კომენტარი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე რეფორმას ეხმაურება

26 ოქტომბერი, 2013 • • 896
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე რეფორმას ეხმაურება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეფორმირების პროცესს, რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა კოალიციის უშუალო მონაწილებით მიღწეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად.  

 

წლების განმავლობაში სწორედ სათანადო პოლიტიკური ნებისა და საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, აჭარის მაუწყებელი წარმოადგენდა მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, ხელისუფლების პირდაპირი გავლენა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე აისახებოდა. განხორციელბული საკანონმდებლო ცვლილებები კი შესაძლებელს ხდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია გარდაიქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად. ამასთან, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესი ემყარება საბჭოს პოლიტიკური გავლენებისგან მაქსიმალური დაცვის პრინციპს.

 

კოალიცია წუხს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წარმომადგენლები მედიასთან არასწორად და ზემოთქმული პრინციპის უგულებელყოფით განმარტავენ კანონს. კერძოდ – 2013 წლის 17 ოქტომბერს მრჩევლთა საბჭოში  ფრაქციების “ქართული ოცნება“, “ქართული ოცნება აჭარა“ და “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევისა და ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარები“ მიერ წარდგენილი კანდიდატების არდამტკიცების ფონზე, უმრავლესობა კვლავ გეგმავს განმეორებით კონკურსში საკუთარი კანდიდატების წარდგენას, უგულებელყოფს რა “მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 355–ის მეექვსე პუნქტს, რომელიც ქმნის გარანტიას იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან,  მრჩეველთა საბჭოს ხუთკაციან შემადგენლობაში აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში მოქმედმა უმცირესობამ 2 კანდიდატურა წარადგინოს.

 

კოალიცია იმედოვნებს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ გაიზიარებს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეფორმირების პროცესი წარიმართება  იმ პრინციპების დაცვით, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობასა და სანდოობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი