კომენტარი

მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერს, პატრიარქს…

19 ივნისი, 2013 • 1072
მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერს, პატრიარქს…

ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის უკნანსკნელ წლებში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ თუ ადგილობრივ ვიზიტორთა რიცხვიც ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება.  შესაბამისად, ისეთი აუცილებელი და სრულიად ბუნებრივი რამ, რაც ტუალეტების მოწყობა და ცენტრალური სამანქანო გზების დასუფთავებაა – სასწრაფო, ნამდვილად დაუყოვნებელ მოგვარებას საჭიროებს. 

 

ქვეყნის უმეტეს ღირშესანიშნაობას ქრისტიანული ძეგლები წარმოადგენს და იქ მიმსვლელ ტურისტებთან ერთად ძალიან სასიხარულოა მორწმუნე მომლოცველთა შთამბეჭდავი ზრდაც, მაგრამ ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზე არც მათი კანონიერი პატრონი – ქართული ეკლესია და მისი მრევლი, და არც სახელმწიფო სათანადოდ ჯერ კიდევ არ ზრუნავს. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი სანუკვარი ძეგლის და რელიგიურად უმნიშვნელოვანესი ადგილისა და სალოცავის, ჯვრის მონასტრის მიდამოებში ადრე თითო-ოროლა ადამიანი თუ “გაისეირნებდა” ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გაითვალისწინეთ, რომ ამას იქ ახლა უკვე ასეულობით მიმსვლელი აკეთებს და თითქმის ყოველ დღე! 

 

მსგავსი სიტუაციაა გელათსა და გერგეთის სამებაშიც, სადაც ჯვრის მონასტრის მსგავსად ტუალეტები არის, მაგრამ ისეთი უწყლო, სიბინძურით სავსე და მოუვლელი, რომ შესვლა სრულიად შეუძლებელია. შესაბამისად, მართალია, უშუალოდ ეკლესიის სიახლოვეს ერიდებიან (თუმცა ასეთი შემთხვევებიც ძალზე ხშირია, რაც საშიში კონფლიქტის მიზეზი ხდება და შარშან ფატალურადაც დამთავრდა დარიალის მონასტერში), მაგრამ მიმდებარე ტერიტორიას მომლოცველი, მნახველი და ტურისტიც ერთნაირად აბინძურებს. თუმცა, კომფორტული ტუალეტის არსებობის შემთხვევაში მხოლოდ 20 ან 50 თეთრის კი არა, ზოგი ერთი ლარის გადახდაზეც არ დაიხევდა უკან, რაც საკმაო სარგებელს მისცემდა იმ საკულტო ადგილებს, სადაც შესვლა უფასოა და რომლებიც მხოლოდ შემოწირულობების იმედად არიან.

 

ძეგლები და ადგილები, რაც ოფიციალურად ყველა ტურისტული კომპანიის ძირითად მარშრუტშია შესული, და სადაც  ჩვენი მოქალაქეების ყველაზე მეტი დასწრებაც შეინიშნება, შემდეგია: თბილისის მეტეხი და ნარიყალა, ჯვარი, სვეტიცხოველი, ანანური, უფლისციხე, გორი და სტალინის მუზეუმი, ბორჯომი, ვარძია, გელათი, ბაგრატი, სათაფლია, გერგეთის სამება, სიღნაღი და რაბათის უბნის ციხე. ჩამოთვლილთაგან, როგორც კეთილმოწყობით, ასევე მოვლით,  ნამდვილად სანიმუშოა გორის (სტალინის მუზეუმის სიახლოვეს), რაბათის ციხისა და უფლისციხის საპირფარეშოები. სხვაზე ვერაფერს ვიტყვით, საგანგაშოს გარდა, და ეს მაშინ, როცა, მაგალითად, ვარძიაში სულ ახლახან გაკეთდა თანამედროვედ აღჭურვილი ტუალეტი, მაგრამ მოუვლელობით უკვე დაბინძურებულ-დაზიანებულია. ასევეა სათაფლიაშიც. 

 

რაც შეეხება ანანურსა და ბაგრატს – მეორე წელია ახალი ტუალეტები აშენებულია და დღემდე დაკეტილია. დაკეტილია მლეთა-გუდაურს შორის, ჩანჩქერთან აშენებული ტუალეტიც, სადაც ხალხი სიცოცხლის რისკის ფასად, მის უკან არსებულ უფსკრულის პირზე გადიან ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

თუ გავითვალისწინებთ ბორჯომის სარეაბილიტაციოდ დახარჯულ სერიოზულ თანხებს, სრულიად სამარცხვინოა წყლით ასე მდიდარი, მდინარე-ჩანჩქერ-წყაროიან პარკის უწყლო ტუალეტი, სადაც შესვლა მხოლოდ იქ მომუშავე გულისხმიერი ქალბატონის მოვლის წყალობით  ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. 

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია უკანასკნელ ორ წელიწადში საგრძნობლად დაბინძურებული მთავარი სამანქანო გზები, რომელთა დასუფთავებაზე უკანასკნელ წლებში, ეტყობა, უკვე არავინ ზრუნავს. განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა  სამხედრო გზის ჟინვალი-ლარსის მთელ პერიმეტრზე, სადაც ბევრი ღირშესანიშნავი მატერიალური თუ ბუნების ძეგლი ნამდვილ სანაგვედ არის გადაქცეული. ამ ყველაფრის  თვითმხილველი თავად გახლავართ, რადგან როგორც ტურიტული ჯგუფების მეგზურს,  თითქმის ყოველ ორ კვირაში მიწევს საქართველოს “შემოვლა” – სხვადასხვა კუთხისა და ადგილის ამომწურავი ნახვა-დათვალიერება.  

 

პრობლემები და საწუხარი ბევრი აქვს დღევანდელ საქართველოს, მაგრამ აღნიშნული საკითხი არც ისე დიდ ფინანსებსა და ძალისხმევას საჭიროებს, რომ ახლო მომავალში ვერ გადავლახოთ. ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს  პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას;  საქართველოს პატრიარქს; ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის და დაცული ტერიტორიების სააგენტოებს –  ერთობლივი ძალისხმევით, დაუყონებლივ გამოვასწოროთ ის საშინელი მდგომარეობა, რასაც ჩვენ საკულტო, ბუნებრივ თუ საერო ძეგლებზე ტუალეტების არარსებობა და გარემოს ტოტალური დაბინძურება განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი