კომენტარი

სანქციები საცხოვრებლის სანაცვლოდ

22 მაისი, 2014 • • 1253
სანქციები საცხოვრებლის სანაცვლოდ

სახელმწიფო არ ხედავს ამ ჯგუფის სოციალურ და ეკონომიკურ დაუცველობას და უკანონოდ შეჭრილების კატეგორიაში მოქცევით სამართლებრივი წესრიგიდან მათ განდევნის. გარიყვის პროცესს სახელმწიფო იურიდიულადაც აფორმებს და საკანონმდებლო გარემოს ამ ჯგუფების მარგინალიზაციის მიმართულებით ცვლის. 


ათონელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი 68-ე სკოლის, ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობასა და სამედიცინო ცენტრ „დიოსკურიაში“ მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამ ჯგუფებში უსახლკარობის მიზეზების კვლევა (ადეკვატური საცხოვრებლის უფლების კვლევის ფარგლებში) აჩვენებს სისტემურ ხასიათს და მისი საფუძვლები არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგში უნდა ვეძებოთ. კვლევის პირველადი შედეგების შესაბამისად, უსახლკარობას სიღარიბე, კაბალური საბანკო ხელშეკრულებები და იპოთეკის უსამართლო პირობები, ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემა, განქორწინება და ქალების ეკონომიკური დაუცველობა, მაღალი ბინის ქირა, სტიქიური უბედურებების გამო საცხოვრებელი პირობების გაუარესება /განადგურება თუ სხვა ფაქტორები განაპირობებს.    


ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაში შესახლებული ოჯახების მაგალითზე კარგად ჩანს, რომ მათთვის უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრება ერთადერთი გამოსავალია. აღნიშნულ შენობაში არ ფუნქციონირებს კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემები, შენობის გარშემო ნაგავსაყრელია განთავსებული, სადაც ნარჩენები და ფეკალიები გროვდება. შენობის დაცვა მაცხოვრებლებს არ აძლევს არსებული მძიმე პირობების გაუმჯობესების საშუალებას. თანხმობას არ გასცემს არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტრო (შენობა ს/ს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბალანსზეა). ცხადია, ამ პირობებში შეუძლებელი ხდება ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და განათლების მინიმალური სტანდარტების დაცვა. ზამთარში ყინვისაგან დაუცველობა, ხოლო ზაფხულში დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი და უკიდურესი ანტისანიტარია მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებს აღნიშნული ობიექტის მაცხოვრებლებს. 


არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ვეღარ იღებს სოციალურ დახმარებას. ამ შეზღუდვის მიზეზი სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ დადგენილებაში 2013 წლის 17 მაისს გატარებული ცვლილება გახდა. ცვლილების  თანახმად, განაცხადი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში. განმარტებით ბარათში კანონით გათვალისწინებული “სასჯელის“ არგუმენტად დასახელებულია უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო ობიექტებში გახშირებული შეჭრის ფაქტები, რომელთა დიდი ნაწილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტობრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა. 


ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ერთმა ნაწილმა ამ მისამართზე  გადამისამართება და სოციალური დახმარების დანიშვნა მოასწრო. თუმცა 2013 წლის 2 ივნისის შემდეგ აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრები ადამიანები ძირითადად ვეღარ ახერხებენ დარეგისტრირებას სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან.  


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მთავარ მიზეზად სახელმწიფოს საკუთრებისა და ინტერესების დაცვის აუცილებლობა დასახელდა. კვლევის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან, გიორგი კაკაჩიასთან ჩაწერილ ინტერვიუში ის ობიექტებში მცხოვრებ ოჯახებს უბრალო კანონდამრღვევებად განიხილავს და ობიექტებში მათ შესახლებას პოლიტიკურად მართულ პროცესად ხედავს. ის ფაქტი, რომ ეს ოჯახები თვითგადარჩენის მიზნით ობიექტებში შეიჭრნენ და სხვა ადამიანების მსგავსად,  სადარბაზოებში მოწყობილ “კარდონებში” ან ქუჩაში არ ცხოვრობენ, სამინისტროსთვის მიუღებელი და გაუგებარია.


სახელმწიფო ამ ადამიანებს გამოსავალს რეალურად არ უტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ შეჭრილი ოჯახები სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობებს დატოვებენ, ისინი  მაინც ვერ მოხვდებიან მონაცემთა ბაზაში, რადგან სააგენტო მათ საცხოვრებლის და, შესაბამისად, მისამართის არქონის გამო, მაძიებლად ვერ დაარეგისტრირებს. მოცემულ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა მოსკოვის პროსპექტზე არსებული კარვების ქალაქია, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებით ოჯახების ცხოვრება წარმოუდგენელია. 


იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ამ სანქციას  საკუთრების  დაცვით, ბოლო პერიოდში გახშირებული შეჭრის ფაქტებითა და ბაზაში რეგისტრაციის ტექნიკური პრობლემებით  ამართლებს, უნდა განიმარტოს  საარსებო შემწეობის მნიშვნელობა და მისი აბსოლუტური ხასიათი. ასევე ბუნდოვანია, რა კავშირია საარსებო შემწეობის შეზღუდვასა და შეჭრების ფაქტების შეჩერებას შორის. მნიშვნელოვანი  საკითხია, რამდენად მისაღები ხერხებით ხდება კონკრეტული შენობის შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების დაცვა უსახლკარო ადამიანების უფლებების ხარჯზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც შეზღუდვა შერჩევით მოქმედებს, განსაკუთრებით დაუცველ ოჯახებზე (მარტოხელა დედების მიმართ ან იქ, სადაც შშმ ბავშვები, მოხუცები ცხოვრობენ) ან ამ ჯგუფის შედარებით აქტიურ  წარმომადგენლებზე.


ეს საკითხები სულ სხვა ჭრილში გამოჩნდებოდა, თუ კანონმდებლობაში იარსებებდა ადეკვატური საცხოვრებლის უფლების პოზიტივირებული კონცეფცია, ანუ უსახლკაროს უფლება საცხოვრებელზე, და სახელმწიფოს ვალდებულება რეალური და ხელშესახები იქნებოდა. ასეთი გარანტიების არარსებობის გამო ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის  მაგალითზე სახელმწიფოსათვის მისი “საკუთრების უფლების” და “კანონდამრღვევი სოცდაუცველების” თემები დომინირებს და არა ადეკვატური საცხოვრებელი პირობები ან ამ ადამიანების კიდევ ერთხელ ქუჩაში საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენის რისკები. ამ ფონზე სახელმწიფო შეჭრილების მიმართ ნებისმიერ ლოიალობას კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვას მიაწერს და მუდმივად ცდილობს უფლებრივი კონტექსტისათვის თავის არიდებას.


მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი კანონმდებელს შესაძლებელისა და გასაკეთებელის დათქმის ქვეშ აქცევს, სოციალური სამართლის პირველადი ამოცანა მინიმალური სტანდარტების შექმნაში გამოიხატება. სწორედ ეს მინიმალური, ხელშეუხებელი და აბსოლუტური სტანდარტია საარსებო შემწეობა, რომელში ჩაურევლობის გარანტია მისი უფლებრივი სტრუქტურიდან – ადამიანის ღირსების საშუალებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის სუბიქტივიზაციით არის განპირობებული. 


სოციალური სახელმწიფოს უზრუნველყოფის სისტემები და კანონმდებლობა უნდა ქმნიდნენ ინსტრუმენტებს, რათა ეფექტურად გადაჭრან, არ დაუშვან ან არ წარმოშვან  კონფლიქტები და არ უნდა მოქმედებდნენ სადამსჯელო სანქციებითა და შანტაჟის პრინციპებით, რომელიც რეალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გამანადგურებლად მოქმედებს. სისტემის ეფექტურობა, პირველ რიგში, ჩანს ყველაზე დაბალი ფენის  საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის ფონზე, რაც ამ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების მაგალითზე ცალსახად ნეგატიურია. 

ნინო სუხიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 

მასალების გადაბეჭდვის წესი