კომენტარი

ჯონ კერი: მშვიდობა ვერანაირად გახდება მდგრადი, თუ ქალებს არ უკავიათ ცენტრალური როლი

8 მარტი, 2014 • • 1371
ჯონ კერი: მშვიდობა ვერანაირად გახდება მდგრადი, თუ ქალებს არ უკავიათ ცენტრალური როლი

ქალთა საერთაშორისო დღე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კალენდარზე აღნიშნული თარიღი. ეს არის დღე, როცა არა მხოლოდ ვადასტურებთ ჩვენს განზრახვას, ვაქციოთ სამყარო მეტად მშვიდობიან და აყვავებულ ადგილად, არამედ ვაღიარებთ – იმ სამყაროში, სადაც ქალების შესაძლებლობები იზრდება, უფრო მეტად იზრდება მშვიდობის, აყვავებისა და სტაბილურობის ალბათობა.

 

მე, როგორც სახელმწიფო მდივანი, ამას ყოველდღე ვხედავ. როდესაც ასადის რეჟიმის მიერ ალეპოს საარტილერიო დაბომბვა გრძელდება, რითაც რეჟიმი თავის ნამდვილ დაუნდობელ ბუნებას აჩვენებს მსოფლიოს, სიმამაცის და შეუპოვრობის ყოველი გამოვლენით სირიელი ქალებიც თავის ნამდვილ ბუნებას აჩვენებენ მსოფლიოს. გასულ თვეს მონტროში შესაძლებლობა გვქონდა მოგვესმინა ზოგიერთი ასეთი შესანიშნავი ქალისთვის.  

 

მათ ისტორიებში აისახა სხვა უამრავი სირიელი ქალის სიმამაცე. ერთ-ერთი ქალი იდლიბიდან თანამშრომლობდა სირიის თავისუფალ არმიასთან, რომ მისი სოფლის მოსახლეობას სახლში ცხოვრება და საკუთარი მიწის დამუშავება შეძლებოდა. ალეპოში მცხოვრებმა სხვა ქალმა ბლოკპოსტებზე განლაგებული რეჟიმის სამხედროებისთვის საკვების მიწოდებით მიაღწია ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე შეზღუდვის მოხსნას. თუ ეს არ ითვლება ცეცხლის ქვეშ გამოვლენილ სიმამაცედ, მაშინ არ ვიცი, რა შეიძლება ჩაითვალოს.

 

არა მხოლოდ სირიელი ქალები გვისახავენ კონფლიქტის მოგვარების იმედს. ქალები სასიცოცხლო როლს თამაშობენ აყვავების, სტაბილურობისა და მშვიდობის ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში. ეს ეხება როგორც ომების დასრულებას, ასევე ეკონომიკისთვის იმპულსის მიცემას. ფაქტია, რომ ომის დროს ქალებს ყველაზე დიდი ტვირთი აწვებათ, მაგრამ მათ იშვიათად თუ უსმენენ სამშვიდობო მოლაპარაკების დროს.

 

ეს უნდა შეიცვალოს.

 

ის ქვეყნები, რომლებიც აფასებენ და მეტ უფლებებს ანიჭებენ ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულად მონაწილეობის მიზნით, უფრო სტაბილური, აყვავებული და უსაფრთხო არიან. იქ, სადაც საპირისპირო დამოკიდებულებაა, ვითარებაც შესაბამისია. როცა ქალებს თიშავენ მოლაპარაკების პროცესიდან, შედეგად მიღებული მშვიდობაც მყიფეა, იფიტება ნდობა, ხშირად ხდება ადამიანის უფლებებისა და ანგარიშვალდებულების უგულვებელყოფა.

 

ძალიან ბევრ ქვეყანაში ხელშეკრულებები მებრძოლების მიერ მებრძოლებისთვის იქმნება. შესაბამისად, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტიც, რომ გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებების ნახევარზე მეტი ირღვევა ხელმოწერიდან პირველი ათი წლის განმავლობაში. კონფლიქტების პრევენციის და მშვიდობის დამყარების პროცესში ქალების ჩართვას შეუძლია ამ ტენდენციის შეცვლა.

 

როგორ მივაღწიოთ ამას?

 

მსოფლიოში მიღებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ულმობელი კონფლიქტების პრევენცია,  მშვიდობის დამყარება და დაცვა მაშინ უფრო ხერხდება, როცა პროცესში თანასწორ პარტნიორებად ქალები მონაწილეობენ.

 

ამიტომ ვმუშაობთ ქალების მხარდასაჭერად კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში მსოფლიოს მასშტაბით.

 

ავღანეთში ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ქალების ჩართვას და არჩევას მმართველობის ყველა დონეზე. ავღანელი ქალები დღეს ისეთი ნაბიჯებით იწევენ წინ, რომ წარმოუდგენელიც კი იქნებოდა სულ რაღაც ათი წლის წინ. ისინი აფუძნებენ კომპანიებს, ხდებიან პარლამენტის წევრები, ასწავლიან სკოლებში, მუშაობენ ექიმებად და ექთნებად. ქალები არიან ის საფუძველი, რომელზეც იგება ავღანეთის მომავალი.

 

ბირმის მოსახლეობა ცდილობს ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მძვინვარე კონფლიქტის მოგვარებას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქალების გააზრებულ მონაწილეობას სამშვიდობო პროცესსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარების ინიციატივებში.

 

ვიცით, რომ ქალების უსაფრთხოება არსებითად მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობისთვის სამშვიდობო პროცესში, ამიტომ ვცდილობთ ვუზრუნველყოთ ჰუმანიტარული დახმარების თანასწორი ხელმისაწვდომობა ქალებისთვის ყველგან, სადაც ვმუშაობთ.

 

ამერიკის შეერთებული შტატები აგრეთვე თავადაც იძლევა მაგალითს. ჩემი და მრავალი წელი მუშაობს გაეროში. მან მამის კარიერა აირჩია  და სახელმწიფო დეპარტამენტში ბევრად ადრე დაიწყო მუშაობა, ვიდრე მე იქ მივიდოდი. ის გზას გვიკვალავს, თუმცა ამ საქმეში მარტო არაა. შემთხვევითი არაა, რომ მრავალი ჩვენი წამყვანი დილომატი და სამშვიდობო მომლაპარაკებელი ქალია, მათ შორის მრჩეველი  ეროვნული უშიშროების საკითხებში სიუზენ რაისი, გაეროში აშშ-ის ელჩი სამანტა პაუერი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰითერ ჰიგინბოტომი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში უენდი შერმანი. დღეისთვის სახელმწიფო მდივნის რეგიონულ საკითხებში ყველა მოადგილე ერთის გარდა ქალია.

 

ჩვენ ავღნიშნავთ მათ მიღწევებს არა უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათი საქმიანობა მსოფლიოში ყველა ადამიანს – კაცებს და ქალებს, ბიჭებს და გოგონებს – უქმნის უფრო უსაფრთხო გარემოს.

 

კონფლიქტის არქონა არ წარმოადგენს მშვიდობას. მშვიდობას წარმოადგენს საზოგადოების ყველა წევრის თანამშრომლობა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

 

ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, თუ მის თითოეულ მოქალაქეს არ აქვს მიცემული შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავალში. მშვიდობა კი ვერანაირად გახდება მდგრადი, თუ ქალებს არ უკავიათ ცენტრალური როლი. დღეს ავღნიშნავთ იმ გრძელ გზას, რომელიც ქალებმა განვლეს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვადასტურებთ ერთგულებას ამ გზის შემდეგი ეტაპების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი