტიანი და ქართველი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე,  ბოდიშს გიხდით თქვენ და თქვენს მრევლს ამ გამაოგნებელი ინციდენტისათვის. იმედი მაქვს თქვენი მრევლის სულგრძელობისა და მპატიებლობის უნარისა.


სამწუხაროდ, ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე ისეთ ერად და ქვეყანად ჩამოვყალიბდებით, სადაც მხოლოდ თავის მოსაწონებლად კი არ ვილაპარაკებთ “ტრადიციულ ტოლერანტობაზე”, არამედ ყველანი ერთმანეთს დავაფასებთ და ჩვენი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და სხვა განსხავებებით ვიამაყებთ. ჩვენ ხომ იმ კაცის ქვეყანა ვართ, რომელიც უკვე რვაასი წელია გვასწავლის, რომ “უთვალავის ფერით” შემკული, ანუ მრავალფეროვანი სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ღმერთის ნაჩუქარია და ასეთადვე უნდა დავაფასოთ.

 

ეს ჩემი ბოდიში  ლიტონ სიტყვებად რომ არ იყოს აღქმული, მინდა ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით შემოგთავაზოთ, რომ ერთად დავირაზმოთ ჩვენს ქვეყანაში სიბნელის ყველანაირი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგ, ვიდრე ეს ქვეყანა თავზე დაგვემხობა. საქართველო ჩვენი საერთო სახლია და სამშობლო; მისი კარგი გვახარებს ყველას და მისი ავი გვადარდებს.

 

ტოლერანტობაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ ახლა ეს უკვე საკმარისი აღარ არის. “ტოლერანტობა” თავად იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ერთმანეთი კი არ გვიყვარს, არამედ “ვიტანთ”. თუ ეს ასეა, ვინ იცის, როდემდე ავიტანთ ერთმანეთს, ან როდის გომოჩნდება ის ძალა, რომელიც წამქეზებლის როლს ითამაშებს იმისთვის, რომ ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდეს მათ შორის, ვისაც “იტანანენ” და ვინც იტანს.

 

 ჩვენ გვჭირდება, შოთასა და ვაჟას სულიერ მემკვიდრეობას დავუბრუნდეთ, რათა კი არ ‘ავიტანოთ’  განსხვავებული ადამიანები, არამედ მოწიწებით და სიყვარულით მოვეკიდოთ მათ. დროა გავიგოთ ყველამ, რომ განსხვავებულობა სატკივარი კი არ არის, არამედ სიბნელით გამოწვეული წყლულების მალამო.  ჩვენი ლოგიკა ასეთი უნდა იყოს: მე  განსხვავებული ვარ შენგან, შენ განსხვავებული ხარ ჩემგან, ამიტომ მოდი და ჩვენი განსხავებულობის ნიჭები ერთმანეთს გავუზიაროთ და ამით ერთმანეთი გავამდიდროთ.

 

მე ვლოცულობ, ჩემო ყოვლადუსამდელოესო ძმაო, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავი დააღწიოს მის თავს მოხველ სიბნელეს და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ, სადაც თითოეული ადამიანის ღირსებას პატივსა სცემენ, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს იგი. ჩვენ ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ ერთად და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრის გადავიტანთ ჩვენს ქვეყანაში სიკეთის, უპირობო სიყვარულის, თანალმობისა და სოლიდარობის გასაღრმევებლად.

 

 

თქვენი კნინი ძმა ქრისტეში,

 

 

პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი,

თბილელი ეპისკოპოსი,

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია,

  

გრინ ლეიკი, ვისკონსინი,  აშშ

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *