კომენტარი

„კონსერვი”, როგორც ასეთი

9 აპრილი, 2014 • 1477
„კონსერვი”, როგორც ასეთი

 

 

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

 

თავად დასაშლელი რომ სხვას შლიდეს, ასეთი რამ გაგიგიათ?! კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გასული კვირის ბოლოს გადაწყვიტა, რომ სამინისტროში არსებული ურბანული საბჭო დაეშალა. ახლა მიზეზს არ იტყვით, რატომ? მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თუ დავუჯერებთ, თურმე საბჭო მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით უყურებდა საკითხებს. ეს კი ცალმხრივი მიდგომა იყო და მთლიანობაში ხელს უშლიდა სახელმწიფოს წინსვლას. მოდი და ნუ გაოცდები, გამოდის, რომ საბჭო იმის გამო დაშალეს, დაკისრებულ ვალდებულებებს სათანადოდ რატომ ასრულებო. გარდა ამისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ახალმა ურბანულმა საბჭომ კულტურული მემკვიდრეობა კი არ უნდა დააყენოს წინ, არამედ ე.წ. სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელიც არავინ იცის დუნიაზე, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში.

 

და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. გასულ კვირაშივე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ფუნქციები გადაულოცოს. მათ შორის ისეთიც, რომელიც ძეგლის სტატუსის მოხსნა-მინიჭებასთან არის დაკავშირებული.

სამაგიეროდ, მიმდინარე წლის მაისში შვიდი წელი შეგვისრულდება, რაც სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას ვერ მოაბა თავი (აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ ეს თარიღი). ამ ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, როცა არ ვიცით რა გვინდა საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით და როგორია სახელმწიფოს ხედვა, სასაცილოა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ უთავბოლო და ქაოსური პროცესი სააგენტოს გადასცეს სამართავად. ქვეყანაში, რომელშიც სამინისტროსაც კი ბევრს არაფერს ეკითხებიან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სააგენტოს ვინ რას ჰკითხავს? არც არავინ. პრინციპში, რომ ჰკითხო, მერე რა?

მე ვფიქრობ, რომ გასულ კვირაში კულტურული მემკვიდრეობის ბნელით მოცული მომავლის კიდევ უფრო დაბნელებას “პანორამა თბილისის” პროექტის სუნი ასდის (საყდრისი-ყაჩაღიანის გამო დიდი ხანია ყარს უკვე რაღაც). და ამ დროს, როცა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თავდაყირა აყენებს სისტემას, შვებულებაში გასული მინისტრი ეპისტოლეებით ურთიერთობს საზოგადოებასთან. ნორმალურ სახელმწიფოში კი, როცა ასეთი ამბავი ხდება, როგორც მინიმუმ, მინისტრი დაუყოვნებლივ შეწყვეტდა შვებულებას და თანამდებობაზე დაბრუნდებოდა.

მაგრამ ჩვენ ხომ უცნაური ქვეყანა ვართ, მინისტრის სახელდახელოდ შვებულებაში გასვლის შემდეგ, კაცი სახლში მისულიც რომ არ იქნებოდა, მოვალეობის შემსრულებელმა საეჭვო გარემოებებზე დაყრდნობით ჯერ იყო და “RMG Gold”-ს მისცა თანხმობა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებაზე, მერე “პანორამა თბილისის” უხილავ პროექტზე კომენტირებისას ეს ქალაქი “კონსერვი” არ არისო გვითხრა და ამით პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო პროექტს. ხოლო, ბოლოს სამინისტროში არსებული ურბანული საბჭოს დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და არც სააგენტოსთვის უფლებამოსილებების გადალოცვა უქმნის დისკომფორტს ახლა.


არა, მგონი, მართლა ჩალით დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ზოგიერთი სამინისტროს ხსენებაზე, თუ ამიერიდან ვინმეს “კონსერვთან” გაუჩნდება ასოციაცია, აღარც ეს უნდა იყოს გასაკვირი უკვე.
კონსერვი. კონსერვი, როგორც ასეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი