კომენტარი

,,მადლობა, ჩვენი მშობლების დახვრეტისთვის’’

5 აგვისტო, 2013 • • 1797
,,მადლობა, ჩვენი მშობლების დახვრეტისთვის’’

ფაშიზმის გამართლება, ხუმრობითაც კი, მიუღებელია, მაშინ, როცა ჰიტლერის სახელს მილიონობით ადამიანის სიკვდილი, წამება და გადასახლება უკავშირდება. სტალინი ისეთივე მკვლელია, როგორიც ჰიტლერი. სტალინურ რეპრესიებს მილიონობით ადამიანი შეეწირა, კიდევ უფრო მეტი გადაასახლეს, და ამ ადამიანების, რეპრესიების მსხვერპლების შვილები, შვილიშვილები  ვართ ჩვენ, საზოგადოება, რომელმაც გასულ კვირას სრულიად მშვიდად და ზოგმა აღტაცებითაც კი მიიღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადება იმის თაობაზე, რომ „სტალინი იყო დიდი ადამიანი, რომელმაც იცოდა რუსეთის მნიშვნელობა.’’ 

 

მან ისიც თქვა, რომ სასულიერო სემინარიაში სტალინის სიკვდილის შესახებ ცნობა რომ მიიღეს, ტიროდნენ. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, გულაგებშიც ტიროდნენ სტალინის სიკვდილის გამო მის მიერვე სასიკვდილოდ განწირული ადამიანები და ეს გასაკვირი სულაც არ არის, ქვეყანა სასტიკი, მასობრივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იყო და ადამიანები, რომლებიც ტიროდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ადეკვატურები ვერ იყვნენ.

 

ეს ბუნებრივია.

 

ბელადის ცხარე ცრემლით დატირების სცენა სულ რაღაც ერთი წლის წინათაც ვნახეთ, კიმ ჩენ ირს ჩრდილოეთ კორეაში თავში ხელის ცემით დასტიროდნენ. ბელადს, რომლის სასტიკ რეპრესიებს უამრავი ადამიანი შეეწირა. ასე რომ, სტალინის სახალხო დატირების გახსენებით ვერ დაივიწყებ მილიონობით ადამიანს, რომელიც მისი მსხვერპლი იყო.

 

იმ მილიონებიდან ორი ადამიანი ჩემი ოჯახის წევრი იყო. ბაბუას ძმა, ნიტიფო კვაჭაძე და ბებიას მამა – ერან ორაგველიძე. ბაბუა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა და მისი ძმის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ კოლმეურნეობაში მუშაობა არ უნდოდა, სახლის წინ საქანელა გააბა და მუშაობის ნაცვლად მთელი დღე საქანელაზე იჯდა და მზესუმზირას აკნატუნებდა. ისიც მომისმენია, ტროცკისტი იყოო. წაიყვანეს, როგორც მავნებელი კულაკი და ხალხის მტერი.   წაიყვანეს და დაიკარგა. ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს, ან გადასახლებამდე მოკვდა გზაში და ვაგონიდან მოისროლეს. 25 წლის იყო ნიტიფო, შვილები არ დარჩენია.

 

ბებიას მამის, ერან ორაგველიძის შესახებ კი მეტი ვიცი, ბებიას მონაყოლიდან, რომელიც დღემდე პენსიას იღებს, როგორც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.


ბებია ხუთსულიანი  ოჯახის უფროსი შვილი იყო და ახლაც კი, როცა მეხსიერება ღალატობს, ყველაზე კარგად ბავშვობიდან მამის დაპატიმრების სცენა ახსოვს. როგორ ისხდნენ ღამით სახლში და ესმოდათ მოახლოებული მძიმე ნაბიჯების ხმა: „ბრახ, ბრახ, ბრახ..“ ბებიას მამამ კარი გააღო. ბებია დღემდე იხსენებს, ქაღალდის ფერი ედო მამაჩემსო. იმ ღამესვე წაიყვანეს ერანი. რამდენიმე კვირა ლანჩხუთის ციხეში ჰყავდათ, დედაჩემთან ერთად გავივლიდი  ციხესთან და ხმამაღლა გვარიგებდა იქედანო: „ყანის მოსატეხად ბიჭიკოს დაუძახეთ, არ გეტყვით უარს, ეზოში რომ მსხალია, მოჭერით, შეშად გამოგადგებათ ზამთარში, შენიანებს უთხარი, არ მიგატოვებენ…’’ ერანი ყანის მოტეხამდე გადაიყვანეს ლანჩხუთის ციხიდან და რა ბედი ეწია, არავინ იცის. 1937 წელი იყო.

 

 ბებიას ისიც კარგად ახსოვს, როგორ გადადიოდნენ მეზობლები „შუკის“ მეორე მხარეს, მათი სახლისთვის რომ არ ჩაევლოთ და გამარჯობა არ ეთქვათ ქვეყნის მტრის ოჯახისთვის.

 

იმ წელს ყანა როგორღაც მოტეხა ბებიას ახალგაზრდა, უკვე მარტოხელა დედამ, სიმინდი სახლამდე მიიტანეს, მაგრამ დაღლილებმა მოსავლის დაბინავება ვეღარ შეძლეს იმავე ღამეს და დილით სახლიდან გამოსულებს მთელი მოსავალი დახვდათ მოპარული. სახლის წინ ვტიროდით სამი ბავშვი. დედაჩემი მთელი ხმით მოსთქვამდა, რა გვეშველება, როგორ გადავიტანთ ამ ზამთარსო. ქმრის დაპატიმრებაზე ასე არ უტირიაო – ბებიამ.

 

ეს ერთი ისტორიაა და ძალიან ჰგავს სხვა ისტორიებს, რომელიც უამრავჯერ მომისმენია სხვადასხვა ადამიანისგან. თითქმის არ შემხვედრია ადამიანი, რომლის ოჯახს ირიბად მაინც არ შეხებია სტალინური რეპრესიები, ამიტომაც ვერ გამიგია, რატომ შეიძლება ამ ქვეყანაში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, სტალინზე დადებით კონტექსტში ისაუბრო და საზოგადოებამ ეს არათუ არ გააპროტესტოს და მშვიდად მიიღოს, არამედ დაეთანხმოს კიდეც.

 

რას ნიშნავს, როცა ადამიანს, რომლის ნათესავი, მეზობელი მოკლეს სტალინური რეპრესიების დროს, შეუძლია მოისმინოს და უარეს შემთხვევაში დალიოს კიდეც სტალინის სადღეგრძელო?! სტალინის, რომლის ტერორის დროსაც მილიონობით ადამიანი მოკლეს, ვისი უშუალო ხელმოწერითაც 40 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს, რომ არაფერი ვთქვათ გულაგებზე, სადაც მილიონობით ადამიანი გადაასახლეს?! შეიძლება ნორმალურმა, საღ გონებაზე მყოფმა ადამიანმა თქვას, რომ „სტალინმა არ იცოდა“, ან კიდევ „სამაგიეროდ ომი მოიგო“ და სტალინზე მოგონილ ლეგენდებზე გული აუჩუყდეს?!

 

ორი წლის წინ „ბათუმელებში“ სტალინური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილების სია იბეჭდებოდა,  რომელიც მკვლევარმა რამაზ სურმანიძემ დაამუშავა. „ჩემებს“ ვეძებდი სიაში, იქნებ ბათუმში დახვრიტეს-მეთქი. არ ვიცი, რას ვიგრძნობდი მათი სახელები და გვარები რომ მეპოვნა, მაგრამ არა მგონია დიდად განსხვავებული ყოფილიყო იმისგან, რა გრძნობაც გამიჩნდა ამ სიების თვალიერებისას. ყველა ასაკის ადამიანები, მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები, მოხუცები, ხშირად რამდენიმე ადამიანი ოჯახიდან, მათი საცხოვრებელი ადგილი, დაბადებისა და დახვრეტის წლები – ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს უმიზეზოდ წაიყვანეს, მიაყენეს კედელთან და მოკლეს. წლების შემდეგ კი მათი ოჯახების უმრავლესობამ მიიღო ცნობა მათი უდანაშაულობის შესახებ, კიდევ უფრო გვიან კი უკვე მოხუცმა შვილებმა ან გადასახლებას თავდაღწეულებმა, 30- ლარიანი საპენსიო დანამატიც მიიღეს.

 

 მაგრამ დიქტატორი, რომელიც უამრავი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი იყო, დღესაც „ცოცხალია“. და ცოცხალი იქნება მანამ, სანამ ჩვენ მშვიდად მოვისმენთ მისი მისამართით გამოთქმულ სიმპათიებს, სუფრაზე მოვისმენთ სტალინის სადღეგრძელოს და სანამ ვერ გავიაზრებთ ვინ იყო სტალინი და ვისაუბრებთ იმაზე, „სტალინი კარგი იყო თუ ცუდი’’.

 

 გასულ კვირას სოციალურ ქსელებში ერთ პოსტერს წავაწყდი: სტალინი და ბავშვები. ქვემოთ წარწერა: „მადლობა სტალინს, ჩვენი მშობლების დახვრეტისთვის“. მზად ხართ ამას დაეთანხმოთ?! მე – არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი