კომენტარი

“გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი” (იოველ 2, 13)

27 თებერვალი, 2014 • • 1314
“გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი” (იოველ  2, 13)

მიტროპოლიტმა კი კარგახანს ალოდინა მუშები საპატრიარქოს შენობასთან. ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა თვითონ არ უნდა იცოდეს მუშების პრობლემები? ან თვითონ არ უნდა მისულიყო მათთან? გაჭირვებული მუშები საპატრიარქოში უნდა ეახლონ მას, რომ თავიანთი პრობლემები გააცნონ? თან მიტროპოლიტი თვითონ არც კი გამოდის, ჯერ მდივანს აგზავნის და იმასაც დიდხანს ელოდებიან მუშები. გამოდის, რომ მართლაც ყველგან ფეოდალიზმია, როგორც საერო, ასევე, საეკლესიო სფეროში.


უმძიმესი მდგომარეობაა კაზრეთში. ერთმა მუშამ სლავა კუჭაშვილმა თავი მოიკლა. კაზრეთი ბოლნისის ეპარქიაში შედის. განა ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემ გამრეკელიძეს და ეპარქიის სამღვდელოებას არ უნდა გამოეხატათ სოლიდარობა გაფიცულებისათვის?! ამ კითხვაზე მპასუხობენ: ეკლესია ხომ პროფკავშირი არ არისო.


სინამდვილეში სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა ქრისტიანული ეთიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის“ (მათე 5,6). „სიმართლე“ აქ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „დიკეოსინი“, რომელიც სამართლიანობას ნიშნავს.


ძველი და ახალი აღთქმა ქრისტიანებს სწორედაც დაჩაგრული მშრომელი ადამიანისადმი სოლიდარობას და სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისათვის ბრძოლას ასწავლის:


„გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია. ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია“ (ზირ. 34, 21, 22); „ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის, თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა  არ დაგედოს (რჯლ. 24, 14, 15); „ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.“ (ლევ. 19, 13); „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა“ (მათე 10, 10); „ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს ? რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.“ (1 კორ. 9, 7-10).


ბიბლია შერისხავს ამა ქვეყნის ძლიერებს და მდიდრებს, რომლებიც დაუნდობლად ძარცვავენ და ჩაგრავენ გაჭირვებულ მშრომელებს. წინასწარმეტყველი ნეემია თავის თავზე ამბობს: „წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი“ (ნეემ. 5, 15); „ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.“ (ეს. 5, 8);  „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთვის მიიღოთ უმეტესი სასჯელი“ (მათე 23, 13).


მაშინ რატომ არიან ჩუმად ეკლესია, იერარქია, სამღვდელოება, მრევლი? რატომ არ იმაღლებენ ხმას მუშების ჩაგვრის შესახებ? რატომ არ უპირისპირდებიან გაზულუქებულ კომპანიებს? ამ კითხვაზე მპასუხობენ: რამდენიმე დღეში დიდი მარხვა იწყება, მისთვის ვემზადებით და ამ დროს ქრისტიანს არ შეშვენის ამა სოფლის საქმეებზე ფიქრიო. მაგრამ ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „განა, ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნულნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო? თუ სულს არ დაიშურებ მშიერისათვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება” (ესაია 58, 5-10).


სამწუხაროდ, ეკლესია თავისი სიჩუმით, როგორც წარსულში, ახლაც თანამედროვე ფეოდალების გვერდით დგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი