კომენტარი

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – მკაცრი სასჯელი არ უზრუნველყოფს ნარკოტიკის მოხმარების შემცირებას

9 ივნისი, 2018 • 2098
ზრუნვა დასჯის ნაცვლად – მკაცრი სასჯელი არ უზრუნველყოფს ნარკოტიკის მოხმარების შემცირებას

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი:

„ჩემის აზრით, მთავარი მაინც არის ორი რამ: ა). ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარება გართობის ერთ-ერთი კომპონენტია. ამასთან ის დაკავშირებულია „აკრძალული ხილის“ ეფექტთან. ბ). ნარკომანების დიდი ნაწილი არის პოლიციის ინფორმატორი, რის გამოც მათ, როგორც წესი, არ ეხებიან. იგივე ვითარებაა ნარკოტიკების გამავრცელებლებს, ე.წ. „ბარიგებს“ შორისაც.

როგორც მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, მკაცრი სადამსჯელო ზომები არსად არ უზრუნველყოფს ნარკოტიკების ვაჭრობისა და მოხმარების შემცირებას. უბრალოდ, ეს პროცესი გადადის იატაკქვეშეთში და დიდწილად ხელშეწყობილია თავად სამართალდამცველი ორგანოების მიერ. ისინი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნარკოტიკების მომხმარებლებსა და გამსაღებლებს იყენებენ ინფორმატორებად.

ჩვენს სახელმწიფოს პრაქტიკულად არ აქვს ნარკოტიკის მომხმარებელთა სარეაბილიტაციო სერვისები, რადგან ნარკოტიკის მოხმარება ჯერ კიდევ განიხილება დანაშაულად და არა ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევად.

2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ, რომლის მიხედვითაც სასჯელი და სხვადასხვა სანქცია ნარკოტიკის მოხმარების გამო სერიოზულად გამკაცრდა და საბჭოურ მემკვიდრეობასთან შედარებითაც კი უკიდურესად დამძიმდა. ამის მიზეზი უფრო ხელისუფლების პოპულიზმი იყო, ვიდრე პრობლემის გადაჭრის მცდელობა, რამდენადაც საშუალო და უფროსი თაობისთვის მკაცრი ნარკოპოლიტიკა უფრო პოპულარულია, ვიდრე ჰუმანური.

მას შემდეგ საზოგადოების განწყობები დიდად არ შეცვლილა. სიტყვიერად ბევრი აღიარებს, რომ ნარკომანის ციხეში ჩასმა არ არის გამოსავალი, მაგრამ პრაქტიკაში ისევ იმ კანონმდებლობას ვეყრდნობით.

უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნარკოტიკების მოხმარების გამო? – არა, ცალსახად. ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანის ციხეში ჩასმა, ჩემის აზრით, დანაშაულის ტოლფასია.“

______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი