კომენტარი

მიმართვა ხელისუფლებას წამების საქმეების ადეკვატური გამოძიების მოთხოვნით

26 ივნისი, 2013 • • 1315
მიმართვა ხელისუფლებას წამების საქმეების ადეკვატური გამოძიების მოთხოვნით

აღნიშნულთან დაკავშირებით “ემპათიამ” დღეს, 26 ივნისს, გაეროს მიერ გამოცხადებული წამების მსხვერპლთა

ასე აწამებდნენ პატიმარს გლდანის ციხეში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან
ასე აწამებდნენ პატიმარს გლდანის ციხეში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან

დახმარების საერთაშორისო დღეს განცხადებით მიმართა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

 

“2012 წლის სექტემბერში გამჟღავნებული პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოკადრებისა და ზუგდიდის სამალავებში ნაპოვნი შემაძრწუნებელი წამების ფაქტების შემდეგ საზოგადოებისათვის ცხადი გახდა, რომ წამებას საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, თუ ციხეთა სისტემაში ჰქონდა სისტემური ხასიათი. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც 2013 წლის 14 ივნისს 16 ჯალათს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა არაადეკვატური სასჯელები, რომელთაგან ზოგი გათავისუფლდა, ხოლო უმაღლესი სასჯელი მხოლოდ ერთ პირზე განისაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების უფლება ზოგიერთს საერთოდ არ ჩამორთმევია, ზოგ მათგანს კი ჩამოერთვა მაქსიმუმ 1 წლითა და 3 თვის ვადით, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ადეკვატურობის, ეფექტურობისა და მიუკერძოებლობის საკითხი, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების ადეკვატურობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საერთოდ არ არის განმარტებული, თუ რა მუხლებით გასამართლდნენ ჯალათები და იყო თუ არა ბრალი წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამების) მუხლით.

 

შესაბამისად, გაუგებარია, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების არაადეკვატურობაზე: პროკურატურას, სასამართლოს, თუ ორივეს ერთად?! ასევე მიგვაჩნია, რომ წამების ფაქტებთან დაკავშირებით, გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მუხლი 11 და მუხლი 12 – ის შესაბამისად, სწრაფად, ეფექტურად და მიუკერძოებლად უნდა წარმოებდეს გამოძიება”, – ნათქვამია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” განცხადებაში.

 

“აღნიშნულის გათვალისწინებით, ვხელმძღვანელობთ რა გაეროს კონვენციით “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ (რეზოლუცია 39/46) 1984 წლის 10 დეკემბერს, ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს;
ვხელმძღვანელობთ რა “სტამბულის პროტოკოლის” პრინციპებით, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს წამების სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის.
აუცილებლად მიგვაჩნია:

 

1. ეფექტური ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა სამართლებრივ დევნასა და ადეკვატურ დასჯას;

 

2. მსხვერპლს მიეცეს საშუალება გამოძიების მასალების ხელმისაწვდომობისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა;

 

3. მიეცეს მსხვერპლს სრული რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა;

 

შესაბამისად, ვიძლევით შემდეგ რეკომენდაციებს, დაუსჯელობასთან ბრძოლისათვის:

 

1. საქართველოში წამების აღკვეთისა და პრევენციისათვის, გაეროს “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ” კონვენციის 1, მე-2-ე და მე-4-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლების ზუსტ შესაბამისობაში მოყვანა და გაუმჯობესება, რომელშიც “წამების” განსაზღვრება სრულად იქნება ასახული, კერძოდ კი, განსაზღვრების შემდეგი მონაკვეთი: “აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი ან ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს, სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით”;

 

2. იმავე კონვენციის მე – 12, მე – 13 მუხლებიდან გამომდინარე (რომელიც ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას წამების ფაქტების სწრაფი და მიუკერძოებელი, ანუ ეფექტური გამოძიების შესახებ), მნიშვნელოვნად მიგვაჩნია “სტამბოლის პროტოკოლის” სახელმძღვანელო პრინციპების მიღება, წამების დოკუმენტირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის; “სტამბოლის პროტოკოლის” პრინციპების სავალდებულო დანერგვა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა წამების ფაქტების დოკუმენტირებისათვის;

 

3. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნას სპციალური მუხლი სტამბოლის პროტოკოლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად კომპლექსური სასამართლო – სამედიცინო და ფსიქოლოგიურ – ფსიქიატრიული ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნის შესახებ;

 

4. იმავე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აუცილებელია განისაზღვროს წამების მსხვერპლის – დაზარალებულის უფლება – ჰქონდეს ხელმისაწვდომობა Gგამოძიების მასალებთან, ჰქონდეს პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, ჰქონდეს სუბსიდიური დევნის განხორციელების უფლება, მსხვერპლთან დაკავშირებული წამებისა და სამოხელეო დანაშაულის საქმეებზე, წამებისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ განმცხადებელი – მსხვერპლი, მიჩნეული იქნას დაზარალებულად განცხადების გაკეთების მომენტიდანვე;

 

5. წამების პრევენციისათვის აუცილებელია, აღნიშნული კონვენციის მე-10-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უზრუნველყოს სასწავლო – საგანმანათლებლო პროგრამებში “სტამბოლის პროტოკოლის” შეტანა განსაკუთრებით, იუსრისტებისა და სამედიცინო სფეროს წარმომდგენელთათვის;

6. სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის მე-14-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა კომპენსაციისა და სრული რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აუცილებელია, წამების მსხვერპლთა კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ფონდის ან/და პროგრამების შექმნა და, რაც მთავარია წამების მსხვერპლთა აღიარება;

 

7. მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ჰამბურგის დეკლარაციის (1997) შესაბამისად, აუცილებელია, “რისკის ზონაში” (ციხეები, სამედიცინო ექსპერტები და ა.შ.) მომუშავე ექიმების უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნა. აუცილებელია, იმავე ორგანიზაციის ჰელსინკის რეზოლუციის (2003, 2007), საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში ასახვა;

8. აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც წამების ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე მონიტორინგს განახორციელებს.

 

26 ივნისი, 2013 წელი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ემპათიას” გარდა ხელს აწერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი