Interviewsკომენტარი

იმედი მაქვს, საზოგადოება არ დაუშვებს, ასეთი რაღაცები თქვას პრეზიდენტმა – დავით ზურაბიშვილი

7 აგვისტო, 2018 • 9171
იმედი მაქვს, საზოგადოება არ დაუშვებს, ასეთი რაღაცები თქვას პრეზიდენტმა – დავით ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კვლავ მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატის 6 აგვისტოს ამ განცხადებას, გააჩინა კითხვა, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა რიტორიკამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და იქნება თუ არა ეს დამაზარალებელი საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ საკითხზე ნეტგაზეთი რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

რაზე მიუთითებს სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო?

2008 წლიდან 10 წელია გასული, თუმცა ქვეყანაში პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის დონეზე მაინც სალაპარაკოა ის, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ და საქართველოს ბრალი ყოფილა კონფლიქტი, რაც არის რუსეთის პოზიცია. ჩვენი ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით პუტინის პოზიცია ემყარება თეზისს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, თორემ ჩვენ ვიყავით წყნარად და ხმას არ ვიღებდითო. ამას რომ უდასტურებ მტერს, აქ არის ორი ვარიანტი: ერთი, ან უნდა იყო შენი ქვეყნის შეგნებული მტერი და რუსეთის ინტერესების პირდაპირი განმახორციელებელი ამ რეგიონში და მეორე – სიბრიყვემდე არაკვალიფიციური.

მე უფრო მგონია, რომ მეორე ვარიანტთან გვქვს საქმე, რადგან ქალბატონ სალომესგან ეს არ არის პირველი არაკვალიფიციური განცხადება პოლიტიკურ თემებზე. სწორედ ამიტომ მისგან ეს, თითქოს, საკვირველი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ქვეყნის პრობლემაა, რომ ეს ქალი არის პრეზიდენტობის კანდიდატი, თან არჩევნების მოგების ძალიან სერიოზული შანსი აქვს. შესაძლოა, ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად თავდაყირა აყენებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს – არაღიარების პოლიტიკას, რუსეთი რომ ოკუპანტია და ა.შ. რაღაც ისტორიულ ექსკურსებს აკეთებს ხოლმე – “აი, ორასი წლის წინ დაიწყო რუსეთმა ომი”… ასე თუ წავედით, ქსერქსესა და პომპეუსსაც შეგვიძლია რაღაცები მოვკითხოთ, რაც სრული უაზრობაა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ტალიავინის დასკვნა, რომელიც ამ ომის შესახებ მომზადდა, იძლევა თუ არა ამის დასკვნის საშულებას? რატომ?

არანაირად არ იძლევა ტალიავინის დასკვნა იმის თქმით საფუძველს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მსგავს რამეზე საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებული არ არის. პირიქით, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ რუსეთია ოკუპანტი და მან დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები. ტალიავინის დასკვნაში შავით-თეთრზე წერია – ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მაცხოვრებლებს რუსეთმა რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა, ეს იყოს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და უკანონობა, ხოლო ამ საბაბით ცხინვალში რუსეთის ჯარებით შესვლა იყო დანაშაული. ტალიავინის დასკვნაში 7-8 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დაწყების თაობაზე შესაძლებელია ორმაგი ინტერპრეტაციები გავაკეთოთ  ჩვენს სასარგებლოდ, რუსები თავის სასარგებლოდ აკეთებენ.  ფაქტია, რომ რუსეთმა დაიწყო ეს ომი. ტალიავინის დასვკნის მიხედვით, პრაქტიკულად, რუსეთი აგრესორად არის გამოცხადებული. ეს დასკვნა არანაირად არ არის რუსეთის სასარგებლო, პირიქით, საქართველოს სასარგებლო დოკუმენტია.

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ზიზღს?

ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენად დიდი გართულება გაქვს სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობაზე, გგონია, ქვეყანაში არაფერია შენთვის იმაზე წმინდა მიზანი, ვიდრე მათთან ბრძოლა. ამ დროს აგვისტოს ომისა და რუსეთთან ურთიერთობის თემა არ არის ის, სააკაშვილი ცუდია თუ კარგია. ეს არის სახელმწიფოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხი.

როგორც აღნიშნეთ, ქვეყნისთვის ასეთი პოზიციის მქონე პრეზიდენტის ყოლა დიდი პრობლემა იქნება. კონკრეტულად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მსგავსმა განცხადებებმა თუნდაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს პოზიციონირებაზე 2008 წლის ომთან მიმართებით საერთაშორისო ასპარეზზე?

აგერ, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ მედვედევის ინტერვიუ ამ თემაზე, სადაც პირდაპირ იმეორებს იმას, რაც ქალბატონმა სალომემ თქვა. მხოლოდ ერთი განსხვავება არის მათ შორის: მედვედევი არ საუბრობს რუსეთის ისტორიულ როლზე. მედვედევი ლაპარაკობს იმაზე, რომ სააკაშვილის უპასუხისმგებლო მოქმედებებით, რომელმაც დაიწყო ომი, რუსეთი იძულებული გახადა, ეპასუხა საბრძოლო მოქმედებებით, რასაც მოჰყვა ტერიტორიების აღიარება.

დავით ზურაბიშვილი

რა შეიძლება ამას მოყვეს? თუ საქართველოს პრეზიდენტი, ნომერ პირველი პირი გამოაცხადებს, რომ ომი არ დაუწყია რუსეთს, რასაც აქამდე ეფუძნებოდა მთელი ჩვენი საგარეო უწყების ძალისხმევა და არაღიარების პოლიტიკა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამის საწინააღდეგოდ იტყვის, კი ბატონო, ჩვენი ბრალი იყო ომის დაწყება – ერთის მხრივ, ეს უფრო ლეგიტიმურს გახდის სეპარატისტული რეჟიმებს, ძალიან ეჭქვეშ დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და უფრო არგუმენტირებული სალაპარაკო მიეცემა რუსეთს – ა, ბატონო, ხომ ვამბობდითო. ასეთი პოზიციის პირველი პირით, იგივე, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს გამოვაცლით საკმაოდ მხარდამჭერ არგუმენტებსაც. ანუ, დამანგრევლად დამაზარალებელი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ამ თემის აჩემება სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ასეთი ოდიოზური რაღაცები თქვას ქვეყნის პირველმა პირმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, არის ხმამღალი განაცხადი კანდიდატისგან, რომელსაც აქვს არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი მმართველი გუნდის ირიბი მხარდაჭერის გამო. რა შეიძლება შეცვალოს ამ განცხადებამ თუნდაც საარჩევნო კამპანიაზე იმ გათვალისწინებით, რომ ღიად აქამდე არცერთ კანდიდატს მსგავსი რამ არ უთქვამს?

ეს ცოტა რთული ამბავია. იგივე, ბიძინა ივანიშვილიც, რომელთან შეთანხმებისა და მხარდაჭერის გარეშეც, ცხადია, არ დააყენებდა სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას, ძალიან არაკვალიფიციურია აგვისტოს ომის შეფასებებში.  როდესაც კოალიციაში რესპუბლიკელებიც ვიყავით, ძალიან კარგად მახსოვს, რომ არაერთხელ ჩავუტარეთ მას ლექციები ამ თემაზე, თუ რატომ არ შეიძლება იმის ლაპარაკი, რომ სააკაშვილის ბრალი იყო ომი და ა.შ.  მასაც ჰქონდა ასეთი არაკვალიფიციური, საბავშვო ბაღის დონეზე მიღებული თეზისი, თითქოს შესაძლებელია 2008 წლის ომის კონტექსტში გამიჯვნა ერთმანეთისგან “ცუდი სააკაშვილი” და “კარგი საქართველო”. ანუ, თქვა, რომ მიშა იყო ცუდი და მან გააკეთა ყველაფერი ცუდად, ხოლო ახლა კარგი ხელისუფლება ვართ, მხარი დაუჭირეთ საქართველოს, ჩვენს მთლიანობას და ვაღიარებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს ასე არ გამოვა. ყოველი შემდეგი ხელისუფლება არის წინა ხელისუფლებაზე პასუხისმგებელი. ამიტომ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ერთადერთი იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილმა უთხრას სალომეს, გააჩერე ენაო, მაგრამ ეჭვი მეპარება, სალომე ზურაბიშვილს რამე შეაგნებინოს ამ საკითხზე. სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ეგ ქალი ამ სისულელეებს მანამდეც იძახდა.

არ ვიცი, თავად ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან საუბრის მერე რამდენად შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ პოზიცია, მაგრამ ახლა რომ იქ არავინ ჰყავს ჭკუადამჯდარი, რომელსაც შეუძლია ელემენტარული რაღაცები აუხსნას, ეს ჩანს – როცა ასეთ კანდიდატს აყენებ, რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან თემაზე (და არამხოლოდ) არაერთი ოდიოზური განცხადება აქვს გაკეთებული… ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე 3% არ დაუჭერს მას მხარს, ყველა დასახელებულ კანდიდატთან წააგებს. როდესაც ასეთ ურეიტინგო, ოდიოზურ, ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების ადამიანს აყენებ კანდიდატად და შენი მხარდაჭერით გინდა პრეზიდენტი გახადო, არ ვიცი, ამას რა შეიძლება უწოდო.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სალომე ზურაბიშვილის გაცხადებულმა პოზიციამ აგვისტოს ომის შესახებ მის პოლიტიკურ მომავალზე?

ხელისუფლების მხარდაჭერა თუ ექნა, დიდი ალბათობით, გამარჯვების შანსი მაინც ექნება. სხვა მხრივ, რომც გახდეს პრეზიდენტი, ზეციდან ვარსკვლავებს მაინც ვერ მოწყვეტს. ნამდვილად არ მგონია სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანი, რომელსაც რაღაც პერსპექტივა აქვს ქართულ პოლიტიკაში სასიკეთო რაღაცების კეთების. ძალიან მჯერა ამის და შეიძლება ითქვას, საერთოდ არ მჯერა. თუ სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ის იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, თუ ყველაზე ცუდი არა.

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების

მასალების გადაბეჭდვის წესი