კომენტარი

ღია წერილი პრემიერს, რომელიც ცრუობს!

2 მარტი, 2014 • • 1635
ღია წერილი პრემიერს, რომელიც ცრუობს!

გავიგეთ, აშშ-ში ვიზიტისას კოლუმბიის უნივერსიტეტში განგიცხადებიათ, შარშან, 17 მაისს არავინ დაშავებულა, ტოლერანტი ერი ვართ და სახელმწიფომ ყველაფერი იღონაო. არ ვიცი, სად მოხდა ეს ბედნიერება, მაგრამ როგორც ამ ყველაფრის პირადად შემსწრემ, კარგად ვიცი, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა.

 

5 ივნისს დინამო არენაზე ვიყავი, Deep Purple-ს ლაივს ველოდი ბედნიერი სახით. რაკიღა ჯგუფის მენეჯერობა მებარა, ძირითადი დრო ბექსთეიჯში გავატარე და ათიათასობით აჟიტირებული მსმენელით სავსე არენაზე მხოლოდ Deep Purple-თან ერთად გავედი. გავედი მოლოდინით, რომ წუთი-წუთზე ჩემს ქალაქში ჩემი საყვარელი ბენდის ლაივი დაიწყებოდა. სცენის წინ დავდექი. სცენა ჩაბნელდა, დაიწყო ინტრო და იღრიალა ხალხმა. იღრიალეს ბედნიერებისგან, ვიღრიალე მეც! თუმცა ჩემს ბედნიერ ღრიალს, რაღა დაგიმალოთ და, სხეულის კუნთებისა და თავის კანის დაჭიმულობა ერთვოდა თან. 17 მაისს ცოცხლად შეჭმისგან გადარჩენის შემდეგ მე ხომ პირველად გავიგე ათასობით ადამიანის ყვირილი და საშინელმა ასოციაციებმაც იქვე, ბედნიერ წუთებში იჩინა თავი. ვფიქრობდი, ამათგან ნეტავ კიდევ რამდენი ყვიროდა 17-ში-მეთქი, მინდოდა წამით ყურებზე ხელი ამეფარებინა ან ბოლო ხმაზე მეყვირა, გაჩუმდით-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, მათ ხმას ვერც აქ გადავფარავდი. როგორღაც მოვახერხე დაკიდება და ლაივით დავტკბი.

 

ეს იყო ჩემი პირველი სიმპტომატური ნერვიული გამოვლინება 17 მაისის შემდეგ. მას შემდეგ დღე არ გავა, რომ ეს რიცხვი, ეს თვე არ გამახსენდეს. გამახსენდეს მაშინაც კი, როდესაც ტრანსპორტში სრულიად უცხო ტიპი ჩემს უკან ხმამაღმა დაიყვირებს რამეს. ან, როდესაც ქუჩაში ვინმე ფანდურზე ხმამაღლა ღრიალებს, ან მთვრალი მოდის და ამღვრეული სახით იყურება. სულ მალე ერთი წელი გახდება, რაც ქალაქში სიარულისას ყველაზე მეტად ვერიდები გამვლელებისთვის თვალებში ჩახედვას. არ მინდა, რომელიმე გაბოროტებულ, დაბღვერილ სახეში 17 მაისის დამრბევი ამოვიცნო. საეკლესიო პირი და მისი შავი ანაფორა კი ჩემთვის უკვე მხოლოდ ერთ რამესთან – სიკვდილთან ასოცირდება, მორალურ, გონებრივ თუ ფიზიკურ სიკვდილთან.

 

ეს ყველაფერი გარედან, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მით უმეტეს, არ ჩანს ინდიფერენტული თვალით და საერთოდ პირიქით ჩანს – მანიპულატორის თვალით. თქვენ კი, პრემიერო, სწორედ ჩვეულებრივი, პრიმიტიული, ადვილად გამოსაჭერი მანიპულატორის თვალებით უყურებთ სამყაროს და გამოგიჭირეთ კიდეც!

 

უნდა კი ამას გამოჭერა? 17 მაისიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და სახელმწიფომ ორიოდე ასლარიანი ჯარიმის გარდა არაფერი იღონა ბარბაროსული ფაშიზმის აღსაკვეთად. სწორედ მაშინ, როდესაც მარიხუანას მომხმარებლებს, იქნებ ბევრ კეთილ და ქვეყნისთვის გამოსადეგ ტიპს რამდენიმეწლიანი ციხით უსწორდებით, ხოლო დასაქმებულთა მიმართ სოლიდარულ სტუდენტებს ქუჩების მოხატვის გამო ათას ლარს აკისრებთ, ანტიჰუმანური და ანტისახელმწიფოებრივი ფაშისტების ქმედებებს მხოლოდ მინუს ას ლარად აფასებთ. მინუს ასი ლარი გიღირთ ქვეყნის ათობით მოქალაქის იქნებ შერყეული ფსიქიკა და პირადად ჩემთვის, ყველაზე საშინელი გამოსახულებების ერთობლიობა, რაც ცხოვრებაში ოდესმე მინახავს საკუთარი თვალებით.

 

თქვენ გაჯგიმული დადიხართ, იბრიქებით, ცდილობთ მაგ ნაივურ სახეზე სიმკაცრის ნიღაბი აიკრათ, თითის წვერებზე დადგეთ, როცა გვერდით მაღალი ტიპია, კაცურად და ძლიერად ჩამოართვათ ხელი მოძმე მინისტრებს, მაგრამ ეს ბრიქი წამში ქრება, როცა თქვენ წინ შავანაფორიანი აღიმართება, მთელი თავისი ჯარით. მეტიც, საკუთარი თვალებით ვნახეთ, 17 მაისს როგორ გაუხსნა თქვენ მიერ მართულმა, შეშინებულმა სამართალდამცველებმა მათ კორდონი და უბრალოდ, მოგვიქსია. და კიდევ უფრო მეტი, თქვენმა სიმამრმა მადლობაც კი გადაგიხადათ, რომ „საცოდავი ლგბტ-ების“ აქცია ჩაშალეთ.

 

არ ვიცი და არც მაინტერესებს, ვის თვლის საცოდავად იგი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ საცოდავები არ ვართ! საცოდავი ვერაფრით იქნება ადამიანი, რომლის მხარესაც არა წარმოსახვითი, მანიპულატორული და შეთხზული, არამედ რაციონალური, ფაქტებით დამტკიცებული სიმართლე დგას და მზადაა ამ სიმართლისთვის იბრძოლოს. თქვენ კი დაიკიდეთ, მაგრამ 17 მაისიდან ერთ კვირაში საზოგადოების 20.000-მა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც სასწრაფო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოგიწოდებდათ ამ ბარბაროსობაზე. ეს ადამიანები ჩვენთან დგანან. ჩვენთან დგანან ჩვენი ოჯახის წევრებიც. ამ პეტიციაზე ჩემმა ძმამ, როგორც წესი, სოციალური მოვლენებისადმი სრულიად ინდიფერენტულმა ადამიანმაც კი მოაწერა ხელი. ჩვენთან დგანან ჩვენი ჰეტეროსექსუალი მეგობრებიც, რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად გაილახონ, აიტანონ შეურაცხყოფა, მაგრამ მაინც უთხრან საზოგადოებასა და სახელმწიფოს, რომ შეცდომას უშვებენ, ადამიანურ და სახელმწიფოებრივ შეცდომას.

 

ხშირად მიფიქრია, რომ ვისთვის-ვისთვის და ჩემთვის ძალიან ადვილია უბრალოდ ავდგე, საზოგადოებრივი დევნილის სტატუსით განაცხადი დავწერო, თან დავურთო 17 მაისის ფოტო ავტობუსიდან და მსოფლიოს ნებისმიერ, ყველაზე მშვიდ, მოწესრიგებულ ქვეყანაში გადავიხვეწო. აქაურობაზე კი ვთქვა, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა-მეთქი (და თუ ასე გაგრძელდა, გული მიგრძნობს, გვამებისა და მათი თაყვანისმცემლების გარდა არც არაფერი დარჩება). მაგრამ ეს წამიერი ფიქრებია. სინამდვილეში სხვა რამეს ვაპირებ: სწორედაც რომ აქ მინდა ყოფნა და თქვენი გონების ბურღვა მანამ, სანამ მასში ბოლომდე არ შევაღწევ და სათქმელს არ მოვიტან. ასე მსურს ახლა, ასე მსურდა 17 მაისსაც კი, როდესაც ავტობუსში ასული ჩემს თავს ვეუბნებოდი: „შეხედე კიკონ, დაიმახსოვრე ეს წამები, შენ ეს- ესაა სიკვდილს გადარჩი“.

 

ხო, ასეა, ადვილია გრანტიჭამია და „გარედან მართული“ ეძახო სხვას. (არადა, ყველა საშუალება გაქვთ, ჩემი საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობაც გადაამოწმოთ და თავად დარწმუნდეთ, რომ არავის ფულს არ ვჭამ და არც არავინ მმართავს). სამაგიეროდ ძნელია, სხვისი ჭირი გაითავისო და ისე კი, რაღა სხვისი? ხომ საკუთარი თვალებით ვნახეთ, რომ შავანაფორიანი ჯარისკაცები არათუ სხვადასხვა სექსუალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებს, არათუ თავად თქვენ, პოლიტიკოსებს, არამედ ერთიბეწო ჩვილებსაც კი მიადგნენ დედაბუდიანად. ეს ტოტალური ბოროტების ჰეგემონიაა, რომლის წინაშეც… მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უტრაკოები ხართ!

 

ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება მომდევნო 17 მაისამდე. ჩვენ ვემზადებით, ეკლესია ალბათ ისევ ხანჯლებს ილესავს; თქვენ კი გამოდიხართ, Google.com-ისა და Youtube.com-ის ეპოქაში პრიმიტიულად იტყუებით და სამასხროდ იგდებთ თავს. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ სინამდვილეში ეკლესია არა ჩვენ, ლგბტ აქტივისტებს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უთამაშებს კუნთებს და ეს გაჯგიმული სახელმწიფოც თრთის.

 

თრთის შიშით, რიდით და ზოგჯერ, ვნებითაც კი!

 

ასეა, ახლოვდება ეს დღე და არ ვიცი როგორ შეიძლება, რომ თქვენამდე, სახელმწიფომდე ჩვენი ხმა მოვიდეს. დასხდეთ და იფიქროთ, რა უნდა მომხდარიყო შარშან ისეთი, რომ ადამიანებს საყვარელი ჯგუფის კონცერტზეც კი, წამით ნერვულად დასჭიმვოდათ სხეული. ვის უნდა მოეხერხებინა, რომ მოქალაქეები ქუჩაში ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ანდაც წარმოიდგინოთ, რას განიცდიდნენ ოჯახის წევრები თუ მეგობრები ადამიანებისა, რომელთაც სისხლმოწყურებული ბრბო მიუქსიეთ?

 

ხომ შეიძლება ამის წარმოდგენა? ხომ შეიძლება სამყაროს ზოგჯერ სხვისი თვალითაც გახედოთ, თუ აუცილებელია პრობლემა მაინცდამაინც ახლო ნათესავს ეხებოდეს, რომ არ იცრუოთ და თეთრზე – შავი არ ამტკიცოთ? აი, მე შემიძლია წარმოვიდგინო, მაგალითად, თქვენი შვილი რომ ჰომოსექსუალი ყოფილიყო რას იზამდა… იქნებ ამდგარიყო და 17 მაისს, საღამოს, როგორც კი სამსახურიდან სახლში დაბრუნდებოდით, კარებშივე ეკითხა: „მამა, ეს რა ხდება შენს ქვეყანაში?“. მე შემიძლია წარმოვიდგინო ისიც, რა სახე გექნებოდათ თქვენ, ან თქვენს შვილს, ნათესავს, ახლობელს, 17 მაისს რომ ჩემთან ერთად მჯდარიყო ყვითელ ავტობუსში. საკითხავია, მერეც თუ იტყოდით, არავინ დაშავებულაო. საკითხავია ისიც, რას ვუწოდებთ დაშავებას იმ ქვეყანაში, იმ საზოგადოებაში, სადაც ყველაზე ბრუტალური და პერვერტული, ცოცხებიანი ძალადობა, გვამები და ადამიანის სიცოცხლეზე თამაში ყოველდღიურ ტელესერიალად აქციეთ. უნდა მიკვირდეს კი, რომ ამის ფონზე, კონცერტზე თუ ტრანსპორტში სტრესულად დაჭიმულ სხეულს დაშავებად აღარ თვლით?

 

P.S. ამ წერილში გამოყენებული თქვენობითი ფორმა არ ასახავს ჩემს მოწიწებულ დამოკიდებულებას ხელისუფალის მიმართ. ეს არც ჟანრის წესით ნაკარნახევი ფორმაა. ჩათვალეთ, რომ მხოლოდ ირონიაა ადამიანის მიმართ, რომელიც ეს-ესაა დიდ, სამარცხვინო ტყუილში ჩაიჭრა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი