კომენტარი

ღია წერილი თომას ჰამარბერგს

15 ოქტომბერი, 2013 • 1307
ღია წერილი თომას ჰამარბერგს

პატივცემულო ბატონო თომას,

 

თქვენდამი ამ წერილის მოწერა გადაგვაწყვეტინა პუბლიკაციამ, რომელშიც ჩვენმა რამდენიმე თანამოქალაქემ მთელი ქართული საზოგადოების სახელით გისაყვედურათ და ბრალიც კი დაგდოთ ჭკუის სწავლებასა და ქართული ტრადიციების უპატივცემულობაში, აგრეთვე, „გარყვნილების“ პროპაგანდის ხელშეწყობასა და ფაქტების შეგნებულ დამახინჯებაში.

 

უპირველეს ყოვლისა, გვსურს საჯაროდ და ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ იმ პუბლიკაციაში გამოთქმული აზრი და კრიტიკა არ არის მთელი ქართული საზოგადოების პოზიცია. ის პიროვნებები, რომლებსაც საკუთარი აზრი მთელი საქართველოს ხმა ჰგონიათ, არ წარმოადგენენ ქართული საზოგადოების სახეს. მეტიც – მიუხედავად მათი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალაუფლებისა, თუ ფინანსური შესაძლებლობებისა, ისინი მრავალსახოვან, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ ერთ, შოვინისტური და ქსენოფობიური განწყობებით გამორჩეულ ფრთას შეადგენენ. პუბლიკაციის ხელმომწერთა შორის არიან ინდივიდები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 17 მაისს მოწყობილ პოგრომში. სამწუხაროდ, ამ პიროვნებებიდან ბევრი საქართველოში წლების მანძილზე ქადაგებს და წარმატებით ამკვიდრებს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური ნიშნით სიძულვილსა და შუღლს. ადამიანის უფლებებსა და ღირსებებზე მათი წარმოდგენები ზედმიწევნით ბუნდოვანი და გაუგებარია – ისინი ხშირად გამოდიან „უმრავლესობის ტირანიის“ დამცველებად, აცხადებენ რა, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა უმრავლესობის უფლებების შელახვას იწვევს. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ეს ჯგუფი, საკუთარი ცნობიერებით, რიტორიკითა და არტიკულაციის ფორმებითაც წარმოადგენს იმ პოლიტიკურ და მენტალურ ერთობებს, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ნეოფაშიზმი და რელიგიური ფანატიზმი ეწოდება.

 

ჩვენ შემაშფოთებელ სიგნალად მივიჩნევთ იმ ტენდენციას, რომ ამგვარ, დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროსათვის შეუთავსებელი ცნობიერების ადამიანებს, სულ უფრო მეტი გავლენა აქვთ საზოგადოებაზეც და სახელისუფლო სტრუქტურებზეც – რასაც ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება. შემთხვევითი არც ამ პიროვნებებისა თუ მათთან დაახლოებული ექსტრემისტული ჯგუფების ანტიდასავლურობა და დასავლური ღირებულებების სიძულვილია, რაც მათ არაერთხელ საჯაროდ განუცხადებიათ.

 

ჩვენში განგაშს იწვევს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და დისკრიმინაციის ის ფაქტები, რომლებიც თქვენს მოხსენებაში სრულიად სამართლიანად და სწორად იყო დასახელებული. „უცხოს“ სიძულვილის, რასიზმის, ჰომოფობიის, სექსიზმის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ზრდას მხოლოდ კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია საქართველოსათვის, რომელიც ჯერ ისევ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საწყის ეტაპებზე იმყოფება.

 

დაბოლოს, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული სამუშაოსათვის, ისევე, როგორც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუციების შექმნის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი