კომენტარი

ის, რაც მინდოდა მეთქვა

7 აპრილი, 2013 • • 1145
ის, რაც მინდოდა მეთქვა

ხელისუფლებამ შექმნა კომისია, რომელმაც რეკომენდაცია დადო, რომ ამ ოჯახებმა 2013 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა დატოვონ შენობები… ერთი შეხედვით კანონიერი გადაწყვეტილებაა, თუმცა, უსამართლო. უსამართლო იმიტომ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა – მათი პრობლემებით დაინტერესდეს ხელისუფლება – არ შესრულდა. არავის უკითხავს მათთვის – რა აწუხებთ, რამ გადააწყვეტინათ ასე მოქცევა, იმ საშინელ პირობებში რატომ ცხოვრობენ?!

 

ამაზე ხშირად ვსაუბრობ… ტელევიზიებით, გაზეთებით, ვესაუბრები ხელისუფლებას, საზოგადოებას… ჩემი პოზიცია ერთია – არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, სანამ ამ ხალხის პრობლემების მიმართ ხელისუფლებას არ გაუჩნდება ინტერესი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მაქვს ჩემი ოფიციალური პოზიცია, რომელიც დეტალურადაა გაწერილი და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობითაა ჩამოყალიბებული, რატომღაც ვფიქრობ, რომ სათქმელი კიდევ მაქვს…

 

P.S. 

– სად მუშაობ? – სად ვმუშაობ?! –  დღემდე მიჭირს ამ კითხვას პასუხი ისე გავცე, რომ დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს. არასამთავრობო ორგანიზაციის როლსა და მისიაზე დღემდე ბუნდოვანი წარმოდგენებია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ თავად არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებშიც.

 

ბევრს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციურ პარტიებთან უნდა იყოს ალიანსში, ზოგიერთს უსაქმურები ვგონივართ, ზოგიერთის აზრით, ზედმეტად იდეალისტურად ვაზროვნებთ და არსებულ რეალობას ვერ აღვიქვამთ – მხოლოდ საუბარი  და კრიტიკა შეგვიძლია…

 

მე კი მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში დიდი როლი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს. უდიდესი მისია გვაკისრია – დავანახოთ ხელისუფლებას ის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის. უნდა შევძლოთ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრა მასვე  გაუადვილებს მმართველობითი ფუნქციის განხორციელებას, მის უკეთ შესრულებას და საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობას.

 

ბოლო რამდენიმე თვეა ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროსთან მაქვს შეხება…

 

დავდივარ კომისიის სხდომებზე, ვხვდები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ვუსმენ მათ პოზიციას და მხოლოდ ერთს ვნატრობ – მივიდნენ და ნახონ  ის მეორე სამყარო, თვითნებურად შესახლებულების… სამყარო, სადაც თითქმის ყოველ დღე დავდივარ და რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება მათი სამყაროსგან… ნახონ და დაფიქრდნენ, რა დიდი სხვაობაა ამ ორ სამყაროს შორის… არა შუქი, არა გაზი, არა გზა, არა, არა და ბევრი არა…   

 

და რატომ მიდიან ადამიანები ამ რისკზე? ამდენი „არა“ მათ ფიზიკურ და სულიერ სამყაროს უფრო დიდ „არად“ აქცევს… ნუთუ ისინი უფრო მეტ „არას“ გამოექცნენ?! ნეტა რაშია სამე? ბევრი კითხვა, მხოლოდ კითხვები… ამ კითხვებს არავინ სვამს. კითხვების დასმას პირველ რიგში ისინი გაურბიან, ვისი მოვალეობაცაა ეს… არ ვიცი, ალბათ, პასუხები აშინებთ… მე მომისმენია ამ კითხვებზე პასუხი და… ჰო, ალბათ პასუხი ნებისმიერი მისაღებია, თუმცა უნდა იყოს გათვალისწინებული პრინციპი – „კანონიერება და სამართლიანობა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს“.

 

ეს ერთი შეხედვით ყველაზე მარტივად შესამჩნევი ფაქტობრივი სურათია.

 

ახლა საკითხის შესახებ უფრო გლობალურად და სისტემურად ვიმსჯელებ:

 

…როცა ფიზიკური ტკივილი გვაწუხებს, სასწრაფოდ აფთიაქში მივრბივართ და ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ვიღებთ. არ გვინდა ხელი შეგვეშალოს ყოველდღიურ საქმიანობაში ტკივილმა, მისგან გამოწვეულმა დისკომფორტმა დრო არ დაგვაკარგვინოს.

 

ექიმების აზრით, ტკივილის გამომწვევი მიზეზების დადგენის გარეშე მკურნალობას და წამლების დალევას, არანაირი აზრი არ აქვს. ტკივილი გვაძლევს საშუალებას მივაგნოთ ორგანიზმში არსებულ პრობლემებს და დროულად ვუმკურნალოთ. თუ ის მხოლოდ გავიყუჩეთ და თავი მოვიტყუეთ, ერთხელაც აღმოვაჩინოთ, რომ მცირე ტკივილი დაავადებაში გადაზრდილა და უბრალო გამაყუჩებელი აღარ გვშველის. ამ დროს უკვე ვნანობთ, რომ თავის დროზე არ ვკითხეთ სპეციალისტებს რჩევა და წავიყრუეთ.

 

ერთი შეხედვით, ბუნდოვანი შედარებაა, თუმცა,  საზოგადოება ხომ ერთი მთლიანი ორგანიზმია და მსგავსად ტკივილისა, ნებისმიერ პრობლემას დროულად სჭირდება გამოკვლევა, მკურნალობა, თორემ დაგვიანებულმა რეაქციამ, ზედაპირულმა მკურნალობამ – გამაყუჩებლებით ტკივილის დროებით განელებამ, შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს ორგანიზმისთვის.

 

და მე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი –  ვისთვის უსაქმური, ვისთვის ზედმეტად იდეალისტი და ვისთვის იმედი ვარ. იმედი იმისა, რომ მათი აზრი ჩემთვის საინტერესოა, მათი არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, ამ გაორებულ სამყაროში.

 

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი