კომენტარი

„ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ ბერკეტი, ნარკომომხმარებელი კრიმინალად გამოაცხადოს“

4 ივნისი, 2018 • 2267
„ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ ბერკეტი, ნარკომომხმარებელი კრიმინალად გამოაცხადოს“

თინათინ სტამბოლიშვილი, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ჯიპას ლექტორი: 

„მახინჯი ნარკოპოლიტიკა, რაც დღეს გვაქვს, იმ სამართალდამცავმა სისტემამ შექმნა, რომელმაც 90-იან წლებში, ფაქტობრივად, თავად შეუწყო ხელი ნარკოტიკების გავრცელებას და მთელი თაობის მოწამვლას. იქედან მოყოლებული დღემდე მოდიფიკაცია შესაძლოა განიცადა, მაგრამ არსი არ შეცვლილა – ნარკოპოლიტიკა დღესაც და მაშინაც იყო და არის ბერკეტი ხელისუფლების ხელში, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ იყენებს.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ნარკოტიკი არა მხოლოდ ცალკე აღებული ნარკომომხმარებლის ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ გვაზიანებს ჩვენ ყველას, როგორც საზოგადოებას, და გვიკარგავს მომავლის, განვითარებისა და კეთილდღეობის იმედს: ნარკოტიკების გავრცელებასთან ერთად ვრცელდება კრიმინალი, დანაშაულებრივი კავშირები და კორუფცია. ეს დამღუპველია, რასაკვირველია.

თუმცა დამღუპველია ისიც, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა ამ სიტუაციას არ ცვლის და ჩვენ ამას წლებია ვუყურებთ. ახლა მაინც უნდა შევძლოთ და ხელისუფლებას გამოვაცალოთ ბერკეტი, ნარკომომხმარებელი კრიმინალად გამოაცხადოს მაშინ, როცა ეს მას აწყობს და მოესურვება. ჩვენ გადასახადის გადამხდელის ფული უნდა დავხარჯოთ ნარკომომხმარებლისთვის მკურნალობისა და მზრუნველობის სისტემის შექმნაზე და არა მათ ციხეში ყოფნაზე. ეჭვგარეშეა ის, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია მკაცრად უნდა ისჯებოდეს და კონტროლდებოდეს, თუმცა არა ცალკეული სპეცოპერაციებით, არამედ სისტემურად.

მე წინააღმდეგი ვარ კლუბური და მსუბუქი ნარკოტიკის რომანტიზაციის. თუ ჩვენ 90-იან წლებში მძიმე ნარკოტიკს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულს ფაქტობრივად შევეწირეთ, დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს კარგად უნდა გავიაზროთ. არ უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ნარკოტიკი გართობის ან მუსიკის, ხელოვნების თანმდევი ატრიბუტია და რომ ეს ნორმალურია. მგონია, რომ სწორი მიდგომა ნარკომომხმარებლის მიმართ შემოატრიალებს სიტუაციას და ის აღარ გახდება წყალგამყოფი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის“.

______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა 

მასალების გადაბეჭდვის წესი