კომენტარი

ზვიად ქორიძე: “მეცხრე არხი” ფორსმაჟორულად იყიდება

19 აგვისტო, 2013 •
ზვიად ქორიძე: “მეცხრე არხი” ფორსმაჟორულად იყიდება

როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მას უხერხულობას უქმნის ფლობდეს ტელევიზიას მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პარტიის კანდიდატი მონაწილეობს?

 

ბიძინა ივანიშვილს აწუხებს ის, რომ ამ არხმა არ მოახდინოს ნეგატიური გავლენა საარჩევნო პროცესზე, როგორც პრემიერის ოჯახის ტელევიზიამ. ის ხაზს უსვამს იმას, რომ დღეს არ არის ისეთი ვითარება საქართველოში, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მედია გაცილებით თავისუფალია, მისი თვალთახედვით. 

 

ეს მისი აზრია, მაგრამ ფაქტია, რომ მე-9 არხი თუ გამოხატავდა ვინმეს პოზიციას, გამოხატავდა პრემიერ-მინისტრის, მისი ოჯახის პოზიციას, ამიტომაც ამ თვალსაზრისით შეიძლება ძალიან პოზიტიურიც იყოს არხის გაყიდვა. მაგრამ ასე ფორსმაჟორულად არ უნდა ხდებოდეს სატელევიზო არხების გაყიდვა. ეს ხელს უშლის სატელევიზიო ბაზრის მდგრადობის განვითარებას. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენს ტელევიზიებს საზოგადოებრივი სიკეთე არ გააჩნია. ვისაც როცა მოუნდება, შეუძლია მაშინ დახუროს ტელევიზია, და მოქალაქეები, რომლებიც მინდობილი არიან ამ ტელევიზიაზე, ინფორმაციის გარეშე დატოვოს. 

 

სხვა ფორმით როგორ უნდა გაყიდულიყო. თქვენ ფორსმაჟორული სიტუაცია ახსენეთ, უფრო მეტი დრო უნდა დათმობოდა გაყიდვის პროცესს?

 

კომპანია ასეთი ფორმით არ უნდა იხურებოდეს, განსაკუთრებით- მედიაკომპანია. ეს უნდა ყოფილიყო წინასწარ შემზადებული პროცესი. თვეების განმალობაში არხის მენეჯემენტს უნდა ეზრუნა. უნდა გამოცხადებულიყო საერთაშორისო ტენდერი. გამოჩენილიყო ქართველი ან უცხოელი ინვესტორების რიგი, რომლებსაც ექნებოდათ სურვილი, რომ შეესყიდათ ეს ტელევიზია.

 

განცხადების ტექსტის მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქამდეც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, პროცესი იყო დაწყებული. 

 

შეიძლება იყო მოლაპარაკებები დაწყებული კონკრეტულ მყიდველებთან, მაგრამ არ იყო გახსნილი “სატენდერო ფანჯარა”- საზოგადოებამ არ იცოდა. ეს უნდა ყოფილიყო ღია პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია კერძო ბიზნესია, მას აქვთ ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ასეთი ტიპის გარიგებები არ შეიძლება ხდებოდეს კულისებში.

 

ეს პროცესი რომ არ მიმდინარეობდა, ამიტომ მიიყვანა ასეთ ჩიხურ სიტუაციაში ეს ტელეკომპანია და იძულებული გახდა პრემიერ- მინისტრი, გაეკეთებინა განცხადება: “თუ არ გამოჩდა ამ 12 დღის განმავლობაში კლიენტი, ვინც იყიდის, მაშინ არხი დაიხურება”. სხვათა შორის, გარკვეულ სოციალურ ვალდებულებებს იმ ჟურნალისტების მიმართ იღებს, ხომ? და ასევე ტექნიკასთან დაკავშრებით გამოითქვა მოსაზრება, რომ მეცხრე არხის ტექნიკა სხვა ტელევიზიებს გადაეცემათ.

 

სხვა არხებისთვის ტექნიკის გადაცემა მაინც დატოვებს დამატებით შეკითხვებს პრემიერის მიმართ? 

 

არანაირ კითხვას არ დატოვებს. დახურა ტელევიზია და თავისი ტექნიკა გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მანდ პრობლემა სხვა რამეა. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ფორმით გააგრძელებს არსებობას, რომ წყალობით მიიღოს ტექნიკა სხვადასხვა ტელევიზიიდან, ის ვერ განვითარდება. მან ზუსტად ისე უნდა ხარჯოს თავის ფული, რომ ტექნიკაც იყიდოს ამ ფულით და ვალიც არ დაიდოს. ეს უნდა იყოს საზოგადობრივი მაუწყებლის მთავარი ფუნქცია იმიტომ, რომ მას საზოგადოება საკმაოდ დიდ ფულს აძლევს და არ არის საჭრო, რომ თუ ვინმე დახურავს ტელევიზიას, თუნდაც ეს ვინმე პრემიერ- მინისტრი იყოს, იქიდან ქონება წამოიღოს.

 

2004 წელსაც მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ისე, როგორც სხვა ტელევიზიებმა, ქონება მეცხრე არხისგან, როცა დახურა ბიძინა ივანიშვილმა. ახლაც იგივე ხდება. არ არის ეს სწორი ფორმა. ეს ტელევიზია უნდა გაიყიდოს და თუ ვერ გაიყიდება, მერე, რა თქმა უნდა, გაკოტრდება. მაშინ მისი ქონება ასევე აუქციონის წესით უნდა იყოს გაყიდული. იყიდოს მან, ვისაც ჭირდება. არ არის საჭირო სხვადასხვა ტელეკომპანიისათვის ასეთი ხელოვნური ინექციები.

 

პრემიერმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიიღო და ის ნაკლებად ფიქრობს მედიის ბედზე, არა?

ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მიმართულია იქითკენ, რომ მთავრობამ წინასაარჩევნო პროცესებში იმოქმედოს ისე, რომ მან არ გამოიყენოს მედიარესურსი ასე მიკერძოებულად. 

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში ოპტიმალური დრო მოძებნა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პრაქტიკულად გარიდებოდა მეცხრე არხს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც 2012 წლის აპრილში დაეკისრა, როდესაც ეს არხი გაიხსნა. მაშინ სწორედაც საზოგადოებას ძალიან უჭირდა სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან ინფორმაციების მიღება.

 

გარდა იმისა, რომ იზრუნა თავის და მთავრობის პოლიტიკურ იმიჯზე, ასევე იზრუნა იმაზეც, რომ ეს პასუხისმგებლობა და ეს ვალდებულება, ჰქონდეს და შეინახოს თავისი ტელევიზია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მოესხნა. ალბათ იმიტომაც, რომ ამ ტელევიზიას საკმაოდ გაუჭირდა, კონკურენტულ სივრცეში დაეკავებინა თავისი რეიტინგული ადგილი. 

თქვენი აზრით, არარეიტინგულობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მეცხრე არხი ვერ იყიდება?

მე არ გამოვრიცხავ, ამ განცხადების შემდეგ მოიძებნოს ისეთი დაინტერესებული პერსონები, რომლებიც შეისყიდიან ამ არხს და შეეცდებიან, რომ საქართველოში კარგი ტელევიზია იყოს. ეს არის მინიმალური დაშვება იმიტომ, რომ პროცესი სხვა რამეს მკარნახობს.

 

ანუ, არ გაიყიდება?

 

ვერ გაიყიდება, უბრალოდ. თუ ასეთი ვითარება არის შექმნილი და სახვეწარი აქვს მეპატრონეს, მესამედ ფასად გაყიდოს ეს ტელევიზია, ასეთ ვითარებაში ტელევიზიის გაყიდვა ძალიან გაჭირდება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი