კომენტარი

ირაკლი კაკაბაძე: „ციხე არ არის რეაბილიტაციის ადგილი“

15 ივნისი, 2018 • 2686
ირაკლი კაკაბაძე: „ციხე არ არის რეაბილიტაციის ადგილი“

ირაკლი კაკაბაძე, პოეტი 

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იმაზე მეტი პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური კატაკლიზმები გამოიარა, ვიდრე ერთ ერს, საზოგადოებას, ხალხს შეეძლო. ჩვენ რამდენიმე ომის, ადამიანური ღირებულებების სრული მარცხისა და დაცემის შვილები ვართ, არცერთი ეს მარცხი და დაცემა არ გაგვიანალიზებია და გაკვეთილიდან აზრი არ გამოგვიტანია. არცერთი ხელისუფალი არ გვყოლია, პირველი ხელისუფლება ჩანასახშივე ჩაკლეს, ადამიანის მოსიყვარულე და ადამიანის ღირსების დამცველი. სახელმწიფო და სახელმწიფო პოლიტიკა კლავს მოქალაქეებს და მიზეზიც აქ უნდა ვეძებოთ.

სად, რომელ ქვეყანაში, რომელ საზოგადოებაში შობილა სიძულვილით, დევნითა და სიმკაცრით მოქალაქეთა კეთილდღეობა?! ვის გაუგია სნეულის ცემით განკურნება?! მშიერის დასჯით დაპურება?! საქართველოს საერთოდ არ აქვს ნარკოპოლიტიკა, ამ პრობლემის ხედვა და გაგება და როგორ უნდა აისახოს რაიმე დადებით სტატისტიკურ მონაცემებში. ჩვენ ყველანი, მაშვრალნიც და დამამშვრალნიც პოლიტიკურ ელიტას ერთ ადგილზე ვკიდივართ, ჩვენ მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროები ვართ, ვის ხარჯზეც მდიდრდებიან და ცხოვრებას იწყობენ.

ქართული ციხე კიდევ უფრო ამახინჯებს ადამიანთა სულს. ციხე არ არის რეაბილიტაციის, ხსნისა და განკურნების ადგილი, ციხე მხოლოდ ადამიანის საზოგადოებიდან მოშორების საშუალებაა.

ჩვენთან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ან ზოგადად, ნარკოპოლიტიკა, დასჯა-არდასჯის საკითხებზე დადის: რამდენი წლით დავსაჯოთ, როგორ დავსაჯოთ, ვინ დავსაჯოთ, ავადმყოფია თუ არა ნარკომანი და ა.შ.

არადა, ნარკოპოლიტიკა ძალიან ფართო და ძალიან ბევრის მომცველი ცნებაა, ესაა ახალგაზრდების განათლების საკითხები, დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა, უფასო სპორტული დარბაზები, სტადიონები, აუზები, ესაა თანამედროვე მედიათეკები, კულტურული ცენტრები, კინო-თეატრები. ნარკოპოლიტიკაა რეგიონებში ფაბრიკები, ქარხნები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ეს ყველაფერი ძვირია და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ამ თანხების გაღებას ისევ ურჩევნია საკუთარი ჯიბეები უფრო მეტად შეივსოს, საკუთარი შვილები გაარიდოს და საზღვარგარეთ ძვირადღირებულ სასწავლებლებში მიაბაროს, ჩვენი შვილები სიდუხჭირეში, უსამართლობასა და უიმედობაში ჩახოცოს.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი