ათობით უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანს გლოვობენ სვეგამწარებული ნათესავები და ახლობლები, ცოცხლად გადარჩენილები კი, ვინც ამ ორი ტერაქტის დროს დაშავდა და სამუდამოდ დასახიჩრდა, ფიზიკურ და ემოციურ ჭრილობებს იშუშებენ, დაუცველობის გრძნობა აშფოთებს მილიონობით ადამიანს დიდ რუსეთში.
კრემლიც ბრდღვინავს და თუხთუხებს. მას ახლა ყველაზე მეტად ორი რამ აღელვებს: იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმის გამო, რომ “შავსაჯდომიანმა” კავკასიელებმა კიდევ ერთხელ აჭამეს სირცხვილი და მეორე იმიტომ, რომ კარს არის მომდგარი სოჭის ოლიმპიური თამაშები და არ უნდა ახლა საბოლოოდ მოეჭრას მსოფლიოში თავი.
სიმართლე უნდა ითქვას, კრემლმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ დასავლური სამყაროს გული მოეგო, განსაკუთრებით მის მიერ უკრაინაზე განხორხიელებული ზეწოლისა და საკუთარ ქვეყანაში ჰომოფობიური კანონმდებლობის შემოღების შემდეგ: ათი წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ ხოდორკოვსი “ჰუმანიტარული” მოტივების გამო. ასევე ამინისტიით ციხიდან გამოუშვა “პუსი რაიოტის” გუნდის ორი წევრი, ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვა და მაშა ალიოხინა, რომლებიც პუტინის საწინააღმდეგო “პანკური ლოცვისათვის” იყვნენ ციხეში გამომწყვდეული. გარდა ამისა სხვაგვარი თადარიგიც დაიჭირა კრემლმა: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მავთულხლართები გაგვიბა, იმისთათვის, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი ოლიმპიადის მოლოდინში. ცხადია, უსაფრთხოების ზომებიც კარგი მიიღო. ოლიმპიური თამაშებისთვისაც კარგად მოემზადა. ის კი არა, შარშანდელი თოვლიც კი შეინახა, იმის შიშით, რომ უთოვლობას ხელი არ შეეშალა სოჭის ოლიმპიადის წარმატებულად გასრულებისთვის. მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ მთელი ეს მცდელობები შეიძლება წყალში ჩაეყაროს ამ მეამბოხე ჩრდულოკავკასიელების გამო.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, რომელსაც შეთავსებული აქვს კრემლის იდეოლოგიური მსახურის ფუნქცია, ვოლგაგრადში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი ლოცის წინ ამბობს:
“რაც მოხდა, ამას გამართლება არა აქვს. გარეთ გადმოღვრილ ადამიანურ ბოღმას საზღვარი არა აქვს, ეს ხალხი ბნელეთის ძალების ტყვეობაში იმყოფება.” უწმიდეს კირილეს არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამაში. უმანკო ადამიანების მსხვერპლს არსად არანაირი გამართლება არა აქვს. არ არსებობს ცისქვეშეთში საღად მოაზროვნე რელიგიური მოღვაწე, რომ ტერორიზმს რამენაირი გამართლება მოუძებნოს. რა დააშავა იმ ათობით ადამიანმა, ვინც ახალი წლისთვის ემზადებოდა და ვისმა ტრაგიკულმა სიკვდილმაც მოუშუშებელი ჭრილობები მიაყენა უამრავ ადამიანს, დიდსა და პატარას. თითოეული ადამიანი მთელი სამყაროა და ნებისმიერი ადამიანის განადგურება ამ სამყაროს განადგურებას ნიშნავს.
მონოთეისტურმა რელიგიებმა ეს კონცეპცია იუდაიზმიდან მივიღეთ მემკვიდრეობით:
“გინდა ერთი ადამიანი გაგინადგურებია და …გინდა მთელი მსოფლიო; გინდა ერთი ადამიანი გადაგირჩენია და…გინდა მთელი მსოფლიო” (თალმუდი, სანჰედრინი 37ა).
ეს აზრი გაბატონებულია, როგორც იუდაიზმში, ისე ქრისტიანობასა და ისლამში: ადამიანი და მისი სიცოცხლე უპირატესი ღირებულებააა.
ამ თვალსაწიერიდან, ამ კონკრეტულ სიტუაციაში არა მარტო იმ ადამიანების სიცოცხლეა ფასეული, ვისაც წესს უგებს მოსკოვის პატრიარქი, არამედ იმ ადამიანებისაც, ვისაც იგი “ბნელეთის ძალების ტყვეობაში” მყოფებად მოიხსენიებს.
ძალიან ადვილია, ის, ვინც ჩვენ გვეწინააღმდეგება, ბნელეთის მოციქულებად მოვნათლოდ, მაგრამ არა მარტო ქრისტიანული რწმენა, არამედ უბრალო საღი აზრიც კი გვაიძულებს, რომ დავსვათ კითხვა: რამ აიძულა ის ქალი და კაცი, ტანზე ბომბები შემოეკრა და თავისი თავი მსხვერპლად შეეწირა? ადვილია ყველაფერი ეს ფანატიზმს გადააბრალო, ანდა ეს ამბავი ისლამოფობიის კიდევ მეტად გასაღვივებლად გამოიყენო, მაგრამ ეს გამოდგება პასუხად?
ხშირად ეს ქალები ან კაცები ისინი არიან, ვისთვისაც ეს შურისძიების ერთადერთი ფორმაა. ვიღაცას ქმარი მოუკლა რუსეთის ხელიუფლებამ, ვიღაცას- ცოლი, ვიღაცას -ძმა, ვიღაცას- შეყვარებული, ვიღაცას- შვილი. მე ვიცი, რას ნიშნავს, როცა მოგიკლავენ ადამიანს, რომელიც გიყვარს. ამ შემთხვევაში რაციონალურს ირაციონალური ებრძვის და ხშირად ჯაბნის კიდეც. არა, სწორად მინდა გამიგოთ, მე არ ვცდილობ ტერორიზმის ანდა ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების გამართლებას. ჩვენ არა გვაქვს ამის გამართლების არანაირი უფლება, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ ახსნა მოვუძებნოთ შაჰიდის (ადამიანი, რომელიც თავს სწირავს სასიკვდილოდ) საქციელს. ამის გარეშე ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას: ძალადობა ყოველთვის ძალადობას დაბადებს.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემდეგ ეკლესიამ, რომლის მეთაურიც მაშინ მე ვიყავი, ჩეჩენი ლტოლვილების პატრონობა იკისრა. ეს არ იყო იოლი საქმე. შობის წინეებში ნაირა გელაშვილი მოვარდა ჩვენს კათედრალურ ტაძარში, რომელსაც ახლა მშვიდობის კათედრალი ჰქვია, და იტუმ-კალედან (ჩეჩნეთი) შატილის ხეობაში გადმოსული ჩეჩენი ლტოლვილების ამბავი მოიტანა.
“რა ვქნათ, რა ვიღონოთ ჩეჩნების დასახმარებლად?” ვკითხე მრევლს. დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მე კარგად მესმოდა, რას ნიშნავდა ეს დუმილი. აფხაზეთის ომისა და ამ ომში ჩეჩნების მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხსოვნა ჯერ კიდევ ძალიან ცოცხალი იყო. იმ დროს ხშირად გაიგონებდით ამბავს, როგორ შეყარეს ჩეჩნებმა ქართველები რომელიღაც სოფლის მოედანზე, როგორ დააყრევინეს თავები და როგორ აბურთავეს მათი მოჭრილი თავები. მე, რაღა თქმა უნდა, არ ვიცი, მართლა ხდებოდა თუ არა ეს და მსგავსი ამბები, მაგრამ ჩვენი სახოგადოება გაჯერებული იყო ასეთი ამბებით. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ არავის ეპიტნავა ის აზრი, რომ ჩვენს მტრებს დავხმარებოდით.
ტაძარში გამეფებულ მდუმარებაში წამოდგა ერთი მოხუცი დედაკაცი და ხმამაღლა შემომძაზა ამბიონზე მდგომს:
“ძმაო მალხაზ, მოდი, შობა გავაუქმოთ და საშობაოდ შეგროვილი რაცა გვაქვს, იმ ჩეჩნებს გავუგზავნოთ.”
ცხადია, შობას ვერ გავაუქმებდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ შობის წინ ჩავსულიყავით ლტოლვილების ბანაკად ქცეულ პანკისის ხეობაში და იქ ჩაგვეტანა ჩვენგან სიმბოლური დახმარება. რაც შევძელით, ყველაფერს თავი მოვუყარეთ და ჩავედით.
ლტოლვილებთან შეხვედრამ ძირიაღმა უყო ჩვენს წარმოდგენას ჩეჩენ მტრებზე. ლტოლვილების ცრემლმა და აშკარა ტკივილმა დაგვანახა, რომ ჩეჩნებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ. ლტოლვილები მალევე გაგვშინაურდნენ. ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს. გვიყვებოდნენ მათს თავგადასავლებზე, ფათერაკიან გზაზე, რომელიც შატილამდე გამოიარეს, ომზე და სიკვდილზე, რომელსაც ბევრმა თვალებში ჩაჰხედა…
ვიდრე პანკისიდან თბილისში გამოვბრუნდებოდით, წმიდა-წყლის თავაზიანობის გამო, ლტოლვილებს ვუთხარით, ჩვენ ახლა მივდივართ და თუკი რამე დაგჭირდეთ. ნუ მოგერიდებათ, გვითხარი-თქო. აბა, რას წარმოვიდგენდით, თუ ტოლვილებს უკვე გაშვანშვალებული ექნებოდათ სია იმისა, რაც მათ ჭირდებოდათ. ეს იყო: ჩაი, წამლები, საბნები, სახვევი მასალები, ჰიგიენური საგნები და სხვა ათასი წვრილმანი.
კი დამცხა ამ სიის დანახვაზე, მაგრამ იხტიბარი აღარ გავიტეხე, გამოვართვი სია ლტოლვილების თავკაცს და გაკეცილი ქაღალდი უბეში ჩავიდე. მერე მთელი გზა იმასა ვფიქრობდი თბილისამდე, ამის შესაძენი ფული სად ვიშოვო-მეთქი. ეკლესიაში ფული არაფერი მეგულებოდა, მეც ძალიან ქესეტად ვიყავი. სხვა რა გზა იყო, უნდა როგორმე თავი მომეყარა ფულისთვის. ყველგან ვიმათხოვრე, სადაც შემეძლო, მაგრამ 900 დოლარი მაინც მაკლდებოდა, რომ ყველაფერი შეგვეძინა.
აი, მაშინ გამიელვა თავში აზრმა, რომ ინტერნეტით მეცადა ჩემი “ფანდრაიზერი” (სახსრების შეგროვება). მივუჯექი ჩემს კომპიუტერს და კარგი უსტარიც გამოვაცხე. წერილში ვთქვი, რომ მჭირდებოდა 900 დოლარი არა ჩემთვის, არა ჩემი ეკლესიისთვის, არა ქართველებისთვის, არამედ ჩვენი მტრებისათვის. მეორე დილას, როცა სამსახურში მივედი და ჩემი იმეილის ანგარიში გავხსენი. თვალებს ვერ დავუჯერე: ჩემი მეგობრები და ნაცნობები მწერდნენ, რომ მათ სახელდახელოდ შეაგროვეს 15 000 დოლარი, მეორე დღეს კიდევ მეტი შეგროვდა, ერთ თვეში ჩვენ გვქონდა 150 000 დოლარი შემოწირულობა ჩეჩნებისთვის. ამდენი ფული ერთად არც მანადე შემიგროვებია და არც მას შემდეგ.
თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, ჩვენ ჩეჩნების დახმარება კი გვინდოდა, მაგრამ ამდენით არა! ღმერთს ნამდვილადა აქვს იუმორის გრძნობა. ჩვენ იძულებული გავხდით კარგად გვეფიქრა, რა გაგვეკეთებინა ამ ფულით ლტოლვილებისათვის. გავხსენით სკოლა ლტოლვილი ბავშვებისათვის, მოვიწვიეთ მასწავლებელები (საბედნიეროდ, ლტოლვილებში 10-12 ჩეჩენი მასწავლებელი იყო), გავხსენით უფასო სასადილო 1300 ბავშვისათვის, შევქმენით სამედიცინო პუნქტი და სხვა. ერთი სიტყვით, ყელამდე ჩავეფალით ლტოლვილებზე ზრუნვის საქმეში. ხშირად მითქვამს, რომ მუსლიმ ლტოლვილებთან შეხვედრამ მაქცია-მეთქი მე ქრისტიანად, ეს იმდენად მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება იყო ჩემთვის. ნებისმიერი რელიგიის მთავარი დანიშნულება ხომ ადამიანებს შერიგება და მათ შორის სიყვარულის ჩამოგდებაა?! ჰოდა, ჩვენ ყოველდღე ვხედავდით შერიგების სასწაულს.
ერთხელ, საახალწლოდ ლტოლვილებს სკოლაში წიგნები, საწერი და სახატავი რვეულები ჩავუტანეთ და ვთხოვეთ, რომ დაეწერათ მათი საახალწლო სურვილები. შედეგად მივიღეთ უზარმაზარი დასტა ამ სურვილებისა, რომელთა გაცნობამაც აშკარად დაგვანახა ის ტკივილი, რომელსაც ჩეჩენი ხალხი ატარებდა მაშინ და ატარებს დღესაც. მას შემდეგ, სიმართლე გითხრათ, აღარ მიკვირს, როცა ჩეჩნების ხელით დაგეგმილი ტერაქტების ამბები მესმის.
“მე ვთხოვ ალაჰს, რომ ის ჩემი კნუტი, რომელიც დაბომბვის დროს დავკარგეთ გროზნოში, გადარჩეს და იცოცხლოს.” წერდა პატარა გოგონა, სახელად ნური. მისი ამხანაგი წერდა: “ნეტა რა ბედი ეწია ჩემს პიანონოს?! ნეტა ერთი კლავიში მაინც წამომეღო სახლიდან, როცა გროზნოდან გამოვიქეცით.” ერთი წერილი, რომელიც, ალბათ, არასდროს დამავიწყდება, დაწერილი იყო 12 წლის მუჰამედის მიერ. “ჩემი საახალწლო სურვილი ის არის,” წერდა ბიჭი, “რომ მოვკვდე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა გავიზრდები…” მერე, ეტყობა, ეს პატარა მუჰამედი დაფიქრდა, რომ ის ხალხი, ვინაც წიგნები, რევეულები და სხვა ჩამოუტანა, ისინიც ქრისტიანები იყვნენ და ამიტომ მან სიტყვა “ქრისტიანების წინააღმდეგ” დიდი მონდომებით გადაშალა და ზემოდან დააწერა “რუსების წინააღმდეგ.”
რუსების წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთება, ვფიქრობ, თითოეული ჩეჩნის გულში ძევს. გასაკვირი არც არის. რაც რუსებმა გაუკეთეს ჩეჩნებს, თუ პირველი თუ მეორე ომის დროს, ყოვლად დაუჯერებელია: ყურით არმოსასმენი და თვალით არდასანახი! ძალადობაზე, დამცირებზე, დევნაზე, ადამიანის ღირსების აბუჩად აგდებზე და მხეცურ წამებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსებმა ხომ ამ ომების დროს ჩეჩნების მოსახლეობის ერთი მეხუთედი ამოწყვიტეს! ამას არ ქვია გენოციდი ნეტა?
ვოლგოგრადის აფეთქებების მეორე დღეს მთლიანად მოოქროვილ გარემოში და პრჭყვიალ-ბრჭყვიალებში გამოწყობილი პატრიარქი გამოჩნდა ტელეკამერების წინ ოქროს ნივთებით გაწყობილ საკურთხეველთან და განაცხადა ჩეჩნებზე, ეს “ხალხი ბნელეთის ძალების ტყვეობაში იმყოფებიანო”.
რა იქნება, ვინმე დაფიქრდეს რუსეთში: ვინ ჩაყარა ჩეჩენი ხალხი “ბნელეთის ძალების ტყვეობაში.” იქნება გაიხსენონ ეკლესიის თავადებმა, როგორ ლოცავდენენ ისინი ქრისტეს სახელით რუსეთის ჯარებს თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმის მაგივრად, რომ სასულიერო პირები რუსებსა და ჩეჩნებს შორის ჩამდგარიყვნენ და მხეცური სისხლისღვრისაგან გადაერჩინათ ორივე ხალხი, ეკლესიამ მაშინ უარი თქვა მშვიდობისმყოფლის როლის შესრულებაზე და პუტინის მილიტარულ კამპანიას მიეტმასნა.
თუ კრემლი იმას ვერ ხვდება, რომ ძალის გამოყენებით ვერ მოადრეკინებს ქედს ჩეჩენ ხალხს, იქნება ეს შერიგების მისია ეკლესიას ეკისრა?
მე არ შემიძლია გამართლება მოვუნახო ტერორიზმს. მაგრამ მე შემიძლია ავხსნა, რატომ სწირავს შურისძიებისთვის თავს შვილ-ქმარ-ძმა-მამა-შეყვარებულ-მკვდარი ქალი. მე შემიძლია ახსნა მოვუძებნო, რატომ არ წირავს თავს მშვიდობისა და შერიგებისათვის ქრისტეს ეკლესია და მისი მსახურები რუსეთში. მაგრამ მე არ შემიძლია გამართლება მოვუნახო იმას, თუ რატომ დგას რუსეთის ეკლესია უსამართლობისა და იმპერიალიზმის სამსახურში. რატომ არ ესარჩლება იგი უსამართლოდ დევნილ ჩეჩნებს, ქართველებს, კავკასიელებს. რატომ არ ცდილობს ეკლესია ემსახუროს შერიგებასა და პატიებას დაპირისპირებულ ხალხებს შორის. რატომ ეშინია ქრისტეს ეკლესიას ქრისტეს ერთგულებისა და მისი შერიგების მსახურებისა?
არადა, ის ხომ აშკარაა, რომ შეუძლებელია შერიგებას სხვა ალტერნატივა ქონდეს. პატიებისა და შერიგების გზა საკუთარი თავისთვის არაკომფორტული კითხვის დასმით იწყება. “იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა?” (“ვეფხისა და მოყმის” ბალადა). ანუ იქნება ჩეჩნის დედაი რუსზედ მწარედა სტირისა!
შვილმკვდარი დედა გადაწყვეტს, ვეფხვის-დედა მოინახულოს, რათა ეს ორნი ერთ სიბრტყეზე შეხვდნენ როგორც თანასწორები და წუთისოფლის სიმუხთლის მიუხედავად ერთმანეთს თანაუგრძნონ. არა აქვს აქ მნიშვნელობა იმას, რომ ერთი ძლიერია და მეორე სუსტი. თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შეხვედრა, ურთიერთთანაგრძნობა, ვფიქრობ, ერთადერთი გზაა ნამდვილი შერიგებისათვის, იქნება ეს რუსებისა და ჩეჩნების კონფლიქტი თუ ქართველებისა ოსებისა და აფხაზების კონფლიქტი. ადვილია ეს? არა, ცხადია, არა. მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას, სხვა რამ გზა თუ არსებობს გონივრული.