მოკლედ, ეს არის მარტივი სქემა, როგორ უნდა მუშაობდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოს ყველაზე რეიტინგული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა თავისი პროფესიონალიზმით კოლეგების აღფრთოვანება მოახერხა, ხოლო პრაქტიკული პიარის ფუძემდებლის – ედუარდ ბერნეიზეს „პიარსპეციალისტებისთვის პირადი თვისებების“ თავდაყირა დაყენება.
ამ ამბის ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიასა და საიას მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოების ნაწილი მინისტრისგან განმარტებებს ერთი კვირის განმავლობაში მოითხოვდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდიდან უთხრა ხალხს, რომ შს სამინისტროს თანამშრომელი პოლიციის მუნდირის მცველია, ხოლო დავა – გაზვიადებული.
აჭარაში ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტებები არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან გააკეთა და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვები კი ბევრი იყო.
არასამთავრობოებთან არა, მაგრამ ბათუმში ჩამოსული მინისტრი თანამშრომლებთან შესახვედრად რესტორან „აჭარულ სახლში“ წავიდა. ჟურნალისტებიც, კითხვების დასასმელად, რესტორნის გასწვრივ, ტროტუარებზე დავბინავდით.
რესტორანთან შეკრებილ ჟურნალისტებთან შს სამინისტროს პიარი ნინო გიორგობიანი რესტორანში შესვლამდე მოვიდა. გვითხრა, რომ მინისტრი კითხვებს აღარ უპასუხებდა. იქვე დაგვარიგა, რომ არაკორექტული იყო კითხვებზე პასუხების მისაღებად რესტორანთან ყოფნა, სადაც მინისტრი ვახშმობს. მოკლედ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ამ შეგონებით დაგვტოვა, რესტორანში შევიდა და მას შემდეგ, მიუხედავად რესტორნის გარეთ 5-საათიანი ლოდინისა, არ შეგვხმიანებია.
გიორგობიანმა ჩვენი „კეთილგანწყობის“ მოსაპოვებლად აშკარად იზრუნა. შსს მინისტრი და მისი პიარი უფრო შორსაც წავიდნენ _ 5-სათიანი ლოდინის შემდეგ ჟურნალისტები მოგვატყუეს. საბოლოოდ ამბავი იმით დასრულდა, რომ მინისტრი მალულად, ისე, რომ კამერებს არ დაეფიქსირებინა, მეორე გასასვლელიდან გავიდა.
გიორგობიანის პროფესიონალიზმმა ამ სიტუაციაშიც პიკს მიაღწია. რესტორნის ფოიეში ზურგით დადგა და ჟურნალისტებს კიდევ ერთი ტყუილი უთხრა. თქვა, რომ არ იცნობდა ღარიბაშვილის პირად დაცვას. არც ის იცოდა, იქ რატომ შეგვკრიბა მან და არც ის, მინისტრი რესტორანში იმყოფებოდა თუ არა.
არ მინდა გეგონოთ, რომ ამ საწყალ ამბავში მოქმედი გმირი გიორგობიანია. უბრალოდ, ვფიქრობ, მთავარი ყველგან და ყველაფერში პროფესიონალიზმია, რისი ნაკლებობაც საკუთარ თავზე „აჭარულ სახლთან“ გამოვცადე. გიორგობიანმა არ იცის პიარი, აჭარის სამმართველოს უფროსმა _ წესები, როგორ უნდა დააჯარიმოს მოქალაქე იმ შემთხვევაში, თუ ის საგზაო წესებს არღვევს, საქართველოს შს მინისტრმა კი – ის, რომ კითხვებს, რომელიც მის უწყებასთან მიმართებაში საზოგადოებას უჩნდება, პასუხები სჭირდება.