კომენტარი

პანკისის ხეობის მცხოვრებლები რელიგიური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ

21 აგვისტო, 2013 •
პანკისის ხეობის მცხოვრებლები რელიგიური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ

როგორც ორგანიზაცია “ვაინახები ადამიანის უფლებებისთვის” ერთ–ერთი წევრი, აიუპ ბორჩაშვილი აცხადებს, რელიგიურ ფონზე დისკრიმინაციას უკანასკნელი 5–6 წლის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა ბოლო პერიოდში ფაქტები გახშირდა.

 

მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსლიმ მოსახლეობას, საქართველოს დატოვებისას ან ქვეყანაში დაბრუნებისას, პრობლემები ექმნებათ:

 

“ჩვენ პრობლემებს მხოლოდ იმიტომ გვიქმნიან, რომ ღმერთს პატივს ვცემთ და წვერს ვატარებთ, გვიწოდებენ ვაჰაბიტებს, მაშინ, როდესაც უბრალო მუსლიმები ვართ. ჩვენი შეზღუდვა მრავალი წელია მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო დროს გახშირდა. გაფრთხილებაც ბევრჯერ იყო ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, თუმცა სახელს და გვარს ვერ ვიტყვი”, – განაცხადა აიუპ ბორჩაშვილმა. მისი თქმით, ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოშ, მუსლიმებმა ერთ–ერთი სკოლის შენობის და მის გარშემო მდებარე ტერიტორიის შესყიდვა გადაწყვიტეს, თუმცა ტერიტორიის მფლობელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ თუკი სკოლას მუსლიმებზე გაყიდდა, პრობლემები შეექმნებოდა, რის შემდეგაც მან ტერიტორიის მიყიდვაზე უარი განაცხადა:

 

“პანკისის ხეობაში ჩვენი ზონა არის გამოცხადებული წითელ ზონად, და თუ ვინმეს ჩვენთან მეგობრული ან ბიზნესურთიერთობა უნდა, პრობლემები ექმნებათ. ერთ–ერთი სტრუქტურის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენთან შეხვედრაზე იყო, წამოცდა, რომ ჩვენ სტუმრები ვართ და ჩუმად უნდა ვიყოთ, შემდეგ ვითომ გაასწორა, რომ შემთხვევით თქვა, მაგრამ სინამდვილეშიც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლებია აქ ვცხოვრობთ და ჩვენი წინაპრები აქ არიან დამარხული, რელიგიის გამო მაინც სტუმრებად ვითვლებით”,– განაცხადა მან.

 

დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარაში მცხოვრები მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეც. მისი თქმით, ის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად მიდიოდა, თუმცა ქვეყნიდან არ გაუშვეს. ფირუზ წულუკიძე მიიჩნევს, რომ მისი შეზღუდვაც რელიგიური ნიშნით მოხდა:

 

“მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავი, მივედი აეროპორტში, გავიარე შემოწმება, უკვე მეორე სართულზე ავედი, როცა მოვიდა უფროსი პოლიციელი და მითხრა, რომ ვერ წავიდოდი, მიზეზი არ უთქვამს. ჯერ ბილეთი გადამაცვლევინა ფედერაციამ, მითხრეს, რომ მეორე დღემდე მოგვარდებოდა პრობლმა, მაგრამ მეორე დღესაც არ გამიშვეს, თითქოს მე მქონდა ურთიერთობა საქართველოსთვის საშიშ პიროვნებებთან”, – განაცხადა წულუკიძემ.  მისი თქმით, მას პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, გაეპარსა წვერი, რადგან ის წვერს რელიგიის გამო ატარებს.

 

როგორც წულუკიძის მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე აცხადებს, ვარჯიშის შემდეგ ის მუსლიმ სპორტსმენებთან ერთად, მათ შორის წულუკიძესთან, ლოცვას აღავლენდა და მათ რელიგიურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის გამოც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე დაიბარეს:

 

“წამიყვანეს ბათუმის განყოფილებაში და მითხრეს, წვრთნა შეგიძლია გააგრძელო, მაგრამ რელიგიურ მოწოდებებს თავი დაანებე, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მე არ დავუჯერე, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება ჩემთვის რაიმე აეკრძლათ, ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ფირუზი არ გაუშვეს ჩემპიონატზე”, – აცხადებს თემურ ბახტურაძე.

 

როგორც პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ხალხს ინფორმაცია იმის გამო მიაწოდეს, რომ მომავალში ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს და სიტუაცია არ გაუარესდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი