კომენტარი

გიგი თევზაძე: ასეთი ნარკოპოლიტიკა პოლიციური სახელმწიფოს სურვილია

23 ივნისი, 2018 • 2129
გიგი თევზაძე: ასეთი ნარკოპოლიტიკა პოლიციური სახელმწიფოს სურვილია

გიგი თევზაძე, ფილოსოფოსი: 

„თავისუფლების საწყისი პირობაა, რომ ადამიანს საკუთარი სხეული ეკუთვნოდეს. დასჯა სისულელე და უგუნურება კი არ არის სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მიზანმიმართული ქმედება. ნარკომომხმარებლის დასჯით სახელმწიფო თვლის, რომ ადამიანი არის მისი სამუშაო ძალა და როცა ვინმე სამუშაო ძალად აღარ გამოიყენება, მე მას ვსჯი სხვების გასაფრთხილებლად, რომ მათაც საკუთარი თავი, ანუ სამუშაო ძალა არ დააზიანონ… მეტი არაფერი დგას ამის უკან.

ნარკომომხმარებლებს სახელწიფო სჯის იმის გამო, რომ ისინი სხეულს ისე მოექცნენ, როგორც საკუთარ სხეულს.

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად ძალადობაზე დგას. პოლიციური სახელმწიფოს სურვილია ასეთი ნარკოპოლიტიკა, ყველამ ვიცით, რომ ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირება ამ მიდგომებით წარმოუდგენელია.

თუ ჩვენი საზოგადოება მივა განვითარების იმ საფეხურამდე, რომ მოითხოვოს თავისუფლება, რაც საკუთარი სხეულის ფლობით იწყება, ის მერე ყველა პრობლემას გადაჭრის. თავისუფალი საზოგადოების წევრებს პირველ რიგში საკუთარი სხეული უნდა ეკუთვნოდეთ და დანარჩენი ყველაფერი: ნარკოპოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა – აქედან გამომდინარეობს.

ჩვენ ვთანხმდებით იმ რეალობაში  ცხოვრებას, რომელშიც სახელწიფო თავხედურად გვეუბნება, რომ ჩვენი სხეული ჩვენ არ გვეკუთვნის და სისტემას სურს თავად გადაგვიწყვიტოს, როგორ გვმართოს. სულ ეს არის.

ნარკომომხმარებელთა ქცევის მთავარი საფუძველი სტრესია. პრევენციის უამრავი საშუალება არსებობს სტრესთან გასამკლავებლად. სკოლებში, ბაღებში – ყველგან უნდა ისწავლებოდეს სტრესის წინააღმდეგ ბრძოლა.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი