კომენტარი

პარლამენტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებზე

18 ივნისი, 2013 • • 1929
პარლამენტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებზე

“ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განცხადებით # 26931 მომართა რამდენიმე ათასმა ადამიანმა. მათ მოითხოვეს 17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასება.

 

კომიტეტი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ ფაქტების მიმართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი იზომება არა მარტო ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებითა და სახელმწიფოს ქმედებებით, არამედ სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებითაც ამ ფაქტებზე. დამოკიდებულება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გამოავლინა მითითებული მოვლენების მიმართ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავალში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ერთმანეთის უფლებების დაცვისათვის.

 

განცხადებაში მითითებულ მოვლენებს კომიტეტი აფასებს შემდეგნაირად:

 

ფიზიკური ხელშეუხებლობა

 

საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული ძალადობისაგან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და უსაფრთხოდ. მას არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისაგან ძალადობის შიში და უნდა იცოდეს, რომ მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

 

ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანთა ურთიერთობების პროპაგანდა არის სპეციალური უფლებები, რომელიც მიეკუთვნება სექსუალური უმცირესობებების უფლებებს. ამ უფლებათა რეალიზების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების მსჯელობის საგანია.

 

ფიზიკური ხელშეუხებლობა კი ერთ-ერთი იმ ძირითად და ფუნდამენტურ უფლებათაგანია, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ფიზიკური ხელყოფა წარმოადგენს არა სექსუალური უმცირესობის უფლების დარღვევას, არამედ, ადამიანის ძირითადი უფლების ხელყოფას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

 

შესაბამისად, ამ უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი.

 

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის მიუღებელია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა 17 მაისს გამართული აქციების დროს. ამასთანავე, კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მითითებულ უფლებასთან ერთად, დაუშვებელია, ასევე, რომელიმე ნიშნით ადამიანის სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

შეკრების თავისუფლება

 

შეკრების თავისუფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით (25-ე მუხლი), ისევე, როგორც საერთაშორისო ინსტრუმენტებით – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა (21-ე მუხლი) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით (მე-11 მუხლი).
შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, “შეკრების თავისუფლება არის ფუნდამენტი პლურალისტური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, სადაც სხვადასხვა შეხედულებების, პრაქტიკისა და პოლიტიკის მქონე ჯგუფები თანააარსებობენ.“

 

ამავე დოკუმენტით გათვალისწინებულია კონტრშეკრების ინსტიტუტი, რაც გულისხმობს შეკრების ჩატარებას მეორე შეკრების მიზნის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება ორივე შეკრების მონაწილეების უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების დაცვა.

 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ 17 მაისს ორივე შეკრების მონაწილეები სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცული შეკრების თავისუფლებით; ამავდროულად, უარყოფითად აფასებს შეკრების ცალკეული მონაწილეების მიერ ძალადობის გამოვლენის ფაქტებს, რაზედაც ზემოთ არის მითითებული.

 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითიც შესაძლებელი გახდა მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილება.

 

შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სამართალდამცავები, რომლებსაც ევალებათ წესრიგის უზრუნველყოფა შეკრების დროს, უნდა ფლობდნენ შეკრების მართვის ტექნიკასა და ე.წ. “რბილ“ უნარ-ჩვევებს.

 

ვინაიდან შეკრების მართვა მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრიორიტეტად განსაზღვროს თანამშრომლების სპეციალური მომზადება მითითებულ საკითხებში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

რელიგიის თავისუფლება

 

შეკრების თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ არ არის აბსოლუტური ხასიათის: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (21-ე მუხლი) თანახმად, შეკრების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ საფრთხე ემუქრება ზნეობასა და სხვა პირთა უფლებების დაცვას და სხვა შემთხვევებში; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (მე-11 მუხლი) მიხედვით, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი მორალი და სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სხვა გარემოებები.

 

საქართველოს კონსტიტუცია (25-ე მუხლი) და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი (მე-3 მუხლი) ითვალისწინებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ ის ეწინააღმდეგება სხვა პირთა უფლებებს. ერთ-ერთი ასეთი უფლება არის, მაგალითად, რელიგიის თავისუფლება.

 

ამასთან, გადაწყვეტილება შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული გარემოებების შესწავლის საფუძველზე და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. (იხ. თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება,§ 47 )

 

15 მაისს საქართველოს საპატრიარქომ და რვა რელიგიურმა გაერთიანებამ მიმართეს თბილისის მერიას და სთხოვეს, არ დაეშვა ჰომოფობიის წინააღმდეგ შეკრება. მოთხოვნა დაასაბუთეს იმით, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირება და პროპაგანდა ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივ მორალს. ანალოგიური მოთხოვნით 16 მაისს საქართველოს საპატრიარქომ განმეორებით მიმართა თბილისის მერიას.

 

კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს, რომ საქართველოს საპატრიარქოს, ისევე, როგორც რვა რელიგიურ გაერთიანებას, ჰქონდათ ლეგიტიმური უფლება, გამოეხატათ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა თანამედროვე ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამავდროულად, ერთსქესიანთა ურთიერთობები არის ერთმნიშვნელოვნად დაგმობილი მართლმადიდებლური სარწმუნოების, ისევე, როგორც სხვა რელიგიების მიერ. შესაბამისად, ეს იმდენად ფუნდამენტური ასპექტია ამ სარწმუნოებებისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ამ რელიგიების წარმომადგენელთა რელიგიის უფლების რეალიზება.

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ცალსახად გაემიჯნა კონტრშეკრების ცალკეულ მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. გარდა იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება მსგავსი ქმედებებისკენ, უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ , ასევე, გააკრიტიკა ცალკეული სასულიერო პირები ძალადობის გამოვლენის გამო. (იხ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 22.05.2013)

 

კომიტეტი ასევე მხედველობაში იღებს იმას, რომ რელიგიური გაერთიანებები მოითხოვდნენ არა, ზოგადად, შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ადამიანების ჯგუფისათვის, რომელთაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ შეკრების ჩატარებას მისი მიზნის გამო.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ცალკეული მოწინააღმდეგე პირები საჯარო გამოსვლებისას აქციის დაშვებაზე უარის თქმას მოითხოვდნენ შემდეგი მიზეზის გამო: ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო ქვეყანაში გამოცხადებული იყო საყოველთაო გლოვა, (16 მაისს) რომლის პირობებშიც აქციის ჩატარება საზოგადოების ნაწილისათვის მიუღებელი იყო.

 

სახელმწიფომ (უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო) ამ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

 

დარღვეული უფლებების აღსადგენად მიღებული ზომები

 

მიმდინარე წლის 21 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის 4 მონაწილე დააკავეს დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. მოგვიანებით, კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ორი სასულიერო პირი მიცემულ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის გამო. ამჟამად 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

 

კომიტეტის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია კანონით 17 მაისს მომხდარი სამართალდარღვევების გამოძიება შესაბამის პირთა პასუხისგებაში მისაცემად.

 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ თითოეულ ამ საქმეზე უნდა ჩატარდეს დროული, ეფექტური და ობიექტური გამოძიება და უზრუნველყოფილ იქნეს “სამართლიანი სასამართლოს“ უფლება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან გაიმართა ლგბტ უფლებადამცველთა შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებზე რეაგირება და მათი პრევენცია. გამოიყო სპეციალური საკონტაქტო პირი, რომელთანაც მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაკავშირება. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იზრუნებს სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებაზე ლგბტ თემის წევრთა უფლებების დაცვის საკითხებში.

 

17 მაისს მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დასაგმობად გაკეთდა არაერთი პოლიტიკური განცხადება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლები. ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაგმო განხორციელებული ძალადობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, ყველას აქვს მშვიდობიანად თავისი აზრის გამოხატვისა თუ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ანალოგიური პოზიცია გამოხატეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა.

 

დასკვნაში წარმოდგენილი მოსაზრებები ასახავს კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 17 მაისის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ შეკრებასთან დაკავშირებული მოვლენების საერთო შეფასებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კომიტეტი არ სცილდება თავისი კომპეტენციის ფარგლებს და არ აკეთებს კონკრეტული პირებისა და ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, რაც სასამართლო ორგანოს პრეროგატივაა.

 

კომიტეტი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი