კომენტარი

ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა 17 მაისზე

19 ივლისი, 2013 • 1584
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა 17 მაისზე

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განცხადებით #26931 მოგვმართა რამდენიმე ათასმა ადამიანმა. მათ მოითხოვეს 17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასება.

 

კომიტეტი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას ამ ფაქტების მიმართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი იზომება არა მარტო ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებითა და სახელმწიფოს ქმედებებით, არამედ სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებითაც ამ ფაქტებზე. დამოკიდებულება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გამოავლინა მითითებული მოვლენების მიმართ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავალში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ერთმანეთის უფლებების დაცვისათვის.

 

საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს კომიტეტი აფასებს შემდეგნაირად:

 

ძალადობა/ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა

 

კომიტეტი ცალსახად გმობს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა 17 მაისს გამართული აქციების დროს.

 

ფიზიკური ხელშეუხებლობა არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი და ფუნდამენტური უფლება, რომლის ხელყოფა დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

 

საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული ძალადობისაგან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და უსაფრთხოდ. მას არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისაგან ძალადობის შიში და უნდა იცოდეს, რომ მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

 

კომიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის გამოვლენის ფაქტის შეფასებისას უნდა გამოირცხოს ყოველგვარი მსჯელობა იმ მიზანსა და საფუძველზე, რომელზეც მოძალადე მიუთითებს ძალადობის გასამართლებლად. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა უნდა იყოს დაცული ერთმნიშვნელოვნად და ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი.

 

კომიტეტი არ სცდება თავისი კომპეტენციის ფარგლებს და არ ახდენს მითითებულ მოვლენებში მონაწილე კონკრეტული პირების და ქმედებების სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას, რაც სასამართლო ორგანოს პრეროგატივაა.

 

კომიტეტი მხოლოდ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ძალადობა მიუღებელი ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით, საფუძვლითა და მიზნითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული.

 

ამასთან, დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო (ისევე როგორც რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) არის პასუხისმგებლობის დამამძიბელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად.

 

წინამდებარე დასკვნაში კომიტეტის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვის მნიშვნელობას ყველა შემთხვევაში.

 

შეკრების თავისუფლება

 

შეკრების თავისუფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით (25-ე მუხლი), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით (მე-11 მუხლი), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა (21-ე მუხლი) და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ინსტრუმენტებით.

 

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, “შეკრების თავისუფლება არის ფუნდამენტი პლურალისტური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, სადაც სხვადასხვა შეხედულებების, პრაქტიკისა და პოლიტიკის მქონე ჯგუფები თანააარსებობენ.“

 

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს კონტრშეკრებას, რაც გაკრიტიკებულია ვენეციის კომისიის მიერ (რეკომენდაცია no. 547/2009, 1.10.2009, პარა.26). ამასთან, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს წესების (§.123; §4.4) მიხედვით, კონტრშეკრება არის შეკრების ერთ-ერთი სახე, რომლის მონაწილეებსაც სურთ გამოხატონ პარალელურად მიმდინარე აქციის საწინააღმდეგო აზრი. შესაბამისად, კომიტეტის მხედველობაში იღებს საერთაშორისო სტანდარტებს და მიიჩნევს, რომ საქართველოში კონტრშეკრების თავისუფლების დაცვა ხვდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული შეკრების თავისუფლების ჭრილში.

 

 

რელიგიური ინსტიტუტების ოფიციალური განცხადებები

 

15 მაისს ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და რვა რელიგიურმა გაერთიანებამ – ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია საქართველოში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში და ხსნის არმია საქართველოში.

 

განცხადებაში აღნიშნული იყო: “მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი.”

 

ასევე, 16 მაისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, სადაც მითითებულია: “ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ეკლესია განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად”.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 18.05(2007) რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ “კონვეციის მე-9 მუხლი იცავს რელიგიებს იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ უნდა შეეძლოთ, დაამკვიდრონ ღირებულებები თავინათი მიმდევრებისათვის”.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2021 (2013) რეზულიციაში ხაზგასმულია დისკრიმინაციის დაუშვებლობა უმცირესობების მიმართ.

 

1510(2006) რეზოლუციის თანახმად, “აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება” არის აუცილებელი მოთხოვნა დემოკრატიული საზოგადოებისთვისა და ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური თავისუფლება, რათა ჩამოაყალიბოს ცხოვრებისა და საზოგადოების ხედვა”.

 

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ; უფრო მეტიც, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შემდეგ დღეებში გააკეთ განცხადება იმისა შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას; მან, ასევე, საჯაროდ გააკრიტიკა სასულიერო პირები ძალადობის გამოვლენის გამო (იხ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 22.05.2013).

 

სახელმწიფოს რეაგირება 17 მაისის მოვლენებზე და რეკომენდაცია

 

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა თანასწორია და დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით დაუშვებელია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითიც შესაძლებელი გახდა ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისგან პირების დაცვა.

 

მიმდინარე წლის 21 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის 4 მონაწილე დააკავეს დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. სასამართლომ უარი თქვა მათთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე და დააკისრა ჯარიმა.

 

მოგვიანებით, კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ორი სასულიერო პირი მიცემულ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის გამო. ამჟამად  სისხლის სამართლის 7 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რამდენიმე პირის მიმართ საქმეს განიხილავს სასამართლო.

 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ თითოეულ ამ საქმეზე უნდა ჩატარდეს დროული, ეფექტური, ობიექტური გამოძიება და უზრუნველყოფილ იქნეს “სამართლიანი სასამართლოს“ უფლება.

 

შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სამართალდამცავები, რომლებსაც ევალებათ წესრიგის უზრუნველყოფა შეკრების დროს, უნდა ფლობდნენ შეკრების მართვის ტექნიკასა და ე.წ. რბილ უნარ-ჩვევებს.

 

ვინაიდან შეკრების მართვა მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს შსს-ს, პრიორიტეტად განსაზღვროს თანამშრომლების სპეციალური მომზადება მითითებულ საკითხებში.

 

კომიტეტის ხაზგასმით აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და რაიმე ტიპის დისკრიმინაციული მიდგომა რომელიმე პირის ან ჯგუფის მიმართ, ეწინააღმდეგება სამართლებრივ სტანდარტებს და კატეგორიულად დაუშვებელია.

 

დასკვნაში წარმოდგენილი მოსაზრებები ასახავს კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 17 მაისის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ შეკრებასთან დაკავშირებული მოვლენების საერთო შეფასებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი