კომენტარი

პრობლემები ეკლესიაში და მათზე საუბრის უფლება

12 აპრილი, 2013 • 2555
პრობლემები ეკლესიაში და მათზე საუბრის უფლება

ივანიშვილი-სააკაშვილი
ივანიშვილი-სააკაშვილი

როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ უნდა მოვეფეროთ ეკლესიას, რომელსაც პატივს ვცემთ, იქაც არსებობს პრობლემები. ამაზე რეაქცია არის ნორმალური. ყველაზე ყველაფრის გამოხატვის საშუალება უნდა გვქონდეს. არ უნდა არსებობდეს ტაბუდადებული თემები. შეურაცხყოფა არა, მაგრამ კითხვის დასმა ყველას უნდა შეეძლოს“.

 

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მისი ეს სიტყვები აღიქვა ნიშნად ხანგრძლივად ნანატრი ეკლესიის სახელმწიფოსგან სტრუქტურული გამიჯვნის დასაწყისისა, რომელიც, თავის მხრივ, თანამედროვე დასავლური სახელმწიფოების მოწყობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და მოქალაქეთა სინდისის თავისუფლების გარანტიაა. წამიერმა სიხარულმა მეც გადამირბინა, მეგობარსაც კი დავურეკე და ვახარე, რომ ნანატრი დრო დადგა და ჩვენი საყვარელი ეკლესიის შიგა პრობლემების მოგვარების ხანა დადგა. თუმცა ემოციური დაცლის შემდეგ ყველაფერს ცივი გონებით შევხედე, განცხადებაც დაკვირვებით წავიკითხე, მთლიანობაში განვიხილე მომხდარი და გარკვეულ დასკვნებამდე მივედი. ვინაიდან ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების თემა ბევრი ადამიანისათვის საინტერესოა, თავს უფლებას მივცემ ჩემი დაკვირვებები გაგიზიაროთ.

 

ეკლესია, როგორც პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყარო – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობას ესაჭიროებოდა. კრიტიკულ მომენტებში კი მთავრობის ყოფნა – არყოფნის საკითხსაც კი წყვეტდა საპატრიარქოს კეთილგანწყობა და მხარდაჭერა. სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერა აღმოჩნდა ერთ-ერთი გადამწყვეტი პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვების საქმეში. ბლოკის ლიდერი დიდი ხანია სარგებლობს ეკლესიის ყველაზე დიდი შემომწირველის სტატუსით, რამაც მის პიროვნებას საკრალურ – მესიანისტური ელფერიც კი შესძინა. ამას ემატებოდა თავად პოლიტიკურ ბლოკში შემავალი პოლიტიკოსების მხარდამჭერი სასულიერო პირების აქტიური მხარდაჭერა.

 

მიუხედავად ამისა, წამების ცნობილი კადრების გამომზეურებამდე კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქო ერიდებოდა ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი ორ პოლიტიკურ ძალას შორის. სწორედ ეკლესიის მხრიდან პოზიციის ღია დაფიქსირებამდე გაახმოვანა ბიძინა ივანიშლმა ნიუანსური სახით საპატრიარქოს მიმართ გარკვეულწილად კრიტიკული ტონი. არჩევნების დასრულების შემდეგ კი ჰარმოინიამ დაისადგურა და ეკლესიის მეთაურის იუბილეზე მისივე კალთის ქვეშ შეკრებილი პოლიტიკური ლიდერების ამსახველი კადრები და ფოტოები ჭეშმარიტი ქართული კოჰაბიტაციის სიმბოლოდ იქცა.

 

მაშ, რატომ გაახმოვანა ამ სიკეთის ჟამს პრემიერმა თავისი კრიტიკული მოსაზრება ეკლესიის პრობლემებთან დაკავშირებით? ჩემი აზრით, განცახდების საერთო კონტექსში და დროით თანმიმდევრობაში აღქმისას გასაგები ხდება, თუ რა მიზნით გაკეთდა იგი. საქართველოს წინა მთავრობა თურქეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საკითხზე – ჩაერთოთ ქართული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები და სანაცვლოდ ჩვენს ქვეყანაში მუსლიმური კულტურის რესტავრაციას პირდებოდა. მოლაპარაკებისას თურქეთის მთავრობა თანდათან ცვლიდა მოთხოვნებს. საქართველოს საპატრიარქოსა და ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკოსების დესტრუქციული აქტიურობის შედეგად, საბოლოო ჯამში, შეთანხმება ჩაიშალა. არჩევნების შემდეგ ეს თემა კვლავ გააქტიურდა. ახალმა მთავრობამ სწორად გამოიცნო ამომრჩევლის შეკვეთა: მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, ქვეყნის მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული კულტურის საკითხები. შესაბამისად, ეს სფერო კი, თავის მხრივ, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისათვის ხელსაყრელია. ახალმა მთავრობამ, თურქულ მხარესთან მეტი სამოქმედო ბერკეტის მოპოვებისათვის, გადაწყვიტა კვლავ გააეაქტიურებინა ახალციხის რაბათის მეჩეთის თემა, რომლის მიმართაც თავის დროზე მათ გარკვეული დაინტერესება გააჩნდათ .

 

პრობლემამ და ჰარმონიაში ბზარმა სწორედ აქ იჩინა თავი. როლები შეიცვლა – ახლა წინა მთავრობამ გადაწყვიტა იმ თემის პოლიტიზება, რომელიც თავის დროზე მის საწინააღმდეგოდ ეფექტურად გამოიყენეს. სწორედ ამ კონტექსტში გაახმოვანეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და საქართველოს პრეზიდენტმა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა რაბათის კომპლექსში მდგარი ახმედიეს მეჩეთის სახურავის გადაღებვა, სარკმელების გადაკეთება და მოქმედ მეჩეთად გადაქცევა. ნაციონალური მოძრაობის პროტეტსტს მხარი დაუჭირა საქართველოს საპატრიარქომ, რომელსაც, თავის მხრივ, საკუთარი პრეტენზიები გააჩნია ამ შენობასთან დაკავშირებით და საერთოდაც მას ქრისტიანულ ტაძრად თვლის. თემის სენსიტიურობის გამო ბატონმა პრემიერმა დროულად მიიღო შესაბამისი ზომა და ირიბი გზავნილი გაუგზავნა ეკლესიას, შიგა პრობმლემებზე კონცენტრირებულყვნენ, რაბათის თემის პოლიტიზების ნაცვლად. თუმცა უმთავრესი შეთანხმების დაურღვევლობის აღქმაც ამავე განცხადებაში ჩააქსოვა:

 

„სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, რომ ეკლესია მისგან გამიჯნული იყოს. ის აუცილებელი თანხა, რომელიც საჭიროა ბიუჯეტიდან ეკლესიის დასახმარებელად, უნდა იყოს გადარიცხული ერთჯერადად და არავითარ შემთხვევაში სახელწმიფო არ უნდა ეცადოს, რაიმე ბერკეტით მოახდინოს მასზე გავლენა.“ – პრემიერისათვის ჩვეული ამ ლინგვისტურად ბუნდოვანი კონსტრუქციისგან გამომდინარე მოკლე დასკვნა შემდეგია: სახელმწიფო ურიცხავს საპატრიარქო მილიონებს, ერთჯერადად წელიწადში, როგორც კომპენსაციას და არ ავალდებულებს მას წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.

 

დაშიფრული გზავნილების არანაკლები  სიმრავლით გამოირჩევა ბორჯომ- ბაკურიანის მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებაც, რომელშიც ერთი საინტერესო მოსაზრებისათვისაც გამოინახა ადგილი: „ივანიშვილის განცხადება საფუძველს მოკლებულია.. არანაირი პრობლემა დღეს ეკლესიაში არ არის… ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. პრობლემა მაშინ ითქმება, როდესც ვინმე ან რამე არ აკეთებს რაიმე საქმეს.“ – ანუ დავალებებს, თქვენს „საქმეს“ პირნათლად ვაკეთებთ და სხვა დანარჩენი რა პრობლემააო?

 

მოკლედ, ჩემი აზრით, მოწესრიგებული და მხოლოდ თავის უმთავრეს მისიაზე კონცენტირებული ეკლესია არც ერთ მთავრობას არ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში ამ ინსტუტიციის ბრმად გამოყენება და ინსტუმენტალიზაცია ძნელდება. სწორედ ამის გამო პრემიერ-მინისტირს განწყობა, ეკლესიის შიგა პრობლემებზე კითხვების დასმა ყველას შეუძლიაო, უმალვე შეიცვლება თუ საპატრიარქო რაბათისა და საერთოდ თურქეთთან არქიტექტურის ძეგლებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში აღარ ჩაერევა, ან მინიმუმ ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს არ გაიზიარებს.

 

არ განიკითხო vs. sapere aude !

 

საინტერესოა თავად ეკლესიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით, უფლება აქვს თუ არა მრევლს ხმამაღლა ისაუბროს შიგა საეკლესიო პრობლემებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სწორედ მღვდელმსახურთა თავგასულობა და თავაშვებულობაა, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს ეკლესიას, რომლის წარმომადგენლებიც თავად არიან. თემა, თუ რა ფსიქოლოგიური მექანიზმებით მოხდა სასულიერო პირების საქმიანობის შესახებ მსჯელობის ტაბუირება,  ძალიან ვრცელია. მხოლოდ ერთ ასპექტზე შევჩერდები.

 

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ეკლესიისთვის (ზოგადად რელიგიათა უმრავლესობისათვის) ძალიან მნიშვნელოვანია ლინგვისტური ველი, ვინაიდან სწორედ ვერბალური გზით ხდება მისი მოძღვრების გავრცელება, მრევლთან კომუნიკაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენა დიდწილად განსაზღვრავს ცნობიერების, შეხედულებებისა და ღირებულებათა სისტემის ფორმირებას. ამ სფეროში, თარგმანში ან ფორმულირებისას (მაგალითად, დოგმატის შემთხვევაში), ერთი შეხედვით უწყინარ შეცდომას შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს. განვითარების თითქმის 200- წლიანი წყვეტის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში ეკლესიის წინაშე საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის გამართვის და სემანტიკური ველის ხელახლა ფორმირების ამოცანაც დადგა. ამ პრობლემის მოგვარების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დღესაც მიმდინარეობს, ოღონდ ერთი სამწუხარო ნიშნით. სამწუხაროდ, სიტყვათა თუ წმინდა წერილის ადგილების განმმარტებლები არ ხელმძღვანელობენ მეცნიერებით, არამედ ახდნენ მათი ინსტრუმენტალიზაციას კონკრეტული პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალში საცემია ის ახალი სემანტიკური მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის სივრცეში მიენიჭა სიტყვას: განკითხვა.

 

ამ სიტყვის მნიშვნელობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა სასულიერო პირთაგან განხორციელებულმა წმინდა წერილის შემდეგი ადგილის თავისუფალმა ინტერპრეტაციამ: „1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. 2. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყებათ თქვენ. 3. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეჭვიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! 5. თვალთმაქცნო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ. როგორ ამიოღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. 6. ნუ  მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.“ (მათე 7, 1-6). საგულისხმოა, რომ სახარების ორიგინალურ, ბერძნულ ენოვან ვერსიაში გამოყენებულია მრვალმნიშვნელოვანი (პოლისემიური) ზმნა: κρίνω κρίνετε, να μ κριθτε – Κατά Ματθαίον Ευαγγέλιο 7,1), რომლისაგანაც  წარმოსდგება ასევე საინტერესო არსებითი სახელი κρίσις (კრიზისი) – სასამართლო. ეს ზმნა ახალ აღთქმაში გვხვდება 114 ჯერ, შემდეგი მნიშვნელობებით: განსჯა, შეფასება, განსხვავება, დასჯა, გადაწყვეტილების მიღება, განაჩენის გამოტანა. მოყვანილ მონაკვეთში კი იგი  ესქატოლოგიური მნიშვნელობისაა და აღნიშნავს უფლის მიერ ადამიანთა საბოლოო განსჯას (Exegetisches Wörteterbuch zum Neuen Testament, B. II, 1992 s. 787). სიტყვის მნიშვნელობას სულხან – საბა ორბელიანი განმარტავს, როგორც ძვირისმეტყველების (ადამიანის დაუსწრებლად ლანძღვა) კონკრეტული ფორმა, როდესაც ხდება რომელიმე პიროვნების საქმიანობის მორალური შეფასება დაუსაბუთებლად, თუ ვინ რომელ ცოდვას სჩადის და მსგავსნი (ს.ს.ორბელიანი, ლექსიკონი ქართული 1991, ტ.I გვ.138).

 

მიუხედავად იმისა, რომ მორალურ შეფასებად ბევრი სახის კრიტიკა შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაინც დაუშვებელია ჯანსაღი კრიტიკისა და ადამიანების უსამართლო გაჭორვის გაიგივება. თავად სახარების მონაკვეთი საკმაოდ ცხადად გადმოსცემს, თუ რა არის მისი მთავარი გზავნილი და ქცევის რა პრინციპზეა საუბარი კონკრეტულად. მიუხედავად ამისა, ეკლესიამ მაინც განახორციელა ფართო სახის განმარტება, თუ რას ნიშნავს ამ კონტექსტში საკვანძო სიტყვა განკითხვა, რადგან იგი ცოდვათა ჩამონათვალში შეიტანა. თუმცა თანამედროვე სურათი კიდევ უფრო სხვაგავრად გამოიყურება ამ საკითხთან მიმართებაში. 

 

ჯერ კიდევ დაახლოებით 2000 წლამდე საქართველოში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განმარტება ხდებოდა. ანუ მრევლის წევრებს ეკრძალებოდათ უსაფუძვლოდ ადამიანების დადანაშაულება და მათი მცდარი მორალური შეფასების გაკეთება. შესაბამისად, მოკლე მორალურ მოწოდებებში ფიგურირებდა მტლიანი მუხლი: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ.“ მაგრამ ამ პერიოდში სამოქალაქო სექტორის მხრიდან მომძლავრდა ეკლესიის კულტურული და პოლიტიკური საქმიანობის კრიტიკა. სწორედ ამ ფონზე დადგა საჭიროება შეეძინა ვიწრო მნიშვნელობა ზმნას: განკითხვა. ფართო სემანტიკური და კონტექსტუალური გაგებიდან მთლიანად გამოირიცხა საყოველთაოობა. დღესდღეობით ამ ცნების მორალური მნიშვნელობა მხოლოდ სასულიერო პირებს მიემართება და მათ მიმართ კრიტიკული აზრის აბსოლუტურად უქონლობას ემსახურება. შესაძლოა, ენათმეცნიერებსა და სემიოტოლოგებს სასაცილოდ მოეჩვენოთ, თუ როგორ ადვილად ჩანაცვლდა ამ სიტყვის პირვანდელი გაგება გამოგონილით, მაგრამ ვერბალური კომუნიკაცია ხშირად აკადემიურ პუბლიკაციებზე ძლიერი და ეფექტურია.

 

ანალოგიურ მოვლენას ადგილი ჰქონდა შუასაუკუნეების ევროპაშიც, როდესაც ეკლესიის მიერ პავლე მოციქულის ეპისტოლის (რომ. 11,20) მუხლის: ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს (noli altum sapere, sed time)- არასწორ ინტერპრეტაციას იყენებდა, დაეშინებინა ადამიანები და აეძულებინა ისინი, უარი ეთქვათ შემეცნებაზე. მხოლოდ ამ ერთი მუხლის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე შექმნილი მოძღვრების უსაფუძვლობის დამტკიცებას საუკუნეები და მოაზროვნეთა თაობები დასჭირდა. სწორედ ამ ჭიდილში დამკვიდრდა ჰუმანისტების მიერ ერაზმ როტერდამელისაგან მომდინარე დევიზი – Sapere aude. ეს მოწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც: გაბედე აზროვნება, და იგი განმანათლებლობის სიმბოლოდ იქცა (გინძბურგი კარლო, ნაკვალევები მითები მიკროისტორია, 2011, მაღალი და დაბალი.აკრძალული ცოდნის თემა XVI და XVII საუკუნეებში გვ.170-190). სამწუხაროდ, ხშირად გაბედული აზროვნების დასაწყისს პიროვნებები უყრიან ხოლმე საფუძველს, ისევე, როგორც პიროვნებებს შეუძლიათ დაამხრუჭონ ის. საბოლოო სახე სასულიერო პირების მიმართ ყოველგვარი კრიტიკული აზრის გაქრობის, მოსპობის, მათი გაკერპების და მათი ყველა ნაბიჯის გამართლებისა ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც კათოლიკოს – პატრიარქ ილია II-ის ფიგურასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა.სწორედ ამ ადამიანთან დაკავშირებულ დისკუსიებში იჩენს ხოლმე თავს მთელი სიმყიფე და პრობლემურობა ხსენებული საკითხისა.

 

ვის უყვარს პატრიარქი?  – სემინარისტ ირაკლი შიოლაშვილის პირადი მაგალითი

 

მე მიყვარს ჩემი პატრიარქი – ასეთი და ამგავრი დასახელების ჯგუფები სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პიროვნების მისამართით არსებულმა კრიტიკამ საზოგადოებრივი ზეწოლის პასუხად ექსპრესიული ფორმები შეიძინეს. ხშირ შემთხვევაში კი პროტესტი შეურაცხყოფის სახესაც იღებდა, რადგან ადამიანები უკიდურესაც ემოციურად გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს ეკლესიის მეთაურის ქმედებებისა თუ შეფასებების გამო. ხსენებული სახელწოდების ჯგუფების მიზანი კი იმ მოსაზრების გავრცელება და განმტკიცება იყო, თითქოს ყოველგვარი კრიტიკა პატრიარქისა წარმოადგენდეს არაზნეობრივ ქმედებასა და ცოდვას. მის უწმინდესობას ჩვენი დროის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმაციების პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. სახელმწიფო აპარატის მორჩილებისაგან ჯერ კიდევ ვერგანთავისუფლებული ეკლესიის მეთარუს, ბუნებრივია, უწევდა მხარი დაეჭირა ან პირიქით, შეწინააღმდეგებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. ასეთ მომენტებში, როგორც ყველა ადამიანი, სუბიექტურობასაც ხშირად იჩენდა. მისი ბოლოდროინდელი შეფასებებიც რუსეთისა თუ ამ ქვეყნის პოლიტიკის მიმართ ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოსვლის საქმეში წვლილის შეტანის გულუბრყვილო სურვილისა და ამ კულტურისადმი პიროვნული ნოსტალგიის ერგვარი ნაზავია. გასაკვირი არცაა, რომ მისი ეს ქმედებები ბევრი პიროვნებისათვის შეურაცხმყოფელია. ის, რომ საკუთარი ეკლესიის მწყემსმთავრის მიმართ კრიტიკა ყოველთვის არ ნიშნავს სიძულვილს და პირიქით, სწორედ ეკლესიის ბედით დაინტერსების, მასზე ზრუნვისა და სიყვარულის შედეგს შეიძლება წარმოადგენდეს, თავისთავად ცხადი უნდა იყოს, მაგრამ ვისაც ჯერ კიდევ ამაში ეჭვი ეპარება, მისთვის საინტერესო იქნება გაეცნოს სემინარისტ ირაკლია შიოლაშვილის (მომავალი კათოლიკოს პატრიარქი ილია II) წერილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-სადმი:

 

„თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ… აქ, ჩვენ წრეში, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: 1. მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არ არსებობს სათანადო კადრი; 2. ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; 3. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა. 

 

ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლადხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი და რომ მღვდელმთავართა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აქ ქართველებს შორისაც კი ავრცელებენ უბადრუკ აზრს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების გამსხვილების აუცილებლობის შესახებ. ზემოთ მოყვანილი ძირითადი პრობლემების ირგვლივ თქვენ მიერ მიღებული ზომები, საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის ჩათვლით, ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ზოგიერთი მწარე სინამდვილის გამო ვაძლევთ თავს ნებას, რომ თქვენი ყურადღება მოვაპყროთ შემდეგ გარემოებას: საბჭოთა მთავრობის სათანადო დადგენილების საფუძველზე რუსეთის, უკრაინის, სომხეთის და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში არსებობს სასულიერო სემინარია-აკადემიები, ხდება ღვთისმსახურებისათვის საჭირო ლიტერატურის გამოცემა, ხატების გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლება.

 

საქართველოს ეკლესიას თუ უპირატესობა არა აქვს, გამონაკლისს მაინც არ წარმოადგენს. მხოლოდ საჭიროა ამ იურიდიული უფლებების გამოყენება ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით. საქართველოს სსრ ხელისუფალთ, არსებული წესის დაცვით, მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში წარედგინოს წერილობითი სახის განაცხადი საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის სასიცოცხლო საკითხების შესახებ და ენერგიულად იქნას მოთხოვნილი, პირველ რიგში, სემინარიის (არა კურსების) გახსნის, საჭირო ლიტერატურის გამოცემის, საეკლესიო მუზეუმის, წიგნსაცავის დაარსების, გელათის, წილკნის, ნიკორწმინდის, ყაზბეგის, ანანურის, გორის ეკლესიებში ღვთის მსახურების უფლების აღდგენა-განახლების შესახებ… ქართველი ერის სიამაყე, სიწმიდე და დიდება “სვეტიცხოველი” არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ უცხოელთა ყურადღებასაც იმსახურებს და ამის გამო მის წმიდა მიდამოებში თქვენი ლოცვა-კურთხევით საეკლესიო მუზეუმ-წიგნსაცავის გახსნა ყოველმხრივ გამართლებული იქნებოდა. თქვენი მოწოდებით, მოსახლეობაში გაბნეული ისტორიული და სიძველეთა დაცვის თვალსაზრისით ბევრი დიდმნიშვნელოვანი საეკლესიო დანიშნულების ნივთი, წიგნი, წმიდა ხატები, ჯვარი და სხვა აღმოჩნდებოდა ეკლესიის საკუთრებაში, ე.ი. დაცული იქნებოდა შესაძლებელი განადგურებისაგან. მზად ვართ ამ დიდი საქმისთვის გავიღო პირადი ბიბლიოთეკაც. სააღდგომო არდადეგებისათვის შესაძლოა ვეახლოთ თქვენს უწმიდესობას და თქვენი მითითებითა და ლოცვა-კურთხევით არსებული წესის დაცვით, სადღესასწაულო ქადაგებით მივმართოთ მორწმუნე საზოგადოებას. ღრმა პატივისცემით გეამბორებით და გამოვითხოვ თქვენს წმიდა ლოცვა-კურთხევას. ირაკლი შიოლაშვილი.“(ვარდოსანიძე ს. ქართველი მღვდელმთავრები, XX – XXI საუკუნეები,2010.გვ.211-212)

 

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე კითხვების დასმა და ამ საკითხების საზოგადოებრივ სივრცეში განხილვა მართლა უმნიშვნელოვანესი რამაა, მაგრამ ამ საქმეს მხოლოდ პრემიერის ორაზროვანი, კონკრეტულ მიზნებზე გათვლილი მოკლე განცხადებები ვერ უშველის. თუმცა შეუცნობელ არიან გზანი უფლისან, იმედი კი სულ ბოლოს კვდება.

 

ავტორის შესახებ
მირიან გამრეკელაშვილი

დაიბადა 15.08.1983. 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2006 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“(http://ycpdgeo.wordpress.com/).

2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე ,,კულტურული მეხსიერება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი იდენტობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი