კომენტარი

პირველი ანთებული ფანჯარა ქალაქში

6 აპრილი, 2014 • • 2554
პირველი ანთებული ფანჯარა ქალაქში

ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით ბაბუაჩემს შევხვდი ქუჩაში. რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. რომ დამინახა, ცრემლი გადმოუგორდა, მერე იდგა გაღიმებული თავისი სასაცილო ქუდით და მხარზე ხელს მისვამდა.

 

კვირას, როცა ქარი ყველაფერს ანგრევდა, ის ექვსზე ადგებოდა და სამსახურისკენ წავიდოდა. ჯერ გაივლიდა კილომეტრს, გაივლიდა ცარიელ საბავშვო მოედანთან, გადაძეძგილ ნაგვის ურნასთან, იქვე თეთრად აყვავებულ ხესთან, მიტოვებულ, დანგრეულ ქარხანასთან, მუსიკის სკოლასთან ჩამსხვრეული მინებით, საიდანაც დღის განმავლობაში მუსიკის ხმა გამოდის, მას კი არასოდეს ესმის ეს მუსიკა, რადგან უკვე ოცი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე გზას მხოლოდ დილით და საღამოს გადის… მერე  ჩავიდოდა მეტროში, გადაჯდებოდა მეტროს მეორე ხაზზე მკრთალად განათებული გვირაბის გავლით, სადაც მღერიან უსინათლოები. ამოვიდოდა მეტროდან. გაივლიდა კიდევ ერთი კილომეტრს, შაურმის ახლადგაცლილ ჯიხურებთან, სადაც ჯიხურში ნამძინარევი ემიგრანტები დგანან და ელიან, სანამ ხორცის უზარმაზარი ნაგლეჯი შეიწვება და რაღაცით ჰგვანან იმ პაჟებს, ვისაც მეფისთვის გარეული ტახის შეპიწკინება აქვს დავალებული – მათი მეფეები კი მყიდველები არიან, პატარა შავი, გაუპარსავი, ჭუჭყიანი მეფეები, რომელთაც ხუთლარიანები ისე ჩაუბღუჯავთ ხელში, თითქოს ბედნიერების ბილეთები იყოს. ბაბუაჩემი პირველი მივიდოდა სამსახურში და გააღებდა კარს. შევიდოდა ბნელ ოთახში, აანთებდა შუქებს. როცა ვუთხარი, გასაღები სხვას მიეცი და სამსახურში ადამიანურ დროს მიდი-მეთქი, არა, რომ დააგვიანონ ან დაკარგონ გასაღებიო.

 

სამსახურში ხუთშაბათის გარდა ყოველდღე დადის. არ ვიცი, დასვენების დღედ რატომ აირჩია ხუთშაბათი… ბებიაჩემი, რომელიც ათი წელია სახლიდან არ გასულა, უმზადებს საუზმეს, საგზალს. მრავალჯერ ნახმარ, გახუნებულ პარკში უფუთავს და საღამომდე ემშვიდობება, რომ მთელი დღე სერიალების ყურებაში გაატაროს. ათი წელი ათასობით ადამიანის ცხოვრება, ათასობით პერსონაჟის უცნაური პრობლემები, ქორწინებები, სიკვდილები, კინკლაობები და ყველაფერი ის, რაც არის სერიალში… ალბათ ბაბუაჩემსაც ერთ-ერთ პერსონაჟად აღიქვამს და თავისი ცხოვრებაც ერთ, ნაკლებად საინტერესო სერიალად წარმოუდგენია, რომელსაც მეორედ აღარც კი ნახავდა. ბებიაჩემი ბაბუაჩემზე ალბათ ექვსიოდე  წლით არის უმცროსი. ბაბუაჩემი აპრილში 79 წლის ხდება.

 

მთელი ცხოვრებაა ასეთ რეჟიმში მუშაობს.  წესით, ახლა მისი თანატოლი ევროპელი პენსიონერივით სადმე ტაილანდის სანაპიროზე მზეს უნდა ეფიცხებოდეს…  ეგრეც უნდოდა. აფხაზეთში იყო დაბადებული. იქ ჰქონდა სახლი, მაგრამ თბილსში დარჩა. ჰოდა, ვოცნებოდი, შვილები რომ გაიზრდებიან, წავალ და ვიცხოვრებ ზღვის პირას, სანაპიროზე წამოვწვები, წიგნს წავიკითხავ და თხილს ვაკნატუნებო, მაგრამ დაგვშორდა აფხაზეთი და, შესაბამისად, მას თავისი ოცნებაც დაშორდა.

 

ახლა ზის და კითხულობს გეტოში, ბინაში, სადაც სამიდან მხოლოდ ერთი ოთახი თბება და კარის გაღებისას სხვა ოთახებიდან ყინვა შემოდის. ის გადასარევი სტუდენტი იყო, შემდეგ მუშაობდა ბევრს, პატიოსნად. რასაც აკეთებდა, ხარისხიანად აკეთებდა. რა მისი ბრალია, რომ საბჭოთა საქართველოში დაიბადა. რა მისი ბრალია, რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი. რა მისი ბრალია, რომ მისი ქვეყანა დაემსგავსა უცნაურ მუსიკალურ ინსტრუმენტს, რომელზეც გულისგამაწვრიელებელ მელოდიას უკრავენ, ერთსა და იმავე ნოტებს ითხოვენ, ერთმანეთს არ აცლიან, ერთმანეთს ახრჩობენ სიმებით, დასარტყამი ჯოხებით თავებს უჩეხავენ – ასეთია ჩვენი რეალური და დაფარული სახელმწიფო ჰიმნი.

 

მას მხოლოდ სიბერეში სანაპიროზე წამოწოლა და წიგნის კითხვა უნდოდა, იმ წიგნებისა, რომელთა წაკითხვაც  ვერ მოასწრო. მშვიდი ცურვა უნდოდა. ჰორიზონტს რომ მიშტერებოდა და ეფიქრა დაფარულზე, იმაზე, რასაც ვერ მიწვდა, იმაზე, რომ ის ატომები, რისგანაც ჩვენი სხეული შედგება, შორეული ვარსკვლევების ნაწილია… ახლა კი ისეთ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა.

 

ჩვენს  მშვენიერ სამშობლოში უამრავმა ადამიანს წაართვეს ბავშვობა და უამრავს სიბერე. წარმოიდგინეთ ცხოვრება ბავშობისა და სიბერის გარეშე.  ეს იგივეა, რაც ქამარი ბოლოების გარეშე, ქამარი, რომელასც ვერ შეიკრავ.  

 

მას არ ჰყოფნის ის პენსია, რაც აქვს. საერთოდ ვის შეიძლება ეყოს ასეთი პენსია. ამიტომ მუშაობს. რომც დაანებოს სამსახურს თავი და შეეცადოს, რომ პენსია იმყოფინოს, რას გააკეთებს, ჩვენ ხომ თავისუფალი დროის გამოყენების უნარ-ჩვევები არ გვაქვს, მით უმეტეს, ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. ნეტავ კატასავით ცხოვრების სამოცდაათი პროცენტის ძილში გატარება შეგვეძლოს.

 

მოკლედ, კვირის ქარბუქში, როცა მე გარეთ ცხვირის გაყოფაც კი დამეზარა, 79 წლის ბაბუაჩემი დილით,  6 საათზე ადგა და გაყინულ ქუჩას გაუყვა. მერე საღამოს გამოიარა განათებული შემინული მაღაზიები, სადაც მარტოსული ქალები სხედან, ბნელი ნახმარი ტანსაცმლების მაღაზიები, სადაც პლედმიფარებული გამყიდველები თვლემენ, ერთი მეტრის სიგანის ჯიხურებში გამოკეტილი ადამიანები, ლომბარდებში, თამბაქოს ჯიხურებში თუ პატარა აფთიაქებში და დაბრუნდა გაყინულ სახლში.

 

ჰოდა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ აღფრთოვანებული ვარ მისი ძალით და მჯერა, რომ როცა მოკვდება, იქნება მშვიდი, გაღიმებული და მხნე ნაბიჯით გაუყვება გზას იქით მხარესაც, როგორც კვირა დღეს ქარბუქში მიდიოდა დინჯად, ჩაფიქრებული სახით.

 

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი