კომენტარი

ლევან ყოჩიაშვილი: დროა გვქონდეს ცივილური ქვეყნების მსგავსი ნარკოპოლიტიკა

5 ივლისი, 2018 • 3857
ლევან ყოჩიაშვილი: დროა გვქონდეს ცივილური ქვეყნების მსგავსი ნარკოპოლიტიკა

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

„ნარკომომხმარებლობა რთული მდგომარეობაა, ამას კიდევ დამატებული ჩაკეტილი სივრცის განსაცდელი, ვფიქრობ, ზედმეტად მკაცრი სასჯელია. მომხმარებლები არ უნდა ისჯებოდნენ ციხით. პატიმრობით სტრესს სტრესი ემატება, რასაც ზრუნვა და მკურნალობა სჯობს, მე ასე ვფიქრობ. სჯობს, უფრო ჰუმანური იყოს ნარკოპოლიტიკა ადამიანთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

საჭიროა შეთანხმება. ყველაფერი მოგვარებადია, ვისაც ეს საქმე ეხება და ხელეწიფება, მათ მეტი უნდა იფიქრონ პრობლემაზე და მგონია, რომ ნაკლებს ფიქრობენ. რა როგორ უნდა იყოს, ამის რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ არის ხალხი, ვისი კომპეტენციაცაა ნარკომომხმარებელთა პრობლემების მოგვარება.

ნარკოტიკების მოხმარების რისკებთან დაკავშირებული პრევენციული პროგრამები უნდა მოქმედებდეს სასწავლო დაწესებულებებში. მოზარდები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ რა საფრთხის შემცველია ნარკოტიკი და რა ემართება საბოლოოდ ადამიანს, როცა დამოკიდებული ხდება.

ამხელა რესურსი იხარჯება ქუჩის ნარკოტესტირებებზე, თითქოს ქვეყანაში სხვა პრობლემა არ იყოს.

როგორი ნარკოპოლიტიკაც გვაქვს, ასე ვეღარ იქნება, ყველანი ვხედავთ, რომ მიდგომები არაეფექტურია.

დროა გვქონდეს ცივილური ქვეყნების მსგავსი ნარკოპოლიტიკა“.

მთავარ ფოტოზე: კადრი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი