კომენტარი

პოლიტიკური ელიტის მრჩეველი [video]

9 მაისი, 2013 • • 2310
პოლიტიკური ელიტის მრჩეველი [video]

საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიაში ორი უმდიდრესი ადამიანი მონაწილეობდა პოლიტიკაში – ეს იყო ბადრი პატარკაციშვილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ დღეს ხართ ივანიშვილის კონსულტანტი, მანამდე იყავით პატარკაციშვილის მრჩეველიც. როგორ მოახერხეთ ეს?


პატარკაციშვილის მრჩეველი არ ვყოფილვარ. როდესაც მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, მე ვუთხარი, რომ ის უშვებდა შეცდომას. იმ მომენტიდან მე მასთან არ მქონია ურთიერთობა. მე თავიდანვე ვხედავდი, რომ მას შანსი არ ჰქონდა. ხშირად ვხვდებოდით, ვსადილობდით. მისი ხასიათიდან გამომდინარე ვფიქრობდი ამას – ემოციური იყო, მასში იყო სიმსუბუქე ზედმეტი, პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი. მე არ მინდა ყველა დეტალის გახსნა.


ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თქვენ პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდით. რა იყო ამის მიზეზი და რა რჩევები მიეცით?


მე პრეზიდენტ სააკაშვილს 2008 წელს, ყველაზე მძიმე პერიოდში შევხვდი. ბადრის გარდაცვალება, ნოემბრის ტრაგიკული მოვლენები, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე, ჩემზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, კუდ-ის და სოდ-ის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი და, ფაქტობრივად, ვიყავი შიდა პატიმრობაში. თუმცა მაშინ სააკაშვილმა გარკვეულ ადამიანებთან შეხვედრა მოინდომა. მაშინ მეც შევხვდი მას და ბევრმა გამაკრიტიკა ამის გამო.


ნუ, მე იმ მომენტში ჩავთვალე, რომ თუ მე მეძახდნენ ექსპერტს, მე არ მქონდა უფლება, რომ ამ შეხვედრაზე არ წავსულიყავი, როგორც ექიმს არ აქვს უფლება არ უმკურნალოს, თუნდაც, მტერს. ჩემს პროფესიულ მოვალეობად ჩავთვალე, რომ მიმეცა მისთვის ის რეცეპტი, თუნდაც დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის იმ წამალს არ დალევდა.


ეს შეხვედრა არ იყო სასიამოვნო, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. მე მაშინ მივეცი მას ერთი რჩევა, რომელიც მან შეასრულა: ეს იყო სამსახურიდან კახა ბენდუქიძის გათავისუფლება. განა იმიტომ, რომ ბენდუქიძე ცუდი იყო ან კარგი, უბრალოდ, მე მას ვუთხარი, რომ შენ შეიძლება ის გიყვარდეს, მაგრამ ხალხს არ უყვარს ის, გყავდეს ისე, მაინცდამაინც მინისტრი რატომ უნდა იყოს-მეთქი?! ჭკუაში დაუჯდა ეს, ალბათ, და ერთ კვირაში ბენდუქიძეს თანამდებობა დაატოვებინა.


2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ, როგორც ვიცით, თქვენი რჩევით სარგებლობდა, ასევე, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე…


რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მე მას ვურჩიე, რომ თუ მას პოლიტიკური რეაბილიტაცია უნდოდა, ყველაზე სწორი გზა იქნებოდა ის, რომ მისი მეუღლე ჩამოსულიყო და ციხეში ჩამჯდარიყო. როდესაც 300 უდანაშაულო კაცი ციხეში იჯდა და მისი მეუღლე ევროპაში იყო, ცუდად გამოიყურებოდა ეს. ციხეში იჯდებოდა ბადრი რაღაც დრომდე. არცთუ ისე დიდი დრო იქნებოდა ის ციხეში, როგორც ირკვევა. ეს რომ გაეკეთებინათ, მეჩვენება, რომ ბურჯანაძე პოლიტიკაში ბევრად უფრო წინ იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.


როდის და როგორ შეხვდით პირველად ბიძინა ივანიშვილს?


მე დამირეკა ირაკლი ტრიპოლსკიმ. ის დიდი ხანია იცნობდა მას. მე მისი სურათიც არ მქონდა ნანახი, სანამ შევხვდებოდი. ეს შეხვედრა იყო მის განცხადებამდე. მითხრა, რომ ბოლო 3 თვე ტელევიზორს ვუყურებო. აანალიზებდა, თუ რა მოცემულობა იყო პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და საზოგადოებაში. ჩემ მიმართაც კეთილგანწყობა გაუჩნდა, ალბათ. ჩათვალა, რომ პირველი მე უნდა დამლაპარაკებოდა. მისი განცხადების ტექსტი იქამდე ვიცოდი, სანამ გამოაქვეყნებდა.


შემომთავაზა, რომ ერთად  დაგვეწყო. მე ვუთხარი უარი. მერე ვიფიქრე ბევრი. კოალიციის ფორმირება რომ დაიწყო, გადავწყვიტე, შევსულიყავი პოლიტიკურ პროცესში. გადამწყვეტი გახდა ჩემთვის ის, რომ იმ დროისთვის მე ძალიან დრამატულ პროგნოზს ვაკეთებდი: ვიცოდი სააკაშვილის რეჟიმის ბუნება და ვფქირობდი, რომ ვითარება ძალიან დრამატულად შეიძლებოდა განვითარებულიყო. ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ პროცესების მიღმა დავრჩენილიყავი. ჩემს თავს ამას ვერ ვაპატიებდი. ალბათ, ეს გახდა ის ძალა, რამაც მიბიძგა პოლიტიკურ სივრცეში.


მე ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილით, არამედ მთელი მისი ოჯახით. უნიკალური ოჯახი აქვს მას. იმდენი სიყვარულს, რამდენიც იმ ოჯახშია, ძნელად თუ ნახავთ. მანამდე მეგონა, რომ კეთილდღეობა ადამიანს რყვნის და ფასეულობათა სისტემას აკარგვინებს ადამიანს. არ მეგონა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი


რა აინტერესებდა ბიძინა ივანიშვილს თქვენგან პირველი შეხვედრის დროს?


მან პირველივე შეხვედრაზე მითხრა, ვის თვლიდა ის თავის პოლიტიკურ პარტნიორებად. მას უკვე ჩვენს შეხვედრამდე ჰქონდა დალაგებული ეს თავისთვის. გადაწყვეტილებას იღებდა ყოველთვის ის, მე მივყვებოდი ყოველთვის მის გადაწყვეტილებას. უბრალოდ, სხვებთან ერთად ვაანალიზებდით ამ გადაწყვეტილებების პლუსებს და მინუსებს. დიდი ხუხაშვილის თემა არ არის სერიოზული და რეალური.

 

ივანიშვილის მთავრობაში თქვენს პოზიციაზე  არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, საუბარია იმაზე, რომ ერთგვარ “რუხ კარდინალად” ჩამოყალიბდით და ყველა სფეროში მონაწილეობთ, საუბარია ბიზნესმენების დაბარებაზე, საკადრო პოლიტიკაში მონაწილეობაზე, მედიაში ჩარევაზე და ა.შ.


ეს არის ლეგენდა, რომელსაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც.  მე უარი ვთქვი თავის დროზე პოლიტიკაში შესვლაზე, მაგრამ შევინარჩუნე ურთიერთობები პრემიერ-მინისტრთან. ის, რომ პრემიერთან ურთიერთობა შევინარჩუნე და ამავე დროს ფორმალური ადგილი არ მაქვს პოლიტიკაში, ეს აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილიყო ჩემზე ლეგენდები.


საკადრო პოლიტიკაში მე არასდროს არ შევსულვარ. თავიდან ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თითქოს ლაშა ნაცვლისშვილისგან ავიღე 100 ათასი დოლარი, რომ “ქართული ოცნების” სიაში მოხვედრილიყო. ლაშა ნაცვლიშვილი არის ჩემი მეგობარი. საქართველოში მეგობრებისგან ფულს არ იღებენ. ეს იყო პირველი ე.წ. იხვი, რომელიც ჩემ მიმართ გაისმა. დღეს უკვე ძალიან სასაცილო მასშტაბები მიიღო ამან.   


ბიზნესმენებს ნამდვილად არ ვხვდები. “პიქსელის” ოფისში ვარ, სადაც მე-9 სართულზე კეზერაშვილიც მჯდარა, ესეც არ ვიცოდი. რამდენიმე ეპიზოდი ვიცი ბიზნესმენებიდან ხარკის აკრეფის – როგორ მიდიოდა ერთ-ერთ ძალოვან პოლიტიკოსთან, რომელიც ახლა სხვის კორუფციაზე საუბრობს. სისტემურად ეს ყველაფერი დანახულია, გაანალიზებულია, თუმცა ჩემი მხრიდან ამას ჯერ-ჯერობით გრიფი საიდუმლო ადევს.


მე შეგნებულად წავედი იმაზე, რომ საფრთხობელას როლი ამეღო საკუთარ თავზე, მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურად გამომდის, შეიძლება საკუთარი ავტორიტეტის და ნერვების ხარჯზე, მაგრამ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, რის გამოც ადამიანმა გარკვეული პერიოდით საკუთარ ინტერესზე უარი თქვას სახელმწიფო ინტერესის გამო.


ბოლო დროს ერთგვარ ხუმრობის თემად იქცა ის საკითხი, რომ ხუხაშვილი ყველაფრის ექსპერტია…


არ მიყვარს, ექსპერტს რომ მეძახიან და არ მივიჩნევ, რომ ბევრი რამე ვიცი. მრცხვენია ხოლმე, როდესაც ასე მომიხსენიებენ. იმდენად მწირია ადამიანური რესურსი, როცა მეკითხებიან რამე მოსაზრებას, მე ვპასუხობ. ხუხაშვილის ყოვლისმცოდნეობაზე ხუმრობა – ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს მედიის ბრალია. ამდენ ყურადღებად არ ღირს ხუხაშვილი.


გასულ კვირაში პრემიერმა განაცხადა, რომ ოფიციალურად დაგნიშნათ კონსულტანტად. რა საკითხებზე აძლევთ რჩევებს პრემიერ-მინისტრს?


ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ეს მრჩევლობა იყო ზუსტად ჩემ შესახებ ხმაურისა და ლეგენდის შედეგი. მე იძულებით, საზოგადოებამ, ფეისბუქმა დამაკარგვინა თავისუფლება. ეს არ იყო ჩემი ოცნება, მაგრამ, ფაქტობრივად, იძულებული გავხდით, რომ ეს ვაკხანალია შეწყვეტილიყო. აინტერესებდა ხალხს, ვინ არის ხუხაშვილი, რატომ მიდის იქ-აქ, ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაბიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მივიღე ოფიციალური სტატუსი, რის შემდეგაც აღარავინ იკითხავს, რატომ მიდის გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრთან.


მე მაქვს გარკვეული გამოცდილება გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით და ამაში ვეხმარები ხელისუფლებას წმინდა კონსულტაციების დონეზე. ხშირად დავდივარ პრემიერ-მინისტრთან, ვიყავი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაინაჯში, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი რკინიგზის დირექტორი და მაქვს ჩემი წარმოდგენები გეოპოლიტიკური ფუნქციის რეალიზაციის თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი