კომენტარი

ივ ენსლერის “ვაგინა მონოლოგები”

27 ივნისი, 2013 • 2298
ივ ენსლერის “ვაგინა მონოლოგები”

გულისრევის შეგრძნება მაქვს საშინელი… ოღონდაც ისეთი არა, ზიზღის ან მოწამვლის გამო რომ გიჩნდება. გულისრევის შეგრძნება მაქვს ისეთი, თითქოს ჩემი ორგანიზმი აინგრა შიგნიდან. შიშის, სირცხვილის, თანაგრძნობის, სიხარულის, სასოწარკვეთილების, დაუცველობის, სიამაყის, სისუსტის, ძლიერების და კიდევ მრავალი ჩემთვის გაურკვეველი გრძნობის მორევი ტრიალებდა ჩემს გულ-მუცელში. საჭესთან ვზივარ და თან გონება მონოლოგებისკენ მირბის, რომლიდანაც, ალბათ, ძალიან დიდი ხანი ვერ გამოვალ.

 

სიმართლე რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სათაური „ვაგინა მონოლოგები“ მაინცდამაინც არ მომეწონა, დიდად არ დავფიქრებულვარ, სად მივდიოდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ აჩიკო კითხულობდა ერთ-ერთ მონოლოგს და სპექტაკლზეც მის საგულშემატკივროდ წავედი. ჩემი პატარა წითელი მოსაწვევებით ხელში მე და ჩემი მეგობარი ნანა თეატრალური ინსტიტუტის რომელიღაც, ძალიან ზედა სართულზე, ერთ პატარა ჯადოსნურ დარბაზში აღმოვჩნდით.

 

ყველაფერი ჩაბნელდა და სპექტაკლიც დაიწყო. შავ-წითელ სცენაზე იდგნენ შავწითლად შემოსილი ლამაზი, საინტერესო, ჭკვიანი, ზრდილი ქალები და მონოლოგებს კითხულობდნენ. სრულიად მოულოდნელად და სრულიად მოურიდებლად ჩემი „ფაქიზი ყურთასმენა“ სპეკტაკლის პირველივე ნაწილში შეძრა სიტყვებმა,  რომლებიც მეხივით დამატყდა თავზე. პირველი რაც ვიგრძენი, იყო შიში

 

„ნახალოვკაში“ გავიზარდე, იმ ეზოში, სადაც (ლამაზად რომ ვთქვა) უბნის კოლორიტი ბიძაჩემი ცხოვრობდა და რომელსაც საარაკო ლექსიკური მარაგი ჰქონდა გინებისათვის, რომელსაც დაუზარლად და უხვად აფრქვევდა ნებისმიერი მიმართულებით. მსგავსი შინაარსის, ფანტაზიისა და მრავალფეროვნების გინება მას მერე არ გამიგია. ახლა დიდი ქალი ვარ, ბიძაჩემიც აღარაა ამქვეყნად და ამ ყველაფერს ხალისითა და სიყვარულით ვიხსენებ. ასე ხმამაღლა და ასე ენის ბორძიკის გარეშე მხოლოდ ბიძაჩემისგან გამეგონა სიტყვები, რომლებსაც ახლა უკვე სცენიდან წარმოთქვამდნენ მსახიობები. ამ სიტყვების გაგონებამ ის, სადღაც მიმალული ბავშვობის შიში გააღვიძა, როცა ბიძაჩემის გინება მესმოდა ეზოდან ან ქუჩიდან, რომელსაც, როგორც წესი, კივილი და მტვრევის ხმა მოსდევდა და რომლის გაგონებისთანავე გაფითრებული მამაჩემი გარეთ გარბოდა გასაშველებლად… ახლა, აქ, ამ სიტყვების გაგონებამ ერთად ამირია შიშის, დაუცველობის, უსასოობის გრძნობები. მაგრამ მარტო ეს არ იყო…

 

ვუსმენდი ამაყი, განრისხებული, ბედნიერი ვაგინების მონოლოგებს და მრცხვენოდა… მრცხვენოდა იმ სიშიშვლისა, რომელიც ტექსტებში იყო. მრცხვენოდა იმ სითამამისა, რომელიც მსახიობების თვალებიდან და ხმის ტემბრიდან მოდიოდა… მრცხვენოდა და ეს სირცხვილის განცდა თითქოს ჰაერს ამძიმებდა… მრცხვენოდა და გაქცევა მინდოდა. მრცხვენოდა ისე, როგორც სკოლაში ანატომიის წიგნის იმ კონკრეტული თავის გადაფურცვლისას მრცხვენოდა. მრცხვენოდა ისე, როგორც ჩემს ატირებულ კლასელს რცხვენოდა, რომელმაც დაფასთან გასულმა ვერ მოყვა, როგორ მრავლდება კალია. მრცხვენოდა და მეზიზღებოდა ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა აღმოვაჩინე, როგორ იბადებიან ბავშვები… მაგრამ ახლა, ამ საღამოს მარტო ეს გრძნობა არ იყო. აქ უფრო მეტი იყო, ვიდრე სირცხვილი და შიში…

 

ვუსმენდი გაუპატიურებული, დათრგუნული, დაბერებული, შეურაცხყოფილი ვაგინების მონოლოგებს და ყველა სხვა განცდასთან ერთად თანაგრძნობის, უსასოობის, დაუცველობის, სისუსტის განცდაც მიპყრობდა… გამახსენდა ფილმები, რომლებსაც ყმაწვილქალობაში ვუყურებდით, სადაც „ლამაზი და ამაღლებული“ სიყვარული არ იყო ასეთი შიშველი და ანატომიურად დამარცვლილი; ფილმები, სადაც სექსის დეტალები ძირითადად გაუპატიურებისა და ძალადობის სცენებში ჩანდა…

 

ია-ის იყო ვცდილობდი საკუთარ ემოციებში გავრკვეულიყავი, რომ პატარა დარბაზის ბოლოში მცირე ჩოჩქოლი შევნიშნეთ. სადღაც სიტყვა „ქრიტიანობას“ მოვკარი ყური. მერე გამახსენდა, რომ ეს სპეკტაკლი მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო და 17 მაისის მოვლენების გამო გადაიდო და გადაიდო.

 

ჩოჩქოლი განსაკუთრებით გამძაფრდა ერთი მოკლე მონოლოგის მერე, როცა მსახიობი იდგა სცენაზე და ხმამაღლა ამბობდა ვაგინას ყველაზე უფრო მძაფრ და, როგორც წესი, გინების კონტექსტში გაგონილ  ქართულ ვერსიას. ამბობდა დამარცვლით და ხმამაღლა და დარბაზიც აიყოლია და მთელი დარბაზი სკანდირებდა… აი, ეს იყო ბოლო წერტილი. ჩოჩქოლი დარბაზის უკან გაძლიერდა. ახლა უკვე ისიც გამახსენდა, რომ ამ სპეკტაკლის აფიშირებაც არ მომხდარა ფართოდ, რადგან არსებობდა „გონივრული ეჭვი“ იმისა, რომ რამენაირ პროპაგანდად მოინათლებოდა და კაი „ჩიტსაც დაიჭერდა“ ყველა – სცენაზე მდგომებიცა და დარბაზში მსხდომებიც… აი, კიდევ ახალი ჯიშის შიშმა გაიღვიძა ჩემში. ზუსტად იმის მსგავსმა, 17 მაისს თავისუფლების მოედანზე რომ გამიჩნდა. მაშინაც ნანასთან ერთად ვიყავი და ახლაც… აქაც აჩიკო, ქრისტინე, ნათია და სანდრო და იქაც, აქაც შიში და იქაც…  ჩოჩქოლი ყვირილში გადაიზარდა. სცენაზე გაჩერდა ყველაფერი, დარბაზში შუქები აინთო, კულისებიდან მსახიობების თავები გამოჩნდა. დარბაზის ბოლოს აღშფოთებული ახალგაზრდა ყმაწვილი განწირული ყვიროდა:

 

„ეს რა არის?!!!! ეს რა სპექტაკლია?!!! ეს რა გარყვნილებაა?!!! ამ სცენაზე წმინდანებს თამაშობდნენ, ამ სცენაზე იცით, რა ხალხი მდგარა?!!!! “

 

„თუ არ მოგწონს, არავინ გიჭერს და შეგიძლია წახვიდე!!!“ – დარბაზის სხვადასხვა კუთხიდან აიშალა ხალხი და გამოეპასუხნენ აღშფოთებულ ახალგაზრდას.

 

„საიდან წავიდე, მე აქ ვსწავლობ!!!“

 

„ხო და მაშინ ნუ სწავლობ აქ!!!!“

 

დარბაზი აირია… ყვიროდნენ ყველა კუთხიდან… ამ არეულობაში სხვადასხვა რიგიდან ორ-ორად და სამ-სამად ადგნენ მაყურებლები და დატოვეს დარბაზი. ჩოჩქოლმა გარეთ გადაინაცვლა. გამსვლელებიდან ზოგი „გამქცევი“ იყო, ზოგი „ამრევი“ და ზოგიც „გამშველებელი“.  ვიღაცამ ისიც დაიძახა, „ნუ ღელავთ, ეს პერფორმანსის ნაწილიაო!“, მაგრამ ამას, მგონი, ჩემისთანა ბრიყვის მეტი არავინ „წამოეგო“.  დარბაზი მეტნაკლებად დაწყნარდა. მერე ტაში გაისმა მსახიობების გასამხნევებლად. საცქერალი დარბაზში აღარაფერი იყო, ახლა უკვე სცენას მივუბრუნდით. მონოლოგები გაგრძელდა, მაგრამ დარბაზში არ ქრებოდა შუქი, არც სცენა ნათდებოდა. უკან მივიხედეთ და განათებული საოპერატორო ცარიელი იყო. როგორც ჩანს, „მიმნათებელს“ ნერვებმა უმტყუნა. დარბაზიდან ერთი ყოჩაღი გოგონა წამოხტა, გასასვლელებში ჩამსხდარ ხალხს მოხერხებულად გადააბიჯა და სულ ცოტა ხანში საოპერატოროს სარკმელში გამოჩნდა. ჯერ აქა-იქ დამატებითი შუქები აინთო, მერე ყველაფერი ჩაქრა, მერე სადღაც რაღაც აინთო… მაგრამ ახალმა „მიმნათებელმა“ მალე აუღო ალღო და მონოლოგები გაგრძელდა…

 

აჩიკოს გამოსვლისას სულ სხვანაირად ავღელვდი. ვიცოდი, როგორ განიცდიდა თავის „ლ“-ების წარმოთქმას, როგორ განიცდიდა გაცდენილ რეპეტიციებს, ვარცხნილობას… ლამის შინაარსს ვეღარც კი ვუგდებდი ყურს. თან თვალი ისევ გასასვლელისკენ მეჭირა. არ მეჯერა, რომ აღშფოთებულმა მაყურებელმა ასე „იოლად“ დაგვითმო იმ სასწავლებლის დარბაზი, რომელიც თურმე ლეგიტიმურად ეკუთვნოდა მას, როგორც თეატრალურის სტუდენტს…

 

არ მიკვირს ამ ახალგაზრდის აღშფოთება. თუკი კარგად არ იცოდა, სად მოდიოდა, ნამდვილად გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის მოსმენა. ამ ახალგაზრდა ბიჭს კი არა და აგერ დავბერდი ქალი და მე გამიჭირდა. უბრალოდ, რაც ძალიან არ მესმის და ძალიან მაინტერესებს, არის უცნაური კითხვა – რატომაა გენიტალიები და რელიგია ასე ახლოს ერთმანეთთან ჩვენს ცნობიერებაში?

 

არეულობის მერე კიდევ რამოდენიმე სრულიად განსხვავებული და საინტერესო მონოლოგი წაიკითხეს. ყველაზე ამაღელვებელი მაინც ბოლო მონოლოგი იყო, სადაც მშობიარე ვაგინაზე იყო ლაპარაკი. თინა, ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც თავად ორი შვილის დედა საკუთარი შვილიშვილის დაბადებას დაესწრო, იდგა სცენაზე, აცრემლებული და ხმააკანკალებული და ამბობდა:

 

„ვაგინა გულს ჰგავს.

 

გულს შეუძლია თავგანწირვა! ასეთივეა ვაგინაც!

 

გულს შეუძლია ეტკინოს, გაფართოვდეს, შეიკუმშოს, ფორმა იცვალოს, შიგნით შეგვიშვას, უკან გამოგვაგდოს, გაგვათავისუფლოს, განახლდეს!

 

ასეთია ვაგინაც! მას შეუძლია ჩვენთვის ეტკინოს, თავი გაწიროს, გაფართოვდეს, სისხლისგან დაიცალოს, გაიხსნას და კვლავ განახლდეს!“

 

ვუსმენდი თინას და მიხაროდა, მეამაყებოდა… მეამაყებოდა საკუთარი ქალობა, მეამაყებოდა თინა, თავის ჭაღარითა და ცრემლებით, მეამაყებოდა ეს ახალგაზრდა გოგონები, ასეთი თავისუფალი და ჭკვიანები, მეამაყებოდა აჩიკო, მეამაყებოდა ის „ახლად გამოძერწილი მიმნათებელი გოგონა“, მეამაყებოდა რამაზი, ბექა, სანდრო, ირაკლი, გოგი, ქრისტინე, ნათია, დაკო, იდა, ნანა…. ყველა ერთად მეამაყებოდა… ეს სცენა მეამაყებოდა, ზემო თვალივით მიყუჟული, პატარა და საიდუმლოებებით სავსე.

 

სახლში შემოვედი. ნანო და მათე კარში დამხვდნენ. მშია, მცხელა, დავიღალე… მაგრამ ამწუთას არც სიცხე მაწუხებს, არც ჩემი ლურჯი კოსტუმი, არც შიმშილი ან დაღლილობა… გულისრევის შეგრძნება მაქვს საშინელი, ოღონდაც არა ზიზღის ან მოწამვლის. გულისრევის შეგრძნება მაქვს ისეთი, თითქოს ჩემი ორგანიზმი აინგრა გულ-მუცელში  დატრიალებული შიშის, სირცხვილის, სიხარულის, სიამაყის, თანაგრძნობის, დაუცველობის, სისუსტის, ძლიერების და კიდევ მრავალი ჩემთვის გაურკვეველი გრძნობის მორევის გამო. ვზივართ სამზარეულოში და მათეს მოდუღებულ ყავას შევექცევით.

 

„დედი, აბა, როგორი დღე გქონდა?“

 

ვუყურებ ორივეს და მიხარია, რომ ეს სპეკტაკლი მათ არ ნახეს და თან მიხარია, რომ ეს სპეკტაკლი არსებობს და ოდესმე აუცილებლად ნახავენ. მაგრამ ახლა ეს უნდა ჩემს შვილებს მოვუყვე …


„ვაგინა მონოლოგები“ არის ევ ენსლერის პიესა, რომელიც 1996 წელს დაიდგა ოფ-ბროდვეის უესტსაიდ თეატრში (Westside Theater). პიესა ცოტა ხნით ასევე იდგმებოდა ჰია-არტ ცენტრში (HERE Arts Center).


„ვაგინა მონოლოგები“ მოიცავს სხვადასხვა რაოდენობის მონოლოგებს, რომლებსაც კითხულობენ ქალები. თავდაპირველად თავად ივ ენსლერი კითხულობდა ყველა მონოლოგს. მოგვიანებით უკვე სამმა ცნობილმა მსახიობებმა დადგა მონოლოგები. თითოეული მონოლოგი როგორღაც დაკავშირებულია საშოსთან, შეიძლება ეს იყოს სექსის, სიყვარულის, გაუპატიურების, მენსტრუაციის, მასტურბაციის, ორგაზმის თუ მშობიარობის თემები.


მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა Lady Greta’s Blog-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი