კომენტარი

ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

9 სექტემბერი, 2013 • 1692
ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაჩნდა მცირე იმედი, რომ თქვენი საგანმანათლებლო პოლიტიკა იქნებოდა წინამორბედი მინისტრის დროს დაშვებული შეცდომებისა და საგანგაშო კანონდარღვევების გამოსწორებისკენ მიმართული. ამ მხრივ პოზიტიურ ნაბიჯად ჩავთვალე მინისტრის ყოფილი მოადგილის, ჩვენ მიერ, რესურს-ცენტრების უფროსთა შესარჩევ კონკურსზე უკანონობაში მხილებული ალუდა გოგლიჩიძის თანამდებობიდან გადაყენება, რაც ზაფხულის დასწაყისში ჩემი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, ხსენებული შეცდომებისა და დარღვევების გამოსწორება ამის იქით აღარ წასულა. ვფიქრობდით, რომ პასუხისმგებლობის ტვირთის შემსუბუქების მიზნით ბათილად გამოაცხადებდით ამ ფსევდოკონკურსის შედეგებს, რითაც საფუძველს დაუდებდით სამართლიან და გამჭვირვალე პოლიტიკას. სამწუხაროდ, არათუ აღკვეთეთ უკანონობა, არამედ წარმატებით განაგრძეთ გოგლიჩიძის შემუშავებული პროექტის განხორცილება და თითქმის იგივე ხარვეზებით ატარებთ საჯარო სკოლების დირექტორთა კონკურსს. თუ რას ვგულისხმობ, მოგახსენებთ:

გამოცდების ეროვნული ცენტრის იგნორირებამ განაპირობა დირექტორთა კონკურსზე დაბალვალიდური და  არააპრობირებული ტესტების დადება. ასეთ ტესტებს „შეეწირა“ პირველი ეტაპის (პირველი დღე) კონკურსანტთა დიდი უმრავლესობა. მეორე ეტაპზე (მეორე დღე) ტესტები მკვეთრად და შესამჩნევად გაიოლდა და კონკურსანტთა დიდმა ნაწილმაც შეძლო ტესტისათვის დადგენლი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა. მომხდარის ანალიზი ცხადყოფს, რომ კონკურსის პირველ და მეორე დღეს გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სირთულის ტესტები. ამის გარდა, ტესტირება მიმდინარეობდა უამრავი ტექნიკური ხარვეზის თანხლებით, ეს კი ნიშნავს კონკურსანტთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზოგიერთთა მიმართ დისკრიმინაციის განხორციელებას. შედეგად, პირველ დღეს „ჩაჭრილთა“ პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად აღემატებოდა მეორე დღისას.

ჯერ-ჯერობით ზღვარგადალახულ კონკურსანტთა რაოდენობამ მხოლოდ 52 პროცენტს მიაღწია (!). ამგვარი შედეგები სამინისტროს მთელი რიგი დილემების წინაშე დააყენებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმატებით ტესტირებულ კანდიდატებს წინ გასაუბრების ეტაპი და მორიგი „გაცხრილვა“ ელით, ელემენტარული არითმეტიკული გაანგარიშებით, ასობით საჯარო სკოლას საერთოდ ვერ წარედგინება დირექტორობის კანდიდატი და მათ ხელმძღვანელებს მოვალეობის შემსრულებელთა ფუნქცია დაეკისრებათ.

საქართველოს განათლებას, თუ კატასტროფა არა – სერიოზული უკუსვლა ემუქრება. კვლავ ძალაშია სასკოლო – შაშკინის იდეა! დიახ, სწორედ შაშკინმა გამოსცა (2011 წლის 24 თებერვლი) ბრძანება და დებულება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესახებ და თქვენ წინამორბედ მარგველაშვილს მასში თითქმის არაფერი შეუცვლია, თუ არ ჩავთვლით კონკურსის გამართვის თარიღებს, ადგილებს  და მსგავს ნიუანსებს. ეს დებულება უზრუნველყოფს დირექტორთა იმგვარად შერჩევას, რომ მაქსიმუმამდე იყვნენ ისინი მართვის ცენტრზე – მინისტრზე დამოკიდებულნი. ამას ვერტიკალური მმართველობაც აღარ ჰქვია.    

სასკოლო დიქტატურის (მართვის ცენტრალიზაცია) საფრთხის არსებობას განსაკუთრებით ნათლად გვიჩვენებს ხსენებული დებულების მე-20 და 21-ე მუხლები. ანუ, დირექტორთა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. ხსენებული მუხლების შესაბამისად, მხოლოდ განათლების მინისტრს აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლება, კონკურსის ყველა საფეხურის წარმატებით გავლისა და დირექტორობის უფლების მოპოვების შემდეგ სკოლის სამეურვეო საჭოს წარუდგინოს დირექტორობის კანდიდატი და უარის შემთხვევაში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო (!). თანაც სკოლას ირჩევს მინისტრი და არა ადირექტორობის კანდიდატი. ამგვარი წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავს პიროვნების არჩევანის თავისუფლებას.  

ეს ყველაფერი პერსპექტივაში გულისხმობს, რომ სასკოლო სისტემის მართვა ხდება უნიტარული და, თუ ამას დავუმატებთ კომპიუტერული  ტექნოლოგიების გამოყენებას – აბსოლუტურად კონტროლირებადიც კი. თავისუფლების ხარისხის მინიმუმამდე დაყვანა შეეხება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და საერთოდ – მთელ განათლებას…

კი, ბატონო, დღეს გაქვთ უფლება მოსპოთ სამეურვეო საბჭოები და დანიშნოთ სასურველი „ნამესტნიკები“, მაგრამ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს რას პასუხობთ, რომლებიც პირდაპირ მოითხოვენ 2005 წელს საქართველოს მიერ ხელმოწერილი პარიზის დეკლარაციით აღებული ვალდებულების – სკოლების დეცენტრალიზაცის განხორციელებას? ამ ვალდებულების იგნორირების ნებისმიერი გამოვლინება საეჭვოს გახდის USAID-ის პროგრამით გათვალისწინებული 140- მილიონიანი ტრანშის გამოყოფის საკითხს, მით უმეტეს, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი და პირადად მე არ ვაპირებთ თვალები დავხუჭოთ ამ საკითხზე. ჩვენ არ დავუშვებთ ტრანშეს გადამისამართებას ბიუროკრატიზმისა და სასკოლო დიქტატურის დასაფინანსებლად.

ახლა, რამდენიმე სიტყვით, მინდა იმ ადამიანებზეც მოგახსენოთ, ვინც მომავალ განათლებას „ჭედავს“ და ურომლისოდაც ეს საქმე ვერანაირად ვერ გამოვა. პედაგოგები ამჟამად  კვლავ ვდგავართ შემდეგი სასიცოცხლო პრობლემების წინაშე: მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი და საქართველოს საბიუჯეტო სტრუქტურებში ერთ-ერთი დაბალი სახელფასო ანაზღაურება. სამარცხვინოა არა მარტო ანაზღაურების ოდენობა, არამედ მისი გამოანგარიშების საბჭოურიდან შემორჩენილი წესი, რომელიც დადგენილია ალექსანდრე ლომაიას დროს მიღებული ბრძანებულებით. შაშკინის დროს ეს წესი ისე ჩახლართეს, დღემდე თავგზა ებნევათ სკოლების ადმინისტრაციას. ეს „ჭირის დედაც“ კი ვერ მოგვაშორეთ, ქალბატონო მინისტრო!

ვის აძლევს ხელს როგორც დირექტორებთან, ისე პედაგოგებთან დაკავშირებული სიტუაცია? – ახლად გამომცხვარ „ფეოდალებს“, რომლებიც გამწარებით იბრძვიან თანამდებობებისთვის. ვინ წააგებს ამით? – სასკოლო საზოგადოება, მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები…

ძალიან მალე სასკოლო საზოგადოება იქცევა საპროტესტო ელექტორატად. თითოეული მასწავლებელი ძალაუნებურად გახდება საპროტესტო აქტივობის აგიტატორი. კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებელს შეუძლია საკუთარ პოზიციაზე მიიმხროს მინიმუმ 20 მოქალაქე. გადავამრავლოთ ეს რიცხვი მასწავლებელთა საერთო რაოდენობის თუნდაც 70-80 პროცენტზე. ძნელი წარმოსადგენი არაა საპროტესტოდ განწყობილი მასა რა კრიტიკულ რაოდენობას მიაღწევს. თუმცა სამომავლოდ კი არა,  უკვე, როგორც არასდროს, მომატებულია, საპროტესტო განწყობა. „პროტესტანტთა“ რიცხვში არის სრული სასკოლო სივრცე – მოქმედი თუ გათავისუფლებული დირექტორებით, დირექტორობის კონკურსმიღმა დარჩენილებით, რესურსცენტრების უფროსობის ყოფილი კანდიდატებით; პედაგოგთა ყველა კატეგორია – დაბალი ხელფასებით გაბრაზებულები, უკანონოდ გათავისუფლებულები, დანამატის გარეშე სერტიფიცირებულები, თუ სერტიფიკატის მიღმა დარჩენილები. ამასთან, თუ თქვენ მაინც ჯიუტად გააგრძელებთ უნიტარიზმისკენ მიმავალ პოლიტიკას და თითქმის პირდაპირი წესით დანიშნავთ სკოლის ხელმძღვანელებს, მაშინ პედაგოგთა სოციალური უკმაყოფილების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდება საპროტესტო განწყობა, ქუჩაში გამოვა ასეულობით საჯარო სკოლა და ეს მიგიყვანთ პოლიტიკურ და პიროვნულ კრიზისამდე…

ამიტომ, სანამ დროა, დაუბრუნეთ სკოლებს წართმეული უფლებები. უარი თქვით სასკოლო დიქტატურის დამყარების მცდელობაზე და გადადგით ქმედითი ნაბიჯები განათლების მართვის დეცენტრალიზაციისაკენ, რაც, ამავდროულად, გულისხმობს ნეპოტიზმის მოსპობას ჩანასახშივე, სკოლების გათავისუფლებას ზემდგომთა წნეხისაგან და მათ თავისუფალ განვითარებას; უარი თქვით არასასურველ კონკურსანტთა „ჩასაჩეხად“ მოგონილ ე.წ. გასაუბრების მეთოდებზე, გასაუბრების ფუნქცია დაუტოვეთ სამეურვეო საბჭოებს, ხოლო სამინისტროს კომისია ამჯერად მაინც დააკომპლექტეთ მიუკერძოებელი და პროფესიონალი ადამიანებით. აქვე ჩავურთავ: აუცილებელია გასაუბრება მიმდინარეობდეს ვიდეო-ჩაწერით, ეს კონკურსანტებს გასაუბრების შედეგების გასაჩივრებაში დაეხმარება, და თავიდან ავიცილებთ იმის განმეორებას, რაც მოხდა რესურს- ცენტრების უფროსთა შერჩევის დროს.

და ყველაზე მთავარი: დროულად უნდა უზრუნველყოთ მთავრობისა და პედაგოგების დიალოგის გამართვა სახელფასო ანაზღაურების პირველადი მასშტაბური მატების (საბაზო ხელფასის 1000 ლარამდე ზრდა) და ხელფასის გაანგარიშების წესის გადასინჯვის თაობაზე. პირველადი მატების შემდეგ ხელფასის ზრდა უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო ფასებს, რაც გაადვილდება ინდექსაციის კანონის მიღებით. კრიტიკისთვის მზაობა დიალოგისთვის მზაობას განაპირობებს. დიალოგი კი მომავალ საფრთხეებს აგვაცილებს თავიდან, თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ არასანდო და თვითმარქვია უავტორიტეტო ორგანიზაციებთან ალიანსი პედაგოგთა სოციალურ „დაშოშმინებაში“ უკვე სრულიად არარეალურია.

ამ მოთხოვნების შესრულება იქნება პრევენცია პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი საპროტესტო მოძრაობების თავიდან ასაცილებლად, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას სათავეში ჩაუდგეს საქართველოს სასკოლო საზოგადოების (სკოლების ხელმძღვანელების, მასწავლებლების…) მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომელიც კარზეა მომდგარი!

ვიმედოვნებთ ადეკვატურად შეაფასებთ არსებულ სიტუაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი