კომენტარი

აჩი არველაძე: ფაქტია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ ამართლებს

4 ივლისი, 2018 • 2672
აჩი არველაძე: ფაქტია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ ამართლებს

აჩი არველაძე, ვეტერანი ფეხბურთელი:

„ადამიანი, რომელიც ზიანს არა სხვას, არამედ საკუთარ თავს აყენებს, ციხეში არ უნდა გამოვკეტოთ. როგორი ცხოვრების სტილი ექნება კონკრეტულ ადამიანს, ეს მისი არჩევანია და, ვფიქრობ, არც სახელმწიფოს და არც არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მსგავს საკითხებში.

ნარკოტიკების პირადი მოხმარების გამო ადამიანების წლობით ციხეში გაშვება არაჰუმანურთან ერთად არაეფექტურია. ეს ყველაზე ნათლად მაშინ ჩანს, როცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანები კვლავ აგრძელებენ ნარკოტიკების მოხმარებას. საყურადღებოა, რომ ციხეში, პატიმრებზე გაწეული ხარჯი აღემატება ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობაზე გასაწევ ხარჯებს, ასეთ პირობებში კიდევ უფრო არასწორი მგონია მომხმარებლების ციხეში გაშვება. რა თქმა უნდა, გასაღებაში ჩართული ადამიანებისა და ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს შეურიგებელი პოზცია უნდა ჰქონდეს.

ერთი რამ ცხადია, ქუჩის ნარკოტესტირება არაჰუმანური აქტია, რომელიც პირდაპირ ლახავს ადამიანის უფლებებს. გავეცანი ერთერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას, რომელიც გასულ წელს ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ქუჩის ნარკოტესტირება სახელმწიფოს წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარი უჯდება. როცა ამხელა ფინანსური რესურსი არსებობს, ვფიქრობ, ის მიმართული უნდა იყოს საგანმანათლებლო სივრცეებში საინფორმაციო კამპანიებისა და  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ. ამ თანხებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე შეიძლება, რაც მოზარდების სპორტში ჩართულობისთვის უმნიშვნელოვანესია.

ნარკოპოლიტიკის წარმართვა გარკვეულწილად უნდა გადავიდეს ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემის ხელში. მეტი განათლებული და ინფორმირებული ახალგაზრდა ნიშნავს ნაკლებად დამოკიდებულებას ნარკოტიკზე. ფაქტია, რომ ნარკოპოლიტიკა იმ ფორმით, როგორიც დღეს არის, არ ამართლებს. პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ზრუნვაზე და არა დასჯაზე.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი