კომენტარი

მალხაზ სონღულაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება საფრთხეებს შეიცავს დემოკრატიისთვის

28 იანვარი, 2014 • 1273
მალხაზ სონღულაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება საფრთხეებს შეიცავს დემოკრატიისთვის

ამის შესახებ განცხადება გაკეთდა მთავრობის ერთ-ერთი დადგენილების კონტექსტში, რომელსაც ეწოდება დადგენილება “საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.”

 

საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებზე ზრუნვა შეიძლება კეთილშობილურ საქმედ გამოიყურებოდეს, მაგრამ აშკარაა, რომ საკითხი კარგად არ არის გააზრებული. მაგალითად, საქართველოში საბჭოთა პერიოდში მარტო ეს ოთხი რელიგიური გაერთიანება დაზარალდა?

 

საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ საბჭოურ პერიოდში დაკარგა თავისი ქონების 100 %  და თავისი სამღვდელოების ასევე 100 %. ანდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ტოტალიტარიზმის პერიოდში განიცადა უზარმაზარი ფინანსური და მატერიალური ზარალი. ასევე რეპრესირებული იყო მისი სამღვდელოების 80 %. ნუთუ ეს არ არის ზარალი?! ჩემი აზრით, თუ ოთხი რელიგიური გაერთიანების ბიუჯეტიდან დაფინანსების კრიტერიუმი “მიყენებული ზარიალია”, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს შეურაცხყოფასთან, როცა ამ ორ კონკრეტულ გაერთიანებას იმ მატერიალურ და ადამიანურ მხვერპლს, რომელიც მათ გაიღეს ტოტალიტარიული რეჟიმის დროს, არ უთვლიან “ზარალად.” გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენმა მთავრობამ ეს ან არ იცის, ან არ უნდა რომ იცოდეს.

 

ცხადია, თითოეული რელიგიური გაერთიანების საქმეა, რა რეაგირება ექნება მთავრობის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გავკადნიერდე და საკუთარი აზრი შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მთავრობის გადაწყვეტილება ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება შეიცავდეს საფრთხეებს იმ რელიგიებისთვის, რომელებიც გამორჩეულნი არიან დაფინანსებისთვის და იმ რელიგიებისათვის, რომლებიც არ არიან გამორჩეული.

 

რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხი დიდ სიფრთხილესა და საკითხის კარგად შესწავლას საჭიროებს. საჭირო იყო მასშტაბური კონსულტაციები ამ საკითხზე რელიგიურ გაერთიანებებთან, საჭირო იყო ამ საქმეში გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თათბირი და მათი აზრის გათვალისწინება.

 

შექმნილ ვითარებაში, ჩემი აზრით, რელიგიური გაერთიანებები (მათ შორის საპატრიარქო) უნდა ფინანსდებოდნენ არა მიღებული ან არმიღებული ზარალის კრიტერიუმით, არამედ იმის მიხედვით, თუ საზოგადოებრივად რა სასარგებლო საქმიანობას ეწევიან ისინი.

 

თუ სახელმწიფოს მანცდამაინც უნდა, რომ დააფინანსოს რელიგიური გაერთიანებები, მაშინ  მან უნდა დაიცვას თანასწორობის პრინციპი. მან უნდა დააფინანსოს ნებისმიერი რელიგიური გაერთიანებების მიერ განხორციელებული პროექტები, რომელიც სახლმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებსა და პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის (ასეთი პროექტები შეიძლება იყოს უსახლკაროთა თავშესაფრები, საგანმანათლებლო კერები და კულტურული კერები საზოგადოების უპოვარი ფენებისათვის და სხვა).

 

ამჟამად მიღებული გადაწყვეტილება ტოვებს “დაყავი და იბატონეს” პრინციპის ამოქმედების შთაბეჭდილებას საქართველოს რელიგიურ სივრცეში. ეს კი საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიისა და რელიგიის თავისუფლების განვითარებას საქართველოში.

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი