კომენტარი

სამოქალაქო ინიციატივა განათლების რეფორმისათვის

16 სექტემბერი, 2013 • 1604
სამოქალაქო ინიციატივა განათლების რეფორმისათვის

განათლების სისტემის სერიოზული რეფორმირების საჭიროება საქართველოში ძნელია გადაჭარბებით შეაფასო. თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ის ქვეყნები თუ შეძლებენ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, სადაც ცოდნაზე დამყარებული საზოგადოებაა და სადაც განათლება არის სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი. ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანიც – ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია განხორციელდეს, თუ ჩვენი განათლების სისტემა არ იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი და არ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების გამოშვებას.

განათლების სფეროში არსებული პრობლემები გვეხება ყველას, მიუხედავად ჩვენი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობისა თუ პოლიტიკური სიმპათიებისა. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია რეფორმების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა. განათლების თემა უნდა იყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის ერთ-ერთი წერტილი და ამ თემაზე დისკუსიები გავიდეს პარტიული და პოლიტიკური დაპირისპირებების კონტექსტიდან. მიგვაჩნია, რომ ეს არის ზეპოლიტიკური თემა და ჩვენი ერთობლივი პოზიციაც ამგვარი მიდგომის მაგალითია. ჩვენ ვაპირებთ არა მარტო დავაკვირდეთ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს და გამოვთქვათ კრიტიკული შენიშვნები, არამედ თავად დავდოთ სრულიად კონკრეტული რეკომენდაციები. ამ მიზნით ვითანამშრომლებთ სახელმწიფოსთანაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო სექტორსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

დღეს განათლების სისტემაში ბევრი პრობლემა და გამოწვევაა. ოცდახუთი წლის წინ ჩვენ ჩავიბარეთ საბჭოური მემკვიდრეობა. ჩავიბარეთ სისტემა, რომელიც მთლიანად მისადაგებული იყო ტოტალიტარულ რეჟიმთან. სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, ვერა და ვერ მოხერხდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბება. 

კარგად გვესმის, რომ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელიც ვერ გადაიჭრება ერთ და ორ წელიწადში. ასევე კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემის რეფორმირება მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს და ყველა მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღება გვსურს მივაპყროთ ერთ მომენტს.

განათლების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საშუალო განათლებას, რამდენადაც სკოლას აქვს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც. სკოლა არის ის ადგილი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ღირებულებების სისტემის ფორმირებაზე. თუმცა, საშუალო განათლების სისტემას საქართველოში, გარდა ცალკეული ნაკლოვანებებისა, აკლია მთავარი – კონცეპტუალური საფუძველი, ზოგადი მიდგომა, რომელიც მოიცავდა მთელ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით ასპექტებს. 

ასეთი მიდგომის ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი აზრით, უნდა იყოს სასწავლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სკოლის მერხიდანვე ჰქონდეთ შეთვისებული – საქართველო არის დიდი კულტურული სივრცის, ევროპული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. გახსნილი ურთიერთობა სხვა კულტურებთან ყოველთვის უფრო მდიდრულს და მრავალფეროვანს ხდიდა ქართულ კულტურას. ჩვენი ისტორიული ტრადიცია არის კულტურის ღიაობა და არა იზოლაციონიზმი.. 

ჩვენის მხრივ, მზად ვართ გავხსნათ დისკუსიები ამ თემაზე, წარმოვადგინოთ კონკრეტული პროექტები, რომლებიც შეეხება როგორც რეფორმის მხარდამჭერი საზოგადობრივი აზრის მობილიზებას, ისე უშუალოდ სასწავლო პროცესის რეფორმირებას, კერძოდ, მასწავლებელთა სერტიფიცირებისა და გადამზადების შინაარსს, ეროვნული სასწავლო გეგმების შედგენას ჰუმანიტარულ დისციპლინებში, მათ ასახვას სახელმძღვანელოებში და ა. შ. ამ მიზნით ჩვენ ვითანამშროლებთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, ორგანიზაციასთან თუ მოქალაქეთა ჯგუფთან.

მიგვაჩნია, რომ, პირველ რიგში, სწორედ განათლების სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს ჩვენი კულტურული ცნობიერების იმ ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც თავის დროზე ქართული სახელმწიფოებრიობის კრახის შედეგად დავკარგეთ. ვფიქრობთ, ასეთი კონცეპტუალური მიდგომა სერიოზულად შეუწყობს ხელს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას, ევროპულ კულტურასთან ურთიერთობის ტრადიციის, საკუთარი თავის მის კონტექსტში გააზრების აღდგენას და, საბოლოო ჯამში, თავისუფალი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას, რაც საშუალო განათლების უმთავრესი მიზანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი