კომენტარი

კახა მაღრაძე: „ნარკოტიკების აკრძალვა აჩენს უკონტროლო, შავ ბაზარს“

8 ივნისი, 2018 • 2055
კახა მაღრაძე: „ნარკოტიკების აკრძალვა აჩენს უკონტროლო, შავ ბაზარს“

კახა მაღრაძე, „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი, პიარის სპეციალისტი:

„ნარკოტიკების პრობლემურ მომხმარებელთა მაჩვენებელი იზრდება. აქ პოლიტიკური ინტერესების პრობლემაა.  პრევენციული ღონისძიებები და ჰუმანური ნარკოპოლიტიკა ბევრად უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე მკაცრი მიდგომებით მიღებული სავალალო შედეგი.

ძირითადად სამი ჯგუფი უპირისპირდება ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას: ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები; მეორეა, რბილად რომ ვთქვათ, კონსერვატორების ჯგუფი, ვინც უბრალოდ  პოპულიზმის იარაღად იყენებს ამ რეფორმას და ნარკოტიკების ლეგალიზაციას პირდაპირ აკავშირებს ერის გარყვნასთან და თაობების დაღუპვასთან. ისინი ზედაპირულ, პოპულისტურ დონეზე ამბობენ, რომ ლეგალიზაცია და ჰუმანირი ნარკოპოლიტიკა ნიშნავს ნარკოტიკების მასობრივ გავრცელებას. და მესამე ჯგუფი არის ის, ვინც მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციას მოითხოვს.

არსად წერია, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების დაუსჯელობას, ნარკოტიკის თავისუფლად გაყიდვას გულისხმობს, პირიქით. ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამსაღებლების მიმართ კანონი უნდა იყოს გაცილებით მკაცრი, ვიდრე ახლაა.

გვინდა თუ არა, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები სხვადასხვა გზით მაინც ვრცელდება. ნარკოტიკების აკრძალვა აჩენს უკონტროლო, შავ ბაზარს, რაც გარდაუვალია და რითაც სახელმწიფო და ადამიანები ათმაგად ზარალდებიან.

ჩემს ბავშვობაში საზოგადოებას ჰქონდა ასეთი წარმოდგენა, რომ ვიღაც მოვიდოდა და ძალით გაგიკეთებდა ნარკოტიკს, მეც ასე მეგონა ბავშვობაში. ლამის კეთროვნებად არიან შერაცხულები მომხმარებლები ჩვენთან დღემდე. ამ სტერეოტიპით სარგებლობენ ძალოვანები, კონსერვატორები და ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რეფორმას.

მახსენდება პორტუგალიის მაგალითი – სანამ იქ მაღალი თანამდებობის პირის შვილი არ დაიღუპა ზედოზირებით, მანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობა იზრდება. ამ კვლევას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ატარებს.“

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი