კომენტარი

განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

12 ივლისი, 2013 • 1757
განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

ნათია ჯოხაძე
ნათია ჯოხაძე


რას გულისხმობს პროექტი, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია?  

პროექტი, რომლის სახელწოდებაა: “ეროვნული მოდელი – განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის” მიზნად ისახავს შექმნას სახელმწიფო პოლიტიკა იმისათვის, რათა ყველა ბავშვი, განურჩევლად მისი სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა მდგომარეობისა, ჩართული იყოს ფორმალური განათლების სექტორში. აქამდე, ჩვენთვის სამწუხაროდ, არ გვქონდა ერთიანი სახელმწიფო ხედვა და პოლიტიკა და, შესაბამისად, ყველამ იცის, რომ ასეთი ბავშვების მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამბობს და გამოხატავს ნებას, რომ სისტემაში პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება და განსაზღვრული პოლიტიკა.

 

რას ნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკა? უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ პრობლემა არსებობს და რომ ეს პრობლემა ყოველდღიურად დამძიმდება, თუ დროულად არ დავიწყეთ საკითხის მოგვარება. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის აქტივობებისა, პრობლემა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება. თუ არასამთავრობო სექტორს შეუძლია ააშენოს ერთი თავშესაფარი და დროებით “გადაარჩინოს” 20 ბავშვი, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ყველა ბავშვზე იზრუნოს და როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა გვიჩვენებს, დაახლოებით 20 000 ბავშვისთვის დღეს ფორმალური განათლება – სკოლა ხელმიუწვდომელია.

 

ბუნებრივია, საკითხი თავისი სირთულითა და კომპლექსურობით არ არის მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენცია, ამიტომ ამ პროგრამაში ჩართულნი არიან სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და თავად სკოლების წარმომადგენლები.

 

პირველ ეტაპზე ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ხედვა და განვსაზღვროთ პოლიტიკა – სადაც გაიწერება ძირითადი მიმართულებები, განისაზღვრება ინსტიტუციური ვალდებულებები და ფუნქციები, ჩამოყალიბდება რისკ-ჯგუფები, მომზადდება თითოეული ამ ჯგუფისთვის საგანმანათლებლო საჭიროებათა ნუსხა, აგრეთვე, განისაზღვრება მთელი რიგი პროცედურები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა უწყებებსა თუ სექტორებს შორის.

 

ჩვენ ვალდებულები ვართ ერთხელ და სამუდამოდ  აღმოვფხვრათ პრობლემა, რომლის წინაშე დგანან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფი ბავშვები, ბავშვები, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ დადიან სკოლაში, ბავშვები, რომლებიც მზრუნველობის გარეშე არიან დარჩენილი და სხვა და სხვა. არ შეიძლება არ გამოვიყენოთ ეს შანსი, რათა შევცვალოთ ამ ბავშვების და, შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი.

 

პრობლემა იმდენად რთულია, რომ მესამე წელია უკვე ამ პროგრამაზე ვფიქრობთ. ეს არ არის გაუაზრებელი პროგრამა, ჩვენ არ გვინდოდა ნაჩქარევად მიგვეღო გადაწყვეტილებები, დაგვეგეგმა ერთი ან ორი აქტივობა და მერე ამაყად გვეთქვა, რომ საქმე გავაკეთეთ – ასეთი მიდგომით პრობლემა არ გვარდება.

 

ამ პროგრამაზე მსჯელობა კერ კიდევ 2011 წელს დავიწყეთ. 2012 წლის განმავლობაში ვხვეწდით მას, რათა ზუსტად განგვესაზღვრა პირველი დონის საქმიანობა..

 

იმისთვის, რომ სწორი შედეგები მივიღოთ, მნიშვნელოვანია გვქონდეს სწორი ხედვა, შესაბამისი პოლიტიკა და სწორად დავიწყოთ საკითხის მოწესრიგების დაგეგმვა. ყველა ინსტრუმენტი, რაც მართვას ჭირდება, გამოყენებული უნდა იქნას ნებისმიერი სახელმწიფო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის გადასაწყვეტად, სხვანაირად კარგ შედეგზე ვერ გავალთ.. ამ ხედვით დავამუშავეთ პროგრამა და აღნიშნული პროგრამის დაწყებას ხელი მიმდინარე წლის მარტში მოეწერა გაეროს ბავშვთა ფონდსა და სამინისტროს შორის.

 

ვინ იმუშავებს პროექტის განხორციელებაზე?

 

პროგრამას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი და, ბუნებრივია, ამ პროგრამაში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, აგრეთვე, ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს და თავად სკოლების წარმომადგენლებს. პროგრამის დასრულების შედეგად დეტალურად აღიწერება არა მხოლოდ არსებული სიტუაცია, არამედ განისაზღვრება თითოეული რელევანტური ორგანიზაციის როლი და ფუნქციები.. აქ ჩართული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორი, სკოლები. ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე სკოლები არ არიან მზად ასეთი მოსწავლეების მისაღებად და არც ეს ბავშვები არიან მზად პირდაპირ სკოლაში სწავლის დასაწყებად. პროგრამა განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს და საჭიროებებს, რათა, ერთი მხრივ, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი მოემზადოს და, მეორე მხრივ, თავად ბავშვი იყოს მზად ჩაერთოს ფორმალურ განათლებაში.

 

ასევე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ ბავშვების იდენტიფიცირება, რამდენი და როგორი ტიპის ინსტიტუციები გვჭირდება ამ ბავშვებისთვის, როგორ უნდა შევიდეს განათლების კომპონენტი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში და ა.შ.

 

ეს არის მთელი სისტემის შექმნა, სადაც მერე ყველასთვის იქნება ადგილი აქტიურობისათვის. თუ არ გვაქვს შენობის კარკასი, შპალიერზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის ჩემი მიდგომა ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად.

 

რა უნდა გაკეთდეს პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე?

 

პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევა, სადაც აღიწერება არსებული სიტუაცია, მოხდება რისკჯგუფების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე ყველა რისკჯგუფი ქვეყანას არ ჰყავს იდენტიფიცირებული.

 

ჩვენ ყველამ ვიცით ის დიდი  ჯგუფი, რომელიცაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავები ბავშვები. არაერთი არასამთავრობო ორგნიზაცია მუშაობს ამ საკითხზე ჯერ კიდევ 90 -იანი წლებიდან, მაგრამ რეალობა და რეალიები იცვლება, ჩნდება სხვადასხვა ტიპის რისკისჯგუფები.

 

ამასთანავე, ერთია ბავშვები, რომელსაც ხედავს სისტემა, – ეს არის საოჯახო ტიპის სახლებში მყოფი ბავშვები, რეინტეგრირებული ბავშვები და ა.შ. და მეორეა ბავშვები, რომელთაც სისტემა ვერ ხედავს, არ ხდება მათი აღრიცხვა. სწორედ აქ არის პრობლემა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ასეთი ჯგუფების იდენტიფიცირება, ამ ჯგუფებში კიდევ ბევრი ქვეჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით.

 

მაგალითისთვის გეტყვით, რომ  10 წლის ბავშვს, რომელსაც არასდროს უვლია სკოლაში და 10 წლის ბავშვს, რომელიც სკოლიდან 2 წლის წინ გამოვიდა, სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ, ასევე, სხვადასხვა საჭიროებები აქვთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს.

 

ამ ეტაპზე პროექტის მრჩევლეთა საბჭოა შექმნილი, რომელშც შედის ყველა ჩამოთვლილი სამინისტროს წარმომადგენელი, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, სკოლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, გაეროს ბავშვთა ფონდი და სხვა.  

 

როდის იქნება პროექტის პირველი შედეგები?

 

5 და 6 თვეში ასეთი ტიპის პრობლემები არ გვარდება.  ანუ პირველი შედეგი იქნება ზუსტად სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკის დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის განსახორციელებლად  სამოქმედო გეგმა უნდა დავსახოთ. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ 2014 წელს, რა რესურსით, რომელი ინსტიტუციაა პასუხისმგებელი, რა უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო სივრცეში და სხვა.


რა იქნება წელს?

2013 წელს მოხდება არსებული მდგომარეობის კვლევა: ინსტიტუციური მოწყობა, საკანონმდებლო სივრცის ანალიზი, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესწავლა, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების კვლევა, რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება, მათი კლასიფიცირება საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით;  გავაკეთებთ ასევე ბავშვის და მშობლის შეფასების ინსტრუმენტისსაპილოტე ვერსიას.

 

ჩვენ არ გვინდა პროექტი პროექტისთვის ან კვლევა კვლევისთვის. გვინდა სისტემა მწყობრად მუშაობდეს და ვხედავდეთ, თუ როგორ გვარდება თითოეული ბავშვის პრობლემა, ვინაიდან თითოეული ეს ბავშვი დაკარგული თაობაა, რომელიც შემდეგ ჩვენ და მთელ სახელმწიფოს ცუდად დაუბრუნდება. ამიტომაა ეხლა მოქმედება მნიშვნელოვანი.  

 

შესაბამისად, 2014 წლის დასაწყისში მზად იქნება პოლიტიკის სადისკუსიო დოკუმენტი. ამის გარეშე ამ ყველაფრის დაგეგმვა არ იქნება სწორი და ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და არც უფლება გვაქვს შეცდომების დაშვების.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი